არავინ იცის, სად გადის ზღვარი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის და იმ დროს, როცა ზეცისკენ მიმავალი ჩვენი სული დაბნეული და გაოგნებულია, ღვთისმშობელი გამოგვიწოდებს ხელს, თუკი მას სიცოცხლეში სასოებით მივმართავთ და შემწეობას შევთხოვთ.
ღვთისმშობელია ობოლთა მწე და ყარიბთა მეოხი, დედის სახისა და სურნელის მატარებელი.
ნინელი (46 წლის): ბებიაჩემი მაკრინე ღრმა მოხუცებული გარდაიცვალა. ხშირად ვიმართლებთ თავს, კომუნისტებმა დაგვხიეს უკან რწმენაშიო, მაგრამ ისიც ხომ იმ დროს გაიზარდა და ჩამოყალიბდა.
ერთ ამბავს იხსენებდა: "მაშინ ბავშვი ვიყავი, ჩვენს სოფელში ეკლესიის დასაწვავად ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ. ულამაზესი პატარა საყდარი გვქონდა სოფლის ბოლოს, მწვანეში ჩაფლული. იქვე სასაფლაოც იყო და გვიხაროდა ბავშვებს საფლავის ხავსმოდებული ქვების თვალიერება და წარწერების კითხვა. დედას საყდარში რომ მივყავდი, იქ ერთი კუთხე მქონდა ამოჩემებული, იქ დავდგებოდი ხოლმე, ღვთისმშობლის ულამაზესი ხატის ქვეშ. ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს მეფერებოდა, თავზე ხელს მისვამდა. მეც ვეხვეწებოდი, დედა მიცოცხლე, თუ რამე განსაცდელი ელოდება, დაიფარე-მეთქი. ბებიამ დამარიგა ასე - ერთხელ მამა ტყეში იყო გასული შეშის საჭრელად და შევშინდი. ღმერთს ბავშვურად შევემუდარე, მამას ნუ მომიკლავ-მეთქი და ბებიამ დამტუქსა: ღმერთი არავის კლავს, მფარველობა სთხოვე ბოროტისგან დასაცავადო. მას შემდეგ ასე ვლოცულობდი.
იმ საშინელ დღეს დიდი ცეცხლი ააბრიალეს და ყველას დაგვიძახეს. ვინც არ მოვიდოდა, ძალით მიჰყავდათ. მეც წავყევი დედას. სხვა ბავშვებიც იქ იყვნენ. შეძრწუნებულები ხალხის უკან ვიმალებოდით. რაღაცები გამოჰქონდათ ტაძრიდან და აგერ, ჩემი ღვთისმშობელიც დავინახე. გონება დავკარგე და დედას დავუსხლტი. იმ უღმერთო მხეცებმაც ვერ შემაჩერეს, ცეცხლში ჩავხტი და ხელებს მისკენ ვიშვერდი... ვერ გადავარჩინე, მაგრამ მეორე ხატს მივწვდი. უკვე ცეცხლი მეკიდა, მაგრამ გულში მქონდა ჩაკრული და ვკიოდი.
გონს რომ მოვედი, დედაჩემი და ჩემი გადარჩენილი ხატი დავინახე. ის ოხრები წასულიყვნენ. ეტყობა, შეშინდნენ, ხალხის რისხვას აერიდნენ.
მას შემდეგ დამჩემდა და სულ იმ ჩემს ღვთისმშობლის ხატს ველაპარაკები, ბოდიშს ვუხდი. ისიც მანუგეშებს..."
მართლა ასე ლაპარაკობდა ბებია, ძილშიც და ცხადშიც, თითქოს ყველაფერს ღვთისმშობლის დასანახად და თავმოსაწონებლად აკეთებდა. ჩვენც ასე გვარიგებდა: ახლა დედა გიყურებთ და თქვენი უწესობა არ მოეწონებაო. დედას ეძახდა.
ოთარი (68 წლის): მამაჩემი გიორგი 100 წლის ხდება. ამას თითქოს ღვთისმშობელთან არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ თვითონ აქვს ისეთი რწმენა, რომ ღვთისმშობელმა გაზარდა. საქმე ის გახლავთ, რომ ადრე დაობლებულა, სულ პატარას მოკვდომია დედა. მამა მათემატიკოსი იყო, ქალაქში ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი. იმ დროში გაზრდილი კაცი ცოტა სხვანაირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისთვის მართლმადიდებლობა და მასთან შერწყმული ქართველობა იყო ცხოვრების საზრისი. შვილებსაც ასე გვზრდიდა და შვილიშვილებსაც. როცა რამეზე ვნერვიულობთ, გვამშვიდებს, - ილოცეთ და ყველაფერი მოგვარდებაო. სიკვდილისთვის ისე ემზადება, თითქოს ქორწილში აპირებდეს წასვლას - ეს ჩამაცვით, ამ დროს ასე მოიქეცითო... ერთხელ ჩემმა ბიჭმა ჰკითხა, არ გეშინია, ბაბუო. არა, იქ დედა ღვთისა დამხვდება და უფალთან წარმადგენსო. ბოლო დროს ყოველდღე კითხულობდა ლოცვას ღვთისმშობლისადმი, მერე თვალთ დააკლდა, ნაწერს ვეღარ ხედავს და ჩვენ გვაკითხებს. ეს ლოცვა სიკვდილის შემდეგ ღვთისმშობელთან გახვედრებს.
მანონი (30 წლის): ღვთისმშობელი, ვფიქრობ, არა მარტო ქართველთა, არამედ ყველას მეოხია. თუმცა ალბათ უდიდესი საიდუმლოა ის, თუ რატომ გამოიჩინა ასეთი დედობრივი ზრუნვა საქართველოს მიმართ. მაშინდელი წარმართული, ბნელი ქვეყანა იმსახურებდა კი ასეთ სიყვარულს? ძალზე ხშირად იმაზეც მიფიქრია, მიძინების დრო რომ არ დასდგომოდა, ღვთისმშობელი თავად გამოემგზავრებოდა ჩვენთან? ალბათ, კი...
ელენე (52 წლის): ღვთისმშობელმა დიდი განსაცდელისგან მიხსნა, მაგრამ მე უძღები შვილი ვარ. სინანულის გრძნობა მიპყრობს იმის გამო, რომ ვერ ვლოცულობ, ეკლესიაში ხშირად ვერ დავდივარ... აქაც ღვთისმშობლის იმედი მაქვს, იქნებ მისმა მეოხებამ დამაძლევინოს უდებება, გონებაგაფანტულობა და სხვა ის თვისებები, რომლებიც დედა ღვთისასგან მაშორებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი