ორი ადამიანიც რომ შეიკრიბოს ღვთის სადიდებლად, მათ შორის უფალი სუფევს. ეკლესია ხომ, უწინარეს ყოვლისა, მრევლია, მორწმუნეთა კრებული. ყოველმა მორწმუნემ იცის, რამოდენა სიხარულია, იყო ეკლესიის წევრი და მოყვასისთვის იღვწოდე.
ხათუნა, 59 წლის: მთელი სიცოცხლე პროფესიის სრულყოფილად დაუფლებას მოვანდომე და როცა მეგონა, რომ ბოლოს და ბოლოს ნამდვილ სპეციალისტად ჩამოვყალიბდი, სწორედ მაშინ მოგვიხურეს კარი. გაოგნება სასოწარკვეთილებამ შეცვალა, სასოწარკვეთილება - უქმად ყოფნის სიმწარემ და მივხვდი, თავისთვის რაღაც უნდა მეშველა. ჩვენი საესავი უფალია და მეც ეკლესიას მივაშურე. ეს ტაძარი ჩემს სახლთან ახლოს არის და მისი მრევლი უმთავრესად ჩვენი უბნელებისგან შედგება. ჩვენი საქმიანობა მხოლოდ წირვა-ლოცვაში ერთობლივი მონაწილეობით არ ამოიწურება - ჯგუფობრივად ვკითხულობთ ფსალმუნებს, სალოცავად დავდივართ სხვადასხვა ეკლესიაში და, რაც მთავარია, ვიზიარებთ ერთმანეთის გასაჭირს. ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ და ამან გამიადვილა კი არა, გამიხალისა ცხოვრება.
მაყვალა, 40 წლის: მე "მეათერთმეტე ჟამის მევენახე" ვარ, გვიან მივედი ტაძარში, გვიან შევიყვარე უფალი. სანამ განსაცდელმა კარზე არ მომიკაკუნა, ამაზე არც მიფიქრია... როცა ექიმმა მკერდის კიბოს დიაგნოზი დამისვა, მივხვდი, ეს ცხოვრება არაფერი ყოფილა, თუმცა მანამდე ჩემი სახლი, ჩემი ანტიკვარული ავეჯი და ჭურჭელი ყველაფერი მეგონა. ქვეშეცნეულად წმინდა პანტელეიმონის ტაძრისკენ გავეშურე. ჩემი აცრემლებული თვალები რომ დაინახეს, მანუგეშეს: უფალი ყოვლადმოწყალეა, შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდაო. ამ სიტყვების აზრი ვერ გავიგე, მაგრამ მერე დიდხანს ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ განსაცდელიც კი ჩვენთვისვეა საჭირო. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა... ახლა იმ ტაძრის დიდი მრევლის ერთი უმნიშვნელო წევრი ვარ. უფლის წყალობითა და წმინდა პანტელეიმონის შეწევნით ცოცხალი და საღ-სალამათი გახლავართ. ახლა რას ვაკეთებ? - ჩემს სულიერ დებსა და ძმებთან ერთად ვლოცულობ გაჭირვებულთათვის, ავადმყოფთათვის, რეგულარულად ვესწრებით ჯანმრთელობის პარაკლისებს. მათთან ერთად დავდივარ უპატრონო ავადმყოფების მოსანახულებლად საავადმყოფოებსა თუ სახლებში. მეტი რა შემიძლია...
დარეჯანი, 60 წლის: ახალგაზრდობა ისე გავლიე, სახლიდან ცხვირის გამოყოფის საშუალება არ მქონდა. ხუთი შვილი გავზარდე და აბა, რას "მოვიცლიდი" ეკლესიაში სასიარულოდ. ტაძარში მას შემდეგ მივედი, რაც შვილი მომიკლეს. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩემი დიმიტრი, ანგელოზი რომ მეგონა, კრიმინალი გამოდგა. შვილის სიკვდილი, თუნდაც ბოროტმოქმედის, ღმერთმა ნურავის განაცდევინოს! დარჩენილი ძალა იქით მივმართე, რომ როგორმე შვილი ჯოჯოხეთისგან მეხსნა... ასე გავხდი ბეთლემის ეკლესიის მრევლი. ჩემსავით შვილმკვდარი დედების იმედმა და სასოებამ რწმენა შემმატა და ახლა იქაურობა ჩემი მეორე სახლია. უფალთან ჩვენი სავედრებელი შვილების წესიერება და კარგად ყოფნაა. არა მარტო შვილების, ყველასი. სწორედ ეკლესიამ, ჩემმა სულიერმა დებმა და ძმებმა შემაძლებინეს, გადამეტანა ეს უმძიმესი განსაცდელი და სულით არ დავცემულიყავი.
მიხეილი, 26 წლის: მრევლის წევრობა, ჩემი აზრით, ძალზე ძნელი და საპასუხისმგებლოა. ეკლესიაში ხშირად დავდივარ, არც წირვა-ლოცვას ვაკლდები, მაგრამ მაინც ვერ შევძელი, მრევლის ღირსეული წევრი გავმხდარიყავი. ჩემი ასაკის ბიჭები საგალობლებს სწავლობენ, ერთად დადიან მონასტერში, ბერებთან ცხოვრობენ და ეხმარებიან, პატიმრებს ინახულებენ ხოლმე, სანოვაგეს უგზავნიან... მე ამას ვერ ვახერხებ, თუმცა სურვილი მაქვს. მათი საქციელი ჩემში საღვთო შურს იწვევს. იქნებ სწორედ ისინი დამეხმარონ, მეც გამოვნახო დრო და მათი მიმბაძველი გავხდე.
ელენე, 50 წლის: ძალიან დაძაბული და დამღლელი სამსახური მაქვს, შინაც უამრავი საქმეა, მაგრამ შაბათ-კვირის დადგომას ისე ველი, რომ ყველაფერი მავიწყდება. ჩემი მრევლის წევრები ჩემი ახლობლები გახდნენ. მათთან ყოფნისას სიმშვიდე და ნეტარება მეუფლება. თუ, ჩვეულებრივ, ხალხთან კონტაქტი მიჭირს, მათთან გულწრფელი და გულღია ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ ჩვენს შორის ღმერთია. მე ჯერჯერობით ვერ ვახერხებ მათსავით აქტიურ ცხოვრებას, მაგრამ ღვთის იმედი მაქვს. ისინი რას აკეთებენ? შემწეობას აგროვებენ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ხშირად საოჯახო საქმეებშიც ეხმარებიან, კოლექტიურად ლოცულობენ ცოცხლებისთვის თუ მიცვალებულთათვის, ერთად დადიან სიწმინდეების მოსანახულებლად და, რაც მთავარია, ერთმანეთს იცავენ. რისგან? - მოგეხსენებათ, ეშმაკი მორწმუნეს უფრო ებრძვის, ვიდრე ურწმუნოს, ჰოდა, სხვადასხვა დროს იყო შემთხვევა, როცა მრევლის წევრი სექტანტობისკენ გადაიხარა. მართლმადიდებლობისთვის უცხოა დაძალება, განკითხვა, მაგრამ გაძლიერებული ლოცვით, შეცდომილ სულთან ახლო ყოფნით ყველაფერი მიიღწევა.
დათო, 25 წლის: ღვთისმშობელი ობოლთა უხილავი მზრდელია. ასე გამზარდა მეც. მერე ეკლესიაში მიმიყვანა და ჩემი თავი იქ მყოფებს ჩააბარა. ახლა მე უამრავი დედა და მამა, და და ძმა მყავს და ისინი მეხმარებიან, სულიერად მაყალიბებენ. როცა ახალგაზრდული სურვილები მომეძალება და საეშმაკო გართობისკენ გამიწევს გული, მათ სახეებს ვხედავ... მე ასე ვფიქრობ: ადამიანთა საკეთილო ერთობას ყველაფერი შეუძლია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი