სიცრუე, ორპირობა, განკითხვა უდევს საფუძვლად ღალატს. ღალატი, ისევე როგორც ნებისმიერი სიავე, მრავალწახნაგოვანია, მაგრამ ყველაზე წამახული ალბათ სარწმუნოების ღალატია.
ქრისტეს რჯული ჩვენი ფარი და მახვილი იყო და, ვიმედოვნებ, რიტორიკად არ ჩამომართმევთ, თუკი ვიტყვი, რომ სწორედ იგი გახდა ლიბო ქართული სახელმწიფოს არსებობისა.
სვიმეონი (60 წლის): ღალატმა ბევრჯერ დაგვაკარგვინა სახე, ბევრჯერ მოგვთხარა და გაგვანადგურა. ახლა წინაპრების განქიქებას არ შევუდგები, - მათ მისაგებელი უკვე მიიღეს, - მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაში ღალატზე როგორ არ ვთქვა?!
ერთი გადასარევი მეზობელი მყავდა - თბილი, გემრიელი ოჯახი იყო, ეკლესიურადაც ცხოვრობდნენ. მერე რა შეუჩნდათ, არ ვიცი, მაგრამ უცხო ხალხმა დაიწყო ფუთფუთი მათ ოჯახში, შედიოდნენ და გამოდიოდნენ. რაღაც უცხო ხმებიც ისმოდა, ლოცვას მივამსგავსე. მღეროდნენ კიდეც. ერთხელ დიასახლისი შემოვიდა - ჩემს ცოლთან მეგობრობდა - და დაგვიწყო ტკბილად ბაასი. ღმერთი ვიპოვეო. რა პოვნა უნდოდა, 20 საუკუნეა ნაპოვნი გვყავს-მეთქი. მთლად შეტევაზე ვერ გადავედი, რადგან დანამდვილებით არ ვიცოდი, რა უტრიალდება თავში. მოჰყვა და მოჰყვა, სიტყვას ვერ ჩააგდებდი! მერე ასე დაასრულა: წამყევით და ნახავთ, თქვენც იპოვით ღმერთსო. ამ სიტყვებს კაჭკაჭივით იმეორებდა და მივხვდი - ფსიქოლოგიური ზეწოლის ასეთ ხერხს მიმართავდნენ. ღმერთი იპოვე კი არა, დაგიკარგავს-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ შემეცოდა და უფრო მკაცრად ვერ მოვექეცი.
ასეა შემოპარული ათასგვარი იდეოლოგია და ჩვენ რომ არხეინად ვართ, ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ.
ლელა (35 წლის): ღალატი, სიტყვის გატეხა ყველა ბოროტების საწყისია. რუსთაველს მოვიშველიებდი, რადგან ყველა ახალგაზრდამ არ იცის სიცრუესა და ღალატზე მისი აზრი: "კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელადო". ასეთი დიდი ჰუმანისტიც კი სასიკვდილოდ იმეტებს სიცრუის მღაღადებელს. ღალატი მეტად გულსატკენია, იქნება ეს მეგობრის, მეუღლისა თუ ნებისმიერი ადამიანის. ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ როცა სხვას განვიკითხავთ, ამით ვღალატობთ მას. თუ ვაჟკაცი ხარ, მიდი და ამხილე, ეს ხომ ღვთისთვისაც სათნოა, და თუკი გაბრაზდება და გაფიცხდება, არა უშავს, შენ ხომ საკუთარ სინდისთან პირნათელი იქნები! მე თვითონ ტყუილების გუდა ვიყავი. იყო თუ არა საჭირო, ვცრუობდი და ამის სულაც არ მრცხვენოდა. ისე, რომ ამბობენ, ყველანაირი ტყუილი ბოროტებააო, არ ვეთანხმები.
ბებიაჩემს კიბო ჰქონდა, მაგრამ ვერ ვუმხელდით. დედაჩემი ტირილით კვდებოდა. მერე პირს დაიბანდა, რომ ნამტირალევი არ დასტყობოდა და გაღიმებული შედიოდა ოთახში. ბებო თვალებში გვიყურებდა, ჩვენ კი ვთვალთმაქცობდით. არა მგონია, ეს ღალატი იყოს ანდა ამგვარი სიცრუე - დასაძრახისი...
ჩემს ტყუილებზე დავიწყე და აღარ გავაგრძელე. ერთხელ ისე მოვიტყუე, კინაღამ ოჯახი დავანგრიე. ერთ მეზობელზე ვთქვი, ახალგათხოვილ გოგონაზე, ძველმა შეყვარებულმა მოაკითხა-მეთქი. მაშინ მეც ბავშვი ვიყავი და ვიხუმრე, თუმცა ამას კინაღამ სავალალო შედეგი მოჰყვა.
დარეჯანი (57 წლის): ადამიანურ ურთიერთობებს დიდი გაფრთხილება სჭირდება. ქრისტიანი ყოველთვის გაფაციცებული უნდა იყოს, რომ უნებურად არ უღალატოს ახლობელს, მეგობარს... ღალატია, როცა საერთო საქმეს გამოაკლდები, ზარმაცობ და შენს საქმეს სხვებს აჰკიდებ. ღალატი არ არის შეცდომები დედაშვილობაში, მამაშვილობაში?
ერთი ახლობელი მყავს. გადასარევი ბიჭია, თბილი, მოსიყვარულე, მართლა უღალატო კაცი, ფუტკარივით მშრომელი, მაგრამ სახლიდან როდის გაიქცევა, ერთი სული აქვს. მეზობლად ცხოვრობენ და მისი ცოლი ჩემთან მოდის გულის მოსაოხებლად. განა ცუდ საქმეებზე დადის, შრომაც უყვარს, მაგრამ ბიჭი ეზრდება და ხომ სჭირდება ყურადღება?! ერთხელ ფრთხილად, მორიდებით მივეცი შენიშვნა, შვილთან უფრო ახლოს უნდა იყო, ერთი დღე მაინც დაისვენე, შვილი გაასეირნე, უკეთ გააცანი თავი-მეთქი. მერე საქმეს ვინ გააკეთებსო... ვითომ შვილთან სიახლოვე მისი საქმე არ იყოს! კარგი დედის გაზრდილი კარგია, მაგრამ მამამაც ხომ უნდა იცოდეს, რომ შვილისგან შორს ყოფნა შესაძლოა ცუდად შემოუბრუნდეს?!
ერთი ჩემი მეზობელი ნარკოტიკს ყიდის. გვერდით ცხოვრობენ და მესმოდა, როგორ უმტკიცებდა ერთ ნარკომანს, - არ გიღალატებო. ახლა ჩემს საქციელზე ვიტყვი - ღალატი არ არის, ამხელა ბოროტებაზე ხმას რომ არ ვიღებ?!
ასე რომ, ბევრი რამ არის ყურადსაღები.
ნინო (43 წლის): მე პირადად ძალიან გამიჭირდა განკითხვის ცოდვისგან თავის დაღწევა. როცა მოძღვარმა მკაცრად მითხრა, უფლის სამართალში ჩარევას თავი აარიდეო, ფიქრი დავიწყე. მივხვდი, ეს მოყვასის სიყვარული კი არა, სიძულვილი იყო. ახლა ვცდილობ, ნაკლები ვილაპარაკო. ამას როგორ ვახერხებ? - ისეთ მეზობელთან ან თანამშრომელთან, რომელსაც ვატყობ, განკითხვის ცოდვაშია ჩავარდნილი, ურთიერთობას თავს ვარიდებ.
ავადმყოფი რომ გყავს და არ უვლი - ღალატია. ვფიქრობ, ჩვენი ერთგულება სწორედ იმ გულისტკივილით გამოიხატება, რომელიც მოყვასის მიმართ გვიჩნდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი