როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა სანთელსაც კი ანგარებით ვანთებთ და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას ვევედრებით უფალს? თუ ერთხელ მაინც წაგვიცდა ხელი და სხვის სიკეთეზე ვიზრუნეთ, ათმაგად ამოვადენთ მოყვასს.
ყველანი ერთნაირები ვართ და კიდევ უფრო უარესები გავხდებით, თუკი "საჩინო სასმენელს" არ მივაპყრობთ უფალს.
ციალა (72 წლის): პატარა აღარა ვარ და სიკეთეც ბევრი მიკეთებია და ალბათ ცუდიც. დავდივარ ეკლესიაში, ვუსმენ მღვდელმსახურებს და მაინც ვერ გამირჩევია ავ-კარგი.
მარტოხელა ქალი ვარ, ქმარი მყავდა, მაგრამ შვილი არ მოგვეცა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ძმისშვილი შევიკედლე. ბინა კარგი მქონდა და აქედან - შემოსავალიც, სამ ოთახს ვაქირავებდით და ერთში ვცხოვრობდით. მერე ცოლი შეირთო და შვილებიც გაუჩნდათ. ცაზე ხელი მიწვდებოდა სიხარულით! ღმერთმა იცოდეს, არასოდეს არაფერი დამიყვედრებია. ჩემი ქმარი მდიდარი კაცი იყო და ძვირფასი ნივთიც ბევრი გვქონდა. ის გაჭირვებული წლები რომ იდგა, სათითაოდ გავატანინე და გავაყიდვინე, ოღონდ შვილებს არაფერი მოაკლო-მეთქი.
აბა, ერთ ოთახში როგორ დავეტეოდით და მხოლოდ ერთ ოთახს ვაქირავებდი. პენსიასთან ერთად წამლის ფულად მყოფნიდა. შემომიჩნდა, - ეგ ქირაც მე მომეციო. წამალი რომ დამჭირდა და ვთხოვე, მიყიდე-მეთქი, რა ამბავია ამდენი წამალი, მაინც არ მორჩები და რად გინდა, რომ სვამო. ჩემს თავზე მომიკვდა გული, რომ სიკეთე ვერ ვასწავლე. მაშინ კი ამოვიღე ხმა და ვუთხარი, რაც გულში აღარ მეტეოდა. შენი დაყვედრებული არაფერი მინდაო, წამოუსვა ცოლ-შვილს ხელი და დედამისთან გადაბარგდა. ახლა ისინი გამებუტნენ, გამოაგდეო. სიბრაზემ რომ გადაუარა, უკან მოინდომა დაბრუნება, მაგრამ მე აღარ მოვუშვი.
ახლა მარტო ვარ. კი მიჭირს, მაგრამ... არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა....
თორნიკე (23 წლის): დედაჩემი ძალიან კეთილი გულის პატრონია და ამის გამო განსაცდელში ხშირად იგდებს თავს. მამაჩემი ეჩხუბება, ქალო, რით ვერ ისწავლე ჭკუა, ხომ ხედავ, შენი მადლობელი არავინააო. ცოტა ხნით ახსოვს ადამიანთა უმადურობა, მაგრამ მალევე გადაუვლის და თუკი ვინმეს გაჭირვებას ნახავს, ზედ გადაეგება. მერე გული სწყდება და საყვედრებელ სიტყვასაც ამბობს. ალბათ ზომიერებაა ყველაფერში საჭირო და მაშინ არ დაგწყდება გული.
მეზობლები გვყავს, ძალიან უჭირდათ და დედაჩემს ბაზრიდან ერთი პარკი რომ ჩვენთვის მოჰქონდა, მეორეს იმათ მიუცუხცუხებდა ხოლმე. თან ბაზარში მამას არ გაიყოლებდა, რომ არ დაეშალა. ჰოდა, ერთხელ ფული შეაგროვა, 200 ლარამდე, რაღაცის ყიდვას აპირებდა და გახარებული იმ მეზობელს მოუყვა. იმანაც იწუწუნა, გადასახადს ვერ ვიხდი, დენს ჩამიჭრიან, ბანკის ვალი მაქვსო და ჩვენ მშიერი დაგვტოვა, კაპიკ-კაპიკ ჩაუთვალა სიმწრით ნაგროვები გროშები. დაუბრუნა კი არა, რომ შეახსენა, აქეთ გამოლანძღა. მაშინ კი იკადრა დედამ და შეახსენა თავისი პატივისცემა, მაგრამ უარესი მიიღო: ვინ გეხვეწებოდა, შენი მათხოვარი ვინ იყოო.
ყვედრება ცუდია, თუ სიკეთეს აკეთებ, არც უნდა გაიხსენო, მაგრამ ვფიქრობ, არც უმადურობაა უკეთესი საქციელი.
ნინო (35 წლის): იმისთვის ჩნდები, რომ სიკეთე აკეთო, მაგრამ ჩვენი დანიშნულება ხშირად გვავიწყდება. ისეც ხდება, რომ ბედნიერი გგონია ადამიანი, რადგან სიმდიდრე აქვს, მაგრამ შესაძლოა, სხვებზე უბედური იყოს.
ერთი მეგობარი მყავს, მშრომელი და გონიერი ქალია, ქმარიც ასეთი შეხვდა და ბიზნესი ააწყვეს. ძალიან გამდიდრდნენ, მაგრამ ეს მათთვის არც სიამაყის წყარო გამხდარა და არც გამორჩეულობის განცდა გასჩენიათ, პირიქით, დადიან და გაჭირვებულებს ეხმარებიან. უთქვამთ კიდეც, რაც უფრო მეტი წარმატება გვაქვს, მით უფრო გვეშინია და მოგებული ფული უნდა გავცეთო. ახლა ეს რატომ მოვყევი - ირგვლივმყოფები ისე ამადლიან ყველაფერს, თითქოს მათი მიცემული იყოს. ეს მით უფრო საკვირველია, რომ დაუყვედრებლად და უსაყვედუროდ დახმარებიან, ვისაც კი რამე უთხოვია.
თეონა (33 წლის): თუ ყვედრება არ ვარგა, უმადურობა უკეთესია? მართალია, ცოტაა სიკეთის მკეთებელი და უანგაროდ მადლის გამცემი, მაგრამ ეს ალბათ იმიტომ, რომ უმადურთაგან სიკეთის ნაცვლად პანღურს იღებენ. ჩემს სიკეთეს რომ ვერ დაინახავ, შენს გულს რომ ვერაფრით მოვიგებ, ძნელია არ შეგახსენო. ამის დათმენას დიდი სულიერება სჭირდება, ალბათ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი