მორწმუნე ერმა იცის, რომ "ვერ შემძლებელ არს", ჩასწვდეს უფლის ნებას, თუმცა, როცა ჩვენი ცოდვებისთვის დავსჯილვართ ან განსაცდელი შეგვმთხვევია, ყოველ ჩვენგანს დასცდენია - რატომ, უფალო?! არიან რჩეულნიც, რომლებიც იტყვიან - გმადლობ, უფალო!
ჩვენი ურჯულოება ღვთის ნება ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ მისგან თავის დახსნა გვწადია, უფალს ვევედროთ: "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი..."
ზაირა (62 წლის): უფალს არასოდეს ნებავს ადამიანის დაღუპვა, გინდაც სულიერად, გინდაც ფიზიკურად. უფალს ჩვენი გადარჩენა უნდა და ცდილობს, იღვწის ამისთვის, მაგრამ თუ მისი ნება ჩვენსას არ ემთხვევა, უჭირს ჩვენი დაყოლიება. ადამიანი, რომელიც ეკლესიაში იწყებს სიარულს, ნელ-ნელა იძენს ცოდნას, მაგრამ ეშმაკი არ ასვენებს და ათასგვარ ეჭვს მოუვლენს. ჩნდება კითხვები, რომლებზე პასუხიც ჩვენს სულშია საძიებელი, მაგრამ სულში ჩახედვა და საკუთარი თავის გამტყუნება ძნელია. ძალიან ხშირად გვიჭირს, ცოცხალს მეტი ყურადღება დავუთმოთ, მეტი სითბო და სიყვარული ვაჩვენოთ, მაგრამ როცა უფალი მასთან განგვაშორებს, ღრმა მწუხარებაში ვვარდებით. მიცვალებულის პატივისცემა ქრისტიანული ვალდებულებაა, მაგრამ თუკი ეს შეგვიძლია, რატომ ვერ ვახერხებთ უფრო მეტად გვიყვარდეს ჩვენიანი, ადამიანი და აღვასრულოთ უფლის ნება - გიყვარდეს მოყვასი შენი! ადამიანი ხშირად საკუთარი ნებით მიდის სიკვდილისკენ - ლოთობს, ნარკომანობს და როცა მისი აღსასრული დგება, უფალს უნდა დავაბრალოთ?
მაგული (55 წლის): უფლის ნებაც და ადამიანებთან დამოკიდებულებაც მისივე მცნებებშია გადმოცემული. გვირჩევს, გვარიგებს და როცა არ ვიჯერებთ, განსაცდელსაც არ აყოვნებს. ჩვენ რომ ამ განსაცდელის მიღება მშვიდად შეგვეძლოს, უფრო იოლად დავაღწევდით თავს და ემოციამოჭარბებულები ახალ შეცდომებს არ დავუშვებდით.
მამაჩემი თანამდებობის პირი იყო - დიდი ხელფასითა და პრივილეგიებით. ჩვენი ოჯახი ჩვენს პატარა ქალაქში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის, რაზეც ჩემი თანატოლები ოცნებასაც ვერ ბედავდნენ, ჩვენთვის ადვილად მისაღწევი იყო.
მამა უცებ ინფარქტით გარდაიცვალა. მე მაშინ მე-3 კლასში ვიყავი და საშინლად განვიცადე. ღმერთი ჩვენთვის არ არსებობდა და მას როგორ დავაბრალებდი. მოგვიანებით, როცა სტუდენტი გავხდი და ღმერთის არსებობაში ეჭვი აღარ მეპარებოდა, გამიჩნდა კითხვა - რაში სჭირდებოდა უფალს ჩვენი დაობლება ან რატომ არ შეუშალა ხელი მამაჩემის სიკვდილს. ამ ფიქრმა ისე შემიპყრო, ერთი პერიოდი ეკლესიაში ვერ შევდიოდი. უფალი არ გვტოვებს და აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამეზე დავფიქრდი - იქნებ მიზეზი თვითონვე იყო? როცა დედას გამოვკითხე, მივხვდი, მამას პატივმოყვარეობამ წაართვა ის დღეები, ჩვენთან რომ უნდა გაეტარებინა. თურმე უფრო მაღალ თანამდებობაზე წარუდგენიათ, მაგრამ შემდეგ სხვა დაუნიშნავთ და ისე უნერვიულია, გული გასკდომია. აბა, დავფიქრდეთ: გვეუბნება სადმე უფალი, ძალაუფლებას თავი შესწირეთო?
პეტრე (60 წლის): ცხოვრებას თავისი წეს-კანონი აქვს. ეს კანონები უფლისმიერია და მერე ხალხმა ტრადიციად აქცია. მე დიდი განათლება არ მიმიღია, მაგრამ ვიცი, ტრადიციას, უფროსუმცროსობის, ცოლქმრობის, მამაშვილური და დედაშვილური ურთიერთპატივისცემის წესის დაცვას რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს. ამ ბოლო დროს ძალზე გახშირდა ცოლ-ქმარს შორის განხეთქილება. ოჯახს ჰაიჰარად შექმნიან და ერთ წელიწადში ერთმანეთს შორდებიან. უფროსებისგან გამიგონია, ცოლქმრობის ბედი ზეცაში წყდებაო. ჰოდა, დალოცვილო, თუ ზეცაში წყდება, ჯვარს იწერ და უფლის წინაშე ერთგულების, მორჩილების ფიცს იძლევი, მერე რა გემართება, რომ არავის სცემ პატივს, არც შვილი იცი და არც ოჯახის უფროსების რიდი გაქვს?!
დედა რუსი მყავდა, მამა - სამტრედიელი. ცოლად სანამ შეირთავდა, თურმე კაკალ-კაკალ გააცნო ჩვენი წეს-ჩვეულებები. თუ მოგწონს და შეძლებ შესრულებას, დაფიქრდი და პასუხი ისე მომეციო. დედამ ხუთი ქართველი გაგვაჩინა და არ მახსოვს, ჩვენს ოჯახში ხმამაღალი სიტყვა თქმულიყო. ცოლქმრობა უფლის ნებაა და ეს თუ იცი, დაემორჩილე და ნუ დრტვინავ. ეს კაცსაც ეხება და ქალსაც.
მიხეილი (30 წლის): უფლის ნება ყველაფერში ვლინდება. მე ექიმი ვარ და ვიცი, უფალს სურს, ადამიანმა იცოცხლოს, იცხოვროს, მაგრამ ყოველდღიურობამ ისე არ უნდა ჩაგვითრიოს, მთავარი დაგვავიწყდეს. ექიმი ხარბი და უცოდინარი არ უნდა იყოს. თუ ასეა, ნუთუ ეს უფლის ნებას უნდა მივაწეროთ?! ეს ხომ ადამიანის უსულგულობა და უსინდისობაა?! რა გიშლის ხელს, რომ მეტი იმუშაო შენს თავზე და ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდო? ზოგიერთი ფიქრობს, ექიმი ვერაფერს გიშველის, რადგან სიკვდილ-სიცოცხლის დრო განსაზღვრულიაო. ეს რომ ასე ყოფილიყო, უფალი რატომ დაეხმარებოდა ადამიანებს, დაეძლიათ უამრავი სასიკვდილო სენი? ბევრი რამ არის შეუცნობელი, მაგრამ უფრო მეტად რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და უფალი, ალბათ უფრო მეტს შევძლებდით!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი