ყველა ტკივილის, ადამიანთა მოდგმას რომ აწუხებს, სალბუნი უფალშია. სიკვდილი საშინელი განსაცდელია. როცა შენგან ახლობელი მიდის, სამყარო ცარიელდება...
ალბათ იმიტომ, რომ ერთი ადამიანის ადგილს მეორე ვერ დაიჭერს - თითოეული ჩვენგანი ხომ განუმეორებელია. სიმშვიდისა და ნუგეშის პოვნა ამ დროსაც უფალსა და ღვთისმშობელშია შესაძლებელი.
ბორისი (43 წლის): განსაცდელთა დროს ლოცვაა ის ძალა, რომელიც შვებას გგვრის და უფალთან გაახლოებს. ლოცვა სასოებით უნდა წარმოვთქვათ - უფალი შეისმენს და განსაცდელს სიხარულით შეგვიცვლის, თუ, რასაკვირველია, ეს ჩვენს სულს არ ავნებს. ქრისტიანულ მოძღვრებაში ჩაუხედაობა კი ძალზე ხშირად გვაბნევს და სწორ გზას აგვაცდენს.
მე ათეისტი ვიყავი, არაფერი მწამდა. არა, ვერ გეტყვით, რომ არაფერი - ფროიდით ვიყავი გატაცებული, ვერც დარვინის მოძღვრებას ვღალატობდი და ადამიანი მართლა მაიმუნისგან მეგონა წარმოქმნილი. ერთხელ ქუჩაში მივდიოდი. ვიღაც დამეწია - ღმერთზე და იმ პრობლემებზე დამიწყო ლაპარაკი, უღმერთობის გამო რომ მოგვეძალა. მართალია, დიდად ვერაფერში ვერკვეოდი, მაგრამ ასეთი ტყუილი გამიკვირდა - მე მორწმუნე არ ვარ, მაგრამ საქართველო უღმერთო რატომაა, ორი ათასი წელია მართლმადიდებლური ქვეყანაა-მეთქი. სწორედ ეგ არის საქმე, რომ არასწორი გზით მიდის და იმიტომაც ისჯებაო. გადავწყვიტე, მომესმინა. ინტერესი რომ შემატყო, სხაპასხუპით დაიწყო ლაპარაკი, სახარებას განმიმარტავდა. მერე მისამართი მომცა - აქა და აქ მოდიო.
შინ რომ მივედი, დედაჩემის სახარება მოვიძიე და კითხვა დავიწყე. ის სულ სხვა რამეს მეუბნებოდა. რომელი იყო მართალი, ვერ გავარკვიე.
მეორე დღეს მართლაც მივედი დანიშნულ ადგილას, მხოლოდ ინტერესის გამო, მაგრამ ნელ-ნელა ყურისგდება დავიწყე. საინტერესოდ კი ლაპარაკობენ, მაგრამ სიკვდილის შესახებ სხვა წარმოდგენა აქვთ. ღმერთი ხომ სწორად ცხოვრებას იმიტომ გვინერგავს და მცნებებიც იმისთვის მოგვცა, რომ საიქიო ცხოვრება დავიმკვიდროთ და თუ ადამიანის სული არსად მიდის, მაშ, რა ხდება-მეთქი, გავიფიქრე. ვკითხე კიდეც მქადაგებელს (ასე ეძახიან საკუთარ თავს). არც მათი გადაჭარბებული ამპარტავნება მომეფონა გულს. მისია გვაქვსო - გაიძახოდნენ. ვხვდებოდი, რომ ცრუობდნენ, მინდოდა, რამე მეპასუხა, მაგრამ ვერ ვპასუხობდი, რადგან არაფერი ვიცოდი. ისევ სახარება ავიღე, მაგრამ გადავწყვიტე, ჯერ მოძღვრისთვის მომესმინა. ასე მივედი ეკლესიაში და დავრჩი კიდეც.
მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი ქრისტიანობაა და მაცოცხლებელი წყარო. ახლა უკვე შემიძლია პასუხი გავცე მათ, ვინც სულს გვიწეწავს.
რიცა (29 წლის): მამა აისორი გვყავდა, დედა - სომეხი. მართალია, მამა მართლმადიდებელი იყო, მაგრამ დედამ სომხურად მოგვნათლა ხუთივე და-ძმა. ჩვენ სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის განსხვავებას ვერ ვხედავდით და სადაც მოგვესურვებოდა, იქ შევდიოდით. ცოდნა-განათლება არ გვქონდა, მე და ჩემი და ოჯახებში დავდიოდით და ვალაგებდით, ვრეცხავდით...
ერთხელაც ერთ ოჯახში მოვხვდით. დიასახლისი მეტად სანდომიანი ქალი იყო. ქმარი ახალი გარდაცვლილი ჰყავდა. ჩვენც გვეხმარებოდა, მაგრამ თავისუფალ დროს როგორც კი გამონახავდა, ლოცულობდა, სანთელს და საკმეველს ანთებდა.
სადილად დავსხედით და საუბარიც გაიბა. ქალბატონმა ჯერ მართლმადიდებლობასა და გრიგორიანელობას შორის განსხვავება აგვიხსნა, რამაც ძალზე დაგვაფიქრა, მერე ასურელ მამათა ღვაწლზე გვესაუბრა...
ჩემს დას შვილების სომხურად მონათვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ გადაიფიქრა და მართლმადიდებლურად მონათლა. მათთან ერთად ჩვენც მოვინათლეთ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ის პირველი "ნათლობა" არც ყოფილიყო და ახლა გავხდი ნამდვილი ქრისტიანი.
მარიამი (40 წლის): ერთი წელი ვიცხოვრე პრაღაში. საოცარი ქალაქია, ოქროგუმბათოვან შენობებს თვალს ვერ მოსწყვეტ. ალბათ ამიტომაც ეძახიან "ზლატა პრაღას".
ერთხელ ქალაქგარეთ გავისეირნე. ერთ პატარა, სოფლის ეკლესიაში შევედი. მესა მიმდინარეობდა. ყველანი ისხდნენ, მე ტაძარს ვათვალიერებდი. ღვთისმშობლის (მადონას) სახელობის იყო. ღვთისმშობლის უზარმაზარი ოქროს ქანდაკების შემყურეს ცრემლი მომერია - ჩვენი მოკრძალებული, არამიწიერი ღვთისმშობელი გამახსენდა, აქაური კი მედიდური და მდიდარი ჩანდა. თვალზე ცრემლი რომ დამინახეს ჩეხებმა, გულთბილად გამიღიმეს. მერე წამოიშალნენ და... მამაკაცთა უმრავლესობა შორტით იყო. არცთუ დიდი მოწიწება ეტყობოდათ. მესაზე დასწრება, კვირაობით მაინც, სავალდებულოა მათთვის და ამას აუცილებელ რიტუალად მიიჩნევენ, ქართველი კი ეკლესიაში იმიტომ მიდის, რომ სული დაიამოს. უფალი ქართველისთვის სისხლი სისხლთაგანია და ხორცი ხორცთაგანი, მხსნელი და მაცხოვარი, ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრების მეგზური, ღვთისმშობელი კი - დედა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი