წარსული რომ მომავლის ლიბოა, ყველამ კარგად იცის, ჩვენთან კი ეს ცოდნა და განცდა გაორმაგებულია - წინაპრები განსაკუთრებით გვიყვარს.
საქართველოში ხომ ყველაფერს სამომავლო მიზანი ჰქონდა და ისინიც ჩვენთვის ქმნიდნენ - მარცვალ-მარცვალ იკრიბებოდა ყოველი სიტყვა, ყოველი ჩუქურთმა, რომ მერე თაობებს გადასცემოდა. თუმცა იყო ბრძოლაც, აზრთა შეჭიდებაც... და მაინც, ყველა დროის საქართველოში, მიუხედავად ისტორიის ბედუკუღმართობისა, უფროსი თაობა პატივდებული იყო.
ნათელა (80 წლის): არაფრით მეგონა, თუ ამ ასაკამდე მოვაღწევდი, მაგრამ ახლა შვილიშვილები და შვილთაშვილები მახვევია გარს.
თაობათა შორის აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის და ყველა ქვეყანაში იქნება; საქართველო ამით სულაც არ გამოირჩევა. დედ-მამის პატივისცემას ათი მცნებაც გვასწავლის, ამას ტრადიციებიც ემატება, მაგრამ, ვფიქრობ, ამ მხრივ გამონაკლისი უკანასკნელი პერიოდია. თქვენც ხომ ხედავთ, რომ ის სათუთი დამოკიდებულება მშობლისადმი, ის სიყვარული და შიში, ჩემს დედ-მამას არაფერი მოუვიდეს, გული რომ ვატკინოო, აღარ არსებობს. მამაჩემი რომ სახლში შემოდიოდა, დედაც და ბავშვებიც ფეხზე წამოვდგებოდით. ამას არავინ გვაძალებდა, მაგრამ შესისხლხორცებული რიდი და პატივისცემა სხვანაირად მოქცევის უფლებას არ გვაძლევდა.
ამას წინათ ბანკში შევდიოდი. ჯერ ერთმა ყმწვილმა გადამიარა ლამის. ცოტა სული რომ მომეთქვა, შევყოყმანდი და კარის სახელურს ჩავეჭიდე. ახლა ერთი გრძელფეხება გოგო მოვარდა და თითქოს იქ სულაც არ ვმდგარიყავი, ისე შეიჭრა შენობაში. გული მეტკინა - კიდევ ერთხელ... ეს ხომ ჩვენი მომავალი თაობაა და ასეთი რომ არის, იმას ფიქრობ ძალაუნებურად, ამის შემდგომი რაღა იქნებაო.
ისე, ჩემი ერის ერთი ნაკლიც უნდა ვთქვა - გარდაცვლილი წინაპრები გვიყვარს, ცოცხლებს კი უბრალოდ და უანგარიშოდ ვტკენთ გულს. ერთხელ ტელევიზორში რაღაც გადაცემას ვუყურებდით მთელი ოჯახი. აზრი გამოვთქვი და ჩემმა შვილიშვილმა ბრძანა: ახლა მაგას თუ უსმინეთ, კარგად წაგივათ საქმეო. მაგან რომ იცის ახლა, იმდენი კი დამავიწყდა! ჩემია და იმიტომ ვამბობ, თორემ სხვისი განკითხვის რა უფლება მაქვს.
ილია (29 წლის): ხშირად გვსაყვედურობენ ახალგაზრდებს, უფროსების პატივისცემა არ იცითო. განა ცოტაა ახალგაზრდა, ისევე რომ უყვარს თავისი ქვეყანა, როგორც ჩვენს წინაპრებს უყვარდათ? მაგრამ ასპარეზი და საკეთებელი შეიცვალა - არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, როგორ ვემსახუროთ სამშობლოს. კაცურკაცობის კრიტერიუმებიც სხვაგვარია - სხვას რომ გამოესარჩლო, შეიძლება ციხეში მოხვდე. დიდი მამულიშვილების საქმენი საგმირონი ჩვენთვის სამაგალითოა. მაგრამ მარტო ეს რომ იყოს ჩვენი ერის ღირსება, აბა, ივარგებს? აგერ, აქამდე მოტანილი მამულიდან რაღა შეგვრჩა! ჩვენ ხელოვანი ხალხიც ვართ, მაგრამ არც ამას აქვს ახლა ფასი. ჩვენი წინაპრები ჩვენთვის არ იღვწოდნენ? მერედა სად არის მათი დაუღალავი შრომით ნაგები ეკლესია-მონასტრები? ძალა და ღონე რომ გვერჩის, რაიმეს კეთება რომ გვინდა და ხელფეხშებორკილები ვართ, გგონიათ, არ გვაწუხებს? თაობისა და საზოგადოდ ადამიანის ღირსება დახვეწილი მანერები, ზრდილობაცაა. გეთანხმებით, ცუდია, როცა ახალგაზრდა ვაჟი ან ქალიშვილი მოხუცს გზას არ დაუთმობს, მაგრამ როცა ასე არ იქცევიან, ნიშნის მოგება საქმეს ვერ უშველის. წინა თაობამ ეს იცოდა. ბაბუაჩემი მიყვებოდა: უნივერსიტეტში, პირველ კორპუსში გვქონდა ლექციები და მიწისქვეშა გადასასვლელით მეორე მხარეს გოგო-ბიჭები ერთად გადავდიოდითო. ერთხელ შუქი ჩაქრა, გვირაბში ჩამობნელდა და ბიჭები ერთად დავდექით, რომ გოგონებს ცუდად არ შევხებოდითო... ოჯახში ბევრ რამეს სწავლობ, მაგრამ მერე ყველაფრის გადაფასებაც ხდება.
ქართველებს ყოველთვის უჭირდათ საკუთარ მიწა-წყალთან განშორება, მაგრამ ახლა გადახვეწილია მთელი საქართველო. ერთი წელი ინგლისში ვსწავლობდი და აკაკის სიტყვები - "დედაშვილობას, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო!" - მთელი თავისი სიტკბო-სიმწარით შევიგრძენი. ვინმე ფიქრობს იმ ნიჭიერ ახალგაზრდებზე, რომლებიც თავიანთ ჭკუა-გონებას უცხოეთში ფანტავენ? ჩემთან ერთად ქართველი გოგონა სწავლობდა. ერთ შვეიცარიელს შეუყვარდა. უარი უთხრა. ჩავეძიე, რატომ-მეთქი. მსოფლიოს მწერლები ჩამომითვალა და რუსთაველი არც გაუგონიაო. ხომ გმირობაა, რომ ამის გამო ღარიბ-ღატაკი ოჯახის შვილმა მილიონერი შვეიცარიელის შვილის ცოლობაზე უარი თქვას? ასეთებიც არიან იმათ შორის, რომლებსაც არცთუ იშვიათად მოსამსახურეებს, მრუშებს, ქურდებს და ნარკომანებს ეძახიან...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი