როგორ შექმნა უფალმა სამყაროს ორი გვირგვინი - მამაკაცი და ქალი, ყველამ ვიცით, მაგრამ მთავარი ის არის, რასაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ - ისინი სიყვარულისთვის შეიქმნენ - უფალმა ადამს ევას სახით ტოლ-ამხანაგი გაუჩინა.
ამდენად, თუ მათ შორის სულიერი თანწყობა არ იქნა, ვერ გასწევენ იმ უღელს, რომელსაც ოჯახი ჰქვია.
მანანა (42 წლის): ერთხელ ერთმა ახლობელმა მკითხა, სიტყვა "ოჯახს" თუ დაჰკვირვებიხარო. მერე ამიხსნა, "ჯახისგან" შედგებაო. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა მართლაც საჯახირო გახდება, თუ ერთმანეთს კრიჭაში ჩაუდგებიან და უკან არ დაიხევენ.
ჩემს ქმარს სტუმარი უყვარდა, მე კი ისე ვიღლებოდი შინ თუ სამსახურში, ხანდახან ადამიანის დანახვაც არ მინდოდა. როცა ამას გამოვხატავდი, მეტყოდა ხოლმე, მორწმუნე ქალი ხარ და ის როგორ არ იცი, რომ სტუმარი ღვთისააო. ამაზე ხშირად მოგვსვლია კამათი - ვფიქრობდი, რომ ჩემს გასაჭირს არად მიიჩნევდა.
ერთხელ დასავლეთ საქართველოში მივდიოდით. გზაში მანქანა ისეთ ადგილას გაგვიფუჭდა, იქ ღამის გათევა შეუძლებელი იყო. ჩემი მეუღლე ტრასაზე იდგა და გამვლელ მანქანებს ხელს უქნევდა. ერთმა გაგვიჩერა. მახლობელი სოფლიდან ყოფილან. სოფელში გაიქცნენ, ბუქსირი მოიტანეს და თავისთან წაგვიყვანეს.
დიასახლისმა ბავშვები თავისი ხელით დაბანა, აჭამა, მოასვენა, მერე ჩვენ გაგვიშალეს სუფრა. ორი დღე იქ ვიყავით და წარბი არ შეუხრიათ, მანქანაც შეგვიკეთეს და გამოგვისტუმრეს. როცა იმ ქალზე ავლაპარაკდი, ქმარმა მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა. ერთი სიტყვით, ამის შემდეგ ვცდილობდი, ძველებურად ცხვირჩამოშვებული აღარ დავხვედროდი სტუმარს და რაც მქონდა, გულღიად შემეთავაზებინა. ქმარიც მეტს კი არაფერს მთხოვდა...
ამ შემთხვევამ გონს მომიყვანა და გაუთავებელი დავა სტუმრიანობის შესახებ დამთავრდა.
ქეთევანი (35 წლის): ტრადიციული ოჯახის შვილი ვარ, ჩემი მშობლები დიდ პატივს სცემენ ოჯახის სიწმინდეს და პატიოსნებას. მე კი ცოლშვილიანი კაცი შემიყვარდა. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, 16-17 წლის, როცა პირველად ვნახე. მეგობრის დაბადების დღეზე მივედი. მამამისის მეგობრებმაც მოიყარეს თავი. გავერთიანდით უფროსები და უმცროსები. შესანიშნავად უკრავდა და მღეროდა, ლამაზად ლაპარაკობდა, ჰოდა, სულელ გოგონას მეტი რა უნდოდა...
წამოსვლის დრო რომ დადგა, ჩემი თავი მას ჩააბარეს. მანქანაში გასუსული ვიჯექი, ის კი მთელი გზა ღიღინებდა. სახლამდე რომ მიმიყვანა, შუქი ჩამქრალი დამხვდა და სადარბაზოში მარტო არ შემიშვა. ხელი ჩამჭიდა და კარებამდე მიმაცილა. მერე მამაჩემს უთხრა, ჩაიბარეთ თქვენი მშვენიერი ასულიო.
ის ღამე თეთრად გავათენე, მეორე დღეს კი დაქალს დავურეკე და წვრილად გამოვკითხე ყველაფერი. მითხრა, ლამის ჩვენხელა შვილები ჰყავსო...
ვურეკავდი, ველაპარაკებოდი, მაგრამ არ ვეუბნებოდი, ვინ ვიყავი. ასე ვიტანჯე ორი წელიწადი. მერე მომავალი მეუღლე გავიცანი, თუმცა გამიჭირდა მისი შეყვარება, დღედაღამ კვლავ ჩემს ილუზიურ სიყვარულზე ვფიქრობდი.
ჩემი საქმრო მორწმუნე იყო და ეკლესიაში, თავის მოძღვართან მიმიყვანა. კარგა ხნის შემდეგ გადავწყვიტე, მისთვის აღსარება მეთქვა. მოძღვარი უკვე ორივეს გვიცნობდა და შეგვხაროდა და ამის მოსმენამ შეაწუხა. ვილოცებო, მითხრა და ამ ლოცვამ გამათავისუფლა. მომავალ მეუღლეშიც იმდენი ღირსება დავინახე, ყველაფერი მოვუყევი, ისიც, რომ ის გრძნობა წარსულში დარჩა. მშვენიერი ოჯახი შევქმენით. ჩემს მეუღლეს ხუმრობითაც კი არასოდეს უხსენებია ეს ამბავი.
ახლახან იმ ჩემი მეგობრის ოჯახში კვლავ აღმოვჩნდით დაბადების დღეზე. მამამისის მეგობრებიც იყვნენ. ისიც იყო. რომ დამინახა, მიცნო და მითხრა: მამი, როგორ გაზრდილხარ, მაშინ რა კაფანდარა გოგონა იყავი, ხომ გყავს კარგი და ღირსეული მეუღლეო. თან შემრცხვა და თან მეცინებოდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, მაშინ სხვაგვარად შემოტრიალებულიყო საქმე და მრუშობის მორევში გადავშვებულიყავით? ახლა ვხვდები, რა ღირსეული მამაკაცი ყოფილა, რომ თავის ოჯახს პატივი სცა და სულელი გოგონას ვნებებს არ აჰყვა.
ზაზა (30 წლის): ჯერ არც ისე დიდი ვარ, მაგრამ უკვე გამოვცადე იმედგაცრუება, ღალატი, უპატივცემულობა...
ჩემი ოჯახის ტრადიციებიდან გამომდინარე, ქალზე ძალზე კარგი წარმოდგენა მქონდა. ბებიაჩემი ანა ყოველგვარი ღირსებით დაჯილდოებული ქალია. ახლაც ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს! ისეთი ნათელი გონება აქვს, მისი რჩევა-დარიგება წამალივით გვერგება. დედაჩემი მისი რძალია და არ მახსოვს, ერთმანეთისთვის ურიგო სიტყვა ეკადრებინოთ.
თანაკურსელი გოგონა შემიყვარდა, სათნო, მორჩილი. ლაპარაკისას წითლდებოდა. ვიფიქრე, ჩემს ოჯახს სწორედ ასეთი შეეფერებოდა, მაგრამ... ოჯახში მისი შეყვანიდან სულ მალე ჩვენი ოჯახის ერთიანობა მოიშალა. თქმით არავინ არაფერს ამბობდა, მაგრამ ერთმანეთს დაძაბულები უყურებდნენ, ერთი სიტყვით, ატმოსფერო დამძიმდა, თითქოს ერთმანეთს გავუუცხოვდით. ჩემთან რასაც ამბობდა, იმას როგორ გავიმეორებ, მაგრამ ჩემზე მაინც იმოქმედა - უკვე კრიტიკულად დავუწყე ყურება ოჯახის წევრებს. ერთხელ დედაჩემმა დამიმარტოხელა და მითხრა, მაგასთან შენი ცხოვრება ყველა ჩვენგანის სიკვდილია და უბედურება ის არის, რომ არამარტო ფიზიკურიო. მალე ცოლმა თვითონ გამომიცხადა, სხვა მიყვარს და მივდივარო. მაშინ გავმწარდი, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, თორემ სიყვარული სადღა იყო...
ახლა კი ვიცი, ისე გაგრძელება მაინც არ შეიძლებოდა, მაგრამ ქალზე წარმოდგენა შემეცვალა და ახლა ვფრთხილობ, მეშინია...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი