როგორ მივედი ეკლესიამდე
შემთხვევითი რომ არაფერია და ცუდიც და კარგიც უფლის ნებით ხდება ჩვენსავე სასიკეთოდ, საკუთარ თავზე გამოვცადე. მინდა ჩემი ამბავი თქვენც და მკითხველსაც გავუზიარო
- იქნებ ვინმემ საკუთარი თავი დაინახოს დ ჩემსავით გზააბნეულმა კრავმა კეთილი მწყემსი იპოვოს. ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში - 1993 წელს გავთხოვდი. ცხოვრებისეულმა სირთულეებმა, ოჯახურმა პრობლემებმა, სხვების თუ საკუთარმა შეცდომებმა ფიზიკურადაც და სულიერადაც გამანადგურა. მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა და არც უკეთესი მომავლის იმედი მქონდა...
ასეთ დროს სრულიად შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელთან იშვიათი და ხანმოკლე საუბარიც კი საოცრად მაიმედებდა და სასოწარკვეთის უფლებას არ მაძლევდა.
მისი შეგონებით ერთ საღამოს სამების გზას დავადექი. ტაძარში შესულს უწმინდესის დანახვისას გული ამიკანკალდა სიხარულით და ცრემლებმა დამიწყო დენა...
ვიცოდი, დაგვიანების გამო ოჯახში მისაყვედურებდნენ, მაგრამ ლოცვას ბოლომდე დავესწარი და როცა უწმინდესის წაბრძანებისას მისი დალოცვისა და შეხების ღირსი გავხდი, ერთადერთ რამეზეღა ვფიქრობდი - როდის დადგებოდა მომავალი შაბათი.
ასე დავიწყე ტაძარში სიარული, მაგრამ ჩემი უცნობი კეთილისმსურველი მორიგი ნაბიჯის გადადგმას მირჩევდა. ისევ მისი წყალობით, როგორც იქნა, გავბედე მამაოსთან მისვლა. ჩემდა სამწუხაროდ, ასეთი პასუხით გამომისტუმრა: სანამ პირადულ პრობლემას არ მოაგვარებ, აღსარებაზე და მით უმეტეს - ზიარებაზე საუბარიც კი არ შეგვეძლებაო. ასეთმა სიმკაცრემ იმდენად დამაშინა, რომ სხვა მოძღვარი ვეღარ მოვძებნე... მთელი წელი ცრემლიანი დავიარებოდი ლოცვაზე და უფალს ხსნას ვთხოვდი...
ერთხელაც მაღაზიაში შემოსულმა კლიენტმა, სანამ საჩუქარს შევურჩევდი, სამუშაო პირობები მკითხა. რომ გაიგო, დასვენების დღისა და ცვლის გარეშე ვმუშაობდი, გაიოცა: აბა, წირვა-ლოცვას როგორღა ესწრებითო? როცა ჩემი პასუხი მოისმინა, ჯიბიდან ხატები ამოიღო - მოძღვრის კურთხევა გვაქვს, შეიძლება გაჩუქოთო? "მოულოდნელი სიხარულის" ხატი მაჩუქა, დამლოცა და წავიდა.
დავყურებდი ხატს და ცრემლი მდიოდა. ეს ცრემლი ამ მადლიანი ადამიანის წასვლით იყო გამოწვეული... თუმცა რამდენიმე დღეში კვლავ მეწვია საჩუქრის გამოსაცვლელად და ახლა ზუგდიდიდან ჩამოტანილი ხატი "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი" მაჩუქა. მამუკა წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მრევლი აღმოჩნდა. შემომთავაზა, თუ წყნეთში ლოცვაზე დასწრების სურვილი გამიჩნდებოდა, მზად იყო, დამხვედროდა და ეკლესიაშიც მივეყვანე და მამა იოანესთანაც, რომლის დალოცვას თურმე დიდი მადლი მოჰყვებოდა.
სურვილი კი მაშინვე გამიჩნდა, მაგრამ ხელისშემშლელი მიზეზი არ მელეოდა (მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს ბრძოლები იყო). მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ, მარიამობას შევძელი წყნეთში ასვლა.
არასოდეს დამავიწყდება მამუკას სიხარულით ნათქვამი - თქვენთვის ვლოცულობდი და გელოდებოდითო. როცა წირვის დამთავრების შემდეგ სტიქარით შემოსილი მომიახლოვდა, ცრემლად დავიღვარე - ეს სიხარულისა და მადლიერების ცრემლები იყო - მივხვდი, გზააბნეულმა კრავმა საკუთარი სახლი ვიპოვე.
ასე დავიწყე წირვა-ლოცვაზე წყნეთში სიარული.
მამა იოანე დიდად გულისხმიერი, ყურადღებიანი მოძღვარი აღმოჩნდა. გულდასმით მოისმინა ჩემი ტკივილი და მწუხარებაც გაიზიარა. მე მისი სულიერი შვილი გავხდი, ის კი ჩემი მწყემსი კეთილი.
მადლობა უფალს, რომ მე, უღირსი, ცოდვილი ადამიანი, არ გამწირა და რწმენაში გასაძლიერებლად და სულის გადასარჩენად ასეთ მადლიან ადამიანებს შემახვედრა. მადლობა მათაც, ვინც დამანახა და შემაყვარა ჩემი უფალი, ეკლესიის გზაზე დამაყენა და მოძღვრამდე მიმიყვანა. და უღრმესი მადლობა მამა იოანეს, რომელმაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს მაზიარა.
მადლობა და დიდება უფალს!
მარინე