"შეიცან თავი შენიო", - ბრძანებს უფალი. საკუთარი თავის შეცნობა ცოდვების შეცნობასაც ნიშნავს. ხოლო როცა მიხვდები, რამდენჯერ დაგირღვევია ზეციური კანონი, ენას დაადუმებ და სხვათა განკითხვას არ შეუდგები.
არადა, როგორ გვიყვარს სხვისი შეურაცხყოფა, გაკილვა, ნაკლზე მითითება... ერთიცაა - თუ ნაკლზე ჩუმად, სიყვარულით მივუთითებთ, ეს უკვე მხილებაა და მოყვასში იმ ნაკლის აღმოფხვრას ვცდილობთ.
თეონა (32 წლის): იმაზე საშინელი არაფერია, როცა დედა-შვილს შორის ხინჯი ჩნდება. თუკი ვინმე ცდილობს მათ შორის შუღლის ჩამოგდებას, დიდად სცოდავს. ახლაც, როცა ჩემს ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე ვლაპარაკობ, განკითხვაში ვვარდები, მაგრამ, მეორე მხრივ, გურამიშვილი მიმაგრებს ზურგს: "მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს..."
ჩემი ძმა სრულიად ახალგაზრდა, 18 წლისა იყო, ცოლის შერთვა რომ მოინდომა. მდიდარი ოჯახი არ გვქონდა, თანაც მაშინ დიდი გაჭირვება იყო. ღირსეულად ვუძლებდით, გაჭირვებას არ ვიმჩნევდით. იმ პერიოდში მეც მოვწონდი ერთ ყმაწვილს. თან ოთხი წლით ვარ უფროსი ჩემს ძმაზე და მამამ ურჩია, მოიცადე, შვილო, ჯერ თეონა გავათხოვოთ, მაინც გოგოა და უგვიანდება, შენ კი ჯერ რა გეჩქარებაო. ყური არავის ათხოვა და ერთ "მშვენიერ" დღეს ამბავი მოგვივიდა, გაიპარნენო. რაც არი არიო, - მამაჩემმა და პატარძალს ღირსეულად დავხვდით. მოგვიანებით ქორწილიც გადავუხადეთ. მალე მეც გავთხოვდი.
მერე კი დაიწყო, რაც დაიწყო. ჩემი ძმა, აქამდე თვალებში რომ შემოგვციცინებდა, ახლა დასანახავად ვერ იტანდა ვერც დედ-მამას და ვერც მე და ჩემს ქმარს. ერთხელ მშობლებთან მივედი. შინ არავინ იყო. შევედი და დავწექი. ჩამძინებოდა. ხმაურმა გამაღვიძა - ჩემი ძმა და რძალი მოსულიყვნენ. რძალი ხმამაღლა უყვიროდა, შენს დედ-მამასთან ცხოვრება არ შემიძლია, ვერ ვიტან ვერც ერთსო. რატომო, რომ ჰკითხა ჩემმა ძმამ, მოჰყვა და რას მოჰყვა - ალბათ დედაჩემი და მამაჩემი სიზმრად ვერ ნახავდნენ, ისეთი რამეები დააბრალა. ვერ მოვითმინე და გამოვედი. ყველაფერი პირში მივახალე ჩემს რძალს, მაგრამ არც იმას გაუტეხია იხტიბარი, ახლა მე მომდგა და ისე გამლანძღა, გახსენებაც კი არ მინდა. ასე წვეთ-წვეთად უშხამავდა სიცოცხლეს ჩემს ძმას და როცა ჩვენ გავიგეთ, უკვე გვიან იყო - წყალწაღებული ნარკომანი გამხდარა.
დედაჩემი დარდს გადაჰყვა, მამამ სმა დაიწყო. არც ის ქალბატონია ბედნიერი - ყველაფერი გაყიდეს და ახლა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ერთი შვილი ჰყავთ და ისიც - ავადმყოფი. მეც სიცოცხლე გამიმწარდა, ერთადერთი ძმა ასე რომ გამიუბედურდა...
გია (60 წლის): განკითხვა, ხალხურ ენაზე, ჭორაობაა, ხომ? ჰოდა, ამ ერთი შეხედვით "უმტკივნეულო" მითქმა-მოთქმას უმძიმესი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
ჩემი მეგობრის ულამაზესი ოჯახი სწორედ სხვათა ცნობისმოყვარეობამ და მერე ამას მოყოლილმა განკითხვამ დაანგრია. ულამაზესი წყვილი იყო - თბილისში გამორჩეული. ორი შვილი ჰყავდათ. ერთხელ ქეთიას (სიყვარულით ასე ვეძახდით) სოფლიდან შორეული ნათესავი ჩამოსვლია და ერთმანეთს ქუჩაში შეხვედრიან. ერთად იყვნენ გაზრდილები და ქეთიაც ესიყვარულებოდა თურმე ბიჭს - ჩაეხუტებოდა, აკოცებდა... მერე შინ წაუყვანია. ასადილა და ბიჭიც წასულა. ქმარი ამ დროს შინ არ ყოფილა.
ერთი უკუღმართი მეზობელი ჰყოლიათ. ქუჩაშივე შეუმჩნევია ისინი. მერე ბიჭი სახლიდან გამოსული დაუნახავს... და აგორდა, მაგრამ რა აგორდა! მთელი საძმაკაცო ჩავერიეთ, მაგრამ მერე ქეთევანმა ააგდო ქვა, ასეთი რამ როგორ მკადრეო, და დაინგრა ოჯახი.
ნათია (16 წლის): ეკლესიაში ხშირად დავდივარ, ვმარხულობ და ვეზიარები კიდეც. უფალი მიყვარს და მადლობელი ვარ, რომ დედა გადამირჩინა.
ჭორაობა თუ მიყვარს? ვერ დავმალავ, მიყვარს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სმს-ებს ვწერთ ერთმანეთს დაქალები - ხან ერთს ვაკრიტიკებთ, ხან მეორეს, მაგრამ ერთმანეთისგან არაფერი გვწყინს.
ერთხელ კი მაგრად მომხვდა - ეტყობა ისე შევეჩვიე ენის მიტან-მოტანას, დედაჩემს ვუთხარი, მამიდაჩემმა ასე და ასე თქვა შენზე-მეთქი. მამიდა მაშინ გაუთხოვარი იყო და ერთ სახლში ვცხოვრობდით. დედას და მამიდას არასოდეს უჩხუბიათ, მაშინ კი დასცხეს ერთმანეთს. ეს ამბავი ძალიან მეწყინა და დედას ვუთხარი, მოგატყუე-მეთქი.
მას შემდეგ ენის მიტანა მოვიშალე, მაგრამ ჭორაობა თუ ბოროტება იყო, არ დავფიქრებულვარ. ჩემი მოძღვარი კი გვიშლის, მაგრამ ხანდახან მავიწყდება მისი ნათქვამი. ვეცდები, მთლად თუ ვერ მოვიშლი, ისეთი რამ მაინც არ ვთქვა, რაც ვინმეს ზიანს მიაყენებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი