ქუთაისიდან გელათის გზას თუ გაუყვები, მარცხნივ მთის წვერზე ჯვარს დაინახავ. ერთ ადგილას გზა იყოფა. მარჯვნივ ნიშანია, იქით მოწამეთას ტაძარია.
მარცხნივ, საითაც ჯვარი დაინახე, მხოლოდ სოფლის სახელი წერია - სორმონი. უფლის ნებით, მარცხნივ გადაუხვიე. ფეხით მიმავალი 40 წუთში უცნაურ ჭიშკარს მიადგები. ჭიშკრის მიღმა სხვა, იდუმალი სამყაროა - ხეები და ყვავილები თავს გიხრიან და შემოგციცინებენ, რაკი უფლის მსგავსად ხარ გაჩენილი. აღმართს აუყევი. ჯვარს ვეღარ დაინახავ, მაგრამ სავანეში კი აღმოჩნდები - ეს წმინდა სამების მამათა მონასტერია. ამაღლებულ ადგილას სამების პატარა, კოხტა ტაძარია, კარში მისი ზომის შესაფერი მამაო, მღვდელმონაზონი საბა შეგეგებება. ზღვასავით ღრმა და უკიდეგანო ლურჯი თვალებით შემოგხედავს და უსიტყვოდ აგწონ-დაგწონის. გული სიხარულით უთრთის ყოველი ღვთისმოშიში, კეთილი ადამიანის ფეხის იქ დადგმისას. ლოცვა-კურთხევას არ დაიშურებს, თუკი შენს გულში უფლის სიყვარული და კდემამოსილება ღვივის. საოცარი ბერია - უზომოდ თბილი და მოსიყვარულე, ხშირად მკაცრი და ხანდახან ბრაზიანი. მოძღვრები მლოცველ მამაოს ეძახიან, რაკი დღეს არ აცდენს წირვა-ლოცვის გარეშე. ღვთისმსახურების უსაზღვრო მოსიყვარულის ტრაპეზი მისი საკვირაო სკოლაა. ატირებულს გააღიმებს და უშნოდ მოღიმარს ცრემლს მოჰგვრის, მისი საუბარი კი არა, გამოხედვაც კი. სნეულს ნუგეშით მოარჩენს, გაამხნევებს. საიქიოსკენ მიმავალს მოულოდნელი სიხარულის იმედით აღავსებს, სინანულს მოჰგვრის და შიშს გაუფანტავს. სულიერი შვილების სატკივარი მისი გამხდარა, ასაკით ახალგაზრდას მათი ტკივილების დაღი დასჩენია, მათი ცოდვების სიმძიმე დასწოლია, თუმცა მხნე და მუდამ ფხიზლად მყოფი უფლის მხედარია.
მადლობა უფალს და დედა ღვთისმშობელს იმ განსაცდელების მოვლენისათვის, სორმონის სამების ტაძარში, მამა საბასთან რომ მიგვიყვანა. ვულოცავთ მამა საბას მისი ხორციელად შობის 40 წლის დასრულებას. შეეწიოს წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა საბა განწმენდილის მადლი და წყალობა ჩვენს მოძღვარს.
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის.
სორმონის წმინდა სამების ტაძრის მრევლი