ვიღვწით და ბრძოლით ვიკვლევთ გზას. რისკენ, ვისკენ - ამასაც გააჩნია. თუ ბრძოლის შედეგად გამდიდრება ან კარიერის უმაღლეს საფეხურზე წამოსკუპება გვინდა, გამოდის, გვიყვარს ამქვეყნიური ცხოვრება და ნაკლებად ვფიქრობთ, რომ წარმავლები ვართ.
ხოლო თუკი ჩვენი ბრძოლა უკეთურების დათრგუნვაა, მაშინ უფლისკენ მივდივართ.
ნინო (55 წლის): უფალს თავად სურდა, მასთან მივსულიყავი. ამას ყოველგვარი ამპარტავნების გარეშე ვამბობ, ვიცი, გამონაკლისი არ ვარ, მაგრამ მაინც... კომუნისტების ხელში გაზრდილი, ნაპიონერალ-ნაკომკავშირალი მედგრად ვებრძოდი საკუთარ თავს, როცა ეკლესიაში შესვლა "მოუნდებოდა".
ერთხელ ასეთი სიზმარი ვნახე: თეთრსამოსიანმა ქალბატონმა მაღალგუმბათიან ეკლესიასთან მიმიყვანა.
მეორე დღესვე გავქანდი ქაშვეთში. ბევრი ხალხი დამხვდა და ვიკითხე, რა დღეა-მეთქი. გიორგობააო, მიპასუხეს.
როცა ღვთის გზაზე იწყებ სიარულს, მაშინ ხომ უამრავი რამ გაბრკოლებს, ყველანაირად გებრძვის ბოროტი ძალა, რომ არ მიგიშვას უფლამდე, მაგრამ სიბერეში, როცა აცნობიერებ, რომ დაგიდგა ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი, გინდა, მომზადებული შეხვდე გარდაცვალებას, მაშინ იწყება, რაც იწყება...
მრევლში მოხუცი ქალბატონი გვყავდა. ძლივს მოდიოდა ეკლესიამდე. მთელი წირვა ფეხზე იდგა და ისე ისმენდა. ერთხელ შემომჩივლა, წუხელ ძილსა შინა დავეცი და ვერ ვეზიარებიო. არც კი ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს და როცა ლოცვებში ვნახე, გავიკითხ-გამოვიკითხე, თავზარი დამეცა. ვიფიქრე კიდეც, რა დროს მაგისი ეგეთებია-მეთქი. მაგრამ ეშმაკს ხომ არ სძინავს. 80 წლის მოხუცს, რომელიც მთელი სიცოცხლე ეკლესიურად ცხოვრობდა, ეს მხოლოდ ეშმაკის მანქანებით თუ დაემართებოდა. ფარ-ხმალი არ დაუყრია. გავბედე და როცა ამის შესახებ ვკითხე, მიპასუხა: ზიარების წინა ღამეს არ დავიძინებ, ლოცვაში გავათენებ და თუ აქამდე ორ კვირაში ერთხელ ვეზიარებოდი, ახლა ყოველ კვირას ვეზიარებიო.
გიორგი (30 წლის): უხილავ ძალასთან ბრძოლა, არც ვიცოდი, რა იყო. ალბათ მცირედმორმუნეობის გამო არ მებრძოდა ბოროტი. ანდა მებრძოდა, მაგრამ ვერ ვამჩნევდი.
ბავშვობაში დედას დავყავდი ეკლესიაში და ვეზიარებოდი კიდეც, მაგრამ მერე უდროობას ვიმიზეზებდი და მხოლოდ დღესასწაულებზე თუ შევირბენდი ტაძარში, სანთელს დავანთებდი და გამოვრბოდი.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ მარხვა დავაპირე. დავიწყე კიდეც შობისწინა. ძალიან ვფრთხილობდი, გაფაციცებული ვიყავი, რომ არაფერი შემშლოდა. ახალ წელსაც მოვითმინე, მაგრამ ბოლომდე ვერ შევებრძოლე ეშმაკს - ხან მეგობრებმა დამპატიჟეს, ხან ნათესვებმა და ვერ შევიკავე თავი. ამის გამო ღრმა სინანული მაქვს და ველოდები დიდმარხვის დადგომას - იქნებ ახლა მაინც შევძლო ბრძოლის მოგება.
ნინო (45 წლის): მე მეთერთმეტე ჟამის მევენახე ვარ - გვიან შევედი რწმენაში. თავდაპირველად გულმოდგინედ ვლოცულობდი, ვმარხულობდი, ვეზიარებოდი... თითქოს დიდი ცოდვები არ გამაჩნდა, - ადრე გავთხოვდი, შვილები მეყოლა, ვზრდიდი, ქმრის ღალატი გულში არასოდეს გამივლია, - მაგრამ რაც უფრო ხშირად ვამბობდი აღსარებას და ვეზიარებოდი, მით უფრო მეტი ცოდვა და სათქმელი იჩენდა თავს.
საშინელი ბრძოლა დამეწყო. ეს ყველაფერში მჟღავნდებოდა - ქმარი, რომლისგანაც აქამდე ერთი აუგიანი სიტყვა არ მახსოვდა, თითქოს ამიმხედრდა, ყველაფერზე შენიშვნას მაძლევდა, არც ჩხუბს ერიდებოდა. თავიდან სიტყვას არ ვუბრუნებდი, მოთმინებით ვიტანდი მის ჭირვეულობას, მაგრამ ერთხელაც გამიწყდა მოთმინების ძაფი... შვილებიც გამუდმებულ განსაცდელში მყავდა, ხან ერთი ხდებოდა ავად, ხან - მეორე. მეტიც, ქუჩაში რომ არასოდეს გასულან, ახლა მთელ დღეებს "ბირჟაზე" ატარებდნენ.
ისე დამღრღნა ამ ყველაფერმა, ეკლესიაში სიარულსაც ვერ ვახერხებდი. მერე ვძლიე თავს და გარდა იმისა, რომ წირვა-ლოცვას არ ვაკლდებოდი, მოძღვარსაც დიდხანს და გულწრფელად ვუყვებოდი ყველაფერს. მარიგებდა და ვცდილობდი, ისე მოვქცეულიყავი, რომ ურჩი შვილობისთვის ღვთის რისხვა არ დამემსახურებინა.
ახლა სიზმრებმა გადამრია. დილას ისე ვდგებოდი საწოლიდან, თითქოს ნაცემი ვიყავი. ეს კიდევ არაფერი, საშინლად ვითრგუნებოდი.
მოძღვრის რჩევებს მივყვები, ვიცი, რომ ჩვენი ცხოვრება უხილავ ძალასთან გამუდმებული ბრძოლაა და არ უნდა დავნებდეთ.
დოდო (63 წლის): ამპარტავანი არასოდეს ვყოფილვარ. რელიგიურ ამპარტავნებას არ ვგულისხმობ, - ამას, ალბათ, ვერავინ დააღწევს თავს. იმერეთში ამპარტავნებას იმას ეძახიან, არავის რომ არ კადრულობ, შენს ღირსად რომ არავინ მიგაჩნია. სამაგიეროდ, შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მაშინდელი მდიდარი ოჯახი ახლანდელთან ახლოსაც ვერ მოვა, მაგრამ ჩემი ქმრის მშობლები შეძლებულები იყვნენ. არაფერს მაკლებდნენ და ნელ-ნელა სულში სიამაყე შემეპარა, ახლა უკვე მართლა არავის ვკადრულობდი.
ერთხელ თანაკლასელი მესტუმრა. რაღა თანაკლასელი, ერთად ვიყავით გაზრდილები დებივით. არ გაუმართლა, თორემ ჩემზე ნიჭიერიც იყო და ლამაზიც. წარბაწეული შევხვდი. შემატყო... რაც სტუმრად იყო, არ გამიღიმია, პირგამეხებული ველაპარაკებოდი. წასვლისას გულითადად გადამკოცნა - ღმერთმა ძველი ხასიათი დაგიბრუნოსო. მას შემდეგ აღარ შევუწუხებივარ.
მალე ჩვენი ოჯახის საქმე უკან-უკან წავიდა და მართლა დავბურნდი მიწაზე. ახლა მიკვირს და მრცხვენია ჩემი საქციელის. დედ-მამა მორწმუნე მყავდა, მეც მეშინოდა ღმერთის, თუმცა მაშინდელი ცხოვრების გამო ეკლესიაში ხშირად ვერ დავდიოდი. რა მომივიდა მაშინ, ვერაფრით ამიხსნია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი