უფალმა ცხოველი სული ჩაგვიდგა და ნიჭითა და გონითაც დაგვაჯილდოვა. საქმე ის არის, როგორ გამოვიყენებთ, როგორ მოვიხმართ უფლისმიერ ჯილდოს...
თუ ჩვენს ტალანტს "მიწაში ჩავფლავთ" - მცონარებით, სიზარმაცით დავაკნინებთ, შემოქმედს ვაწყენინებთ, ხოლო თუ გავამრავლებთ და კეთილ საქმეს მოვახმართ, ათმაგად მოგვიზღავს. ჩვენ რომ გვგონია, სიზარმაცე უწყინარი ცოდვააო, არ არის ასე - აბა, ვიზარმაცოთ და შვილებს აღზრდა დავაკლოთ?! დაგვეზაროს და ოჯახი სიბინძურესა და ჭუჭყს შევაჭმევინოთ?!
ლამარა (78 წლის): ჩემს თავზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან კვეხნა-ტრაბახი არ არის საღვთო საქმე; ჩემს მეუღლეზე მინდა მოგითხროთ. ადამიანში სიკეთე რომ დაინახო, გაფაციცებული უნდა იყოო, - იტყოდა თვითონ და მეც მინდა გავფაციცდე, რადგან მართლა სამაგალითო კაცი იყო.
სულ ახალგაზრდა, თითქმის ბავშვი ვიყავი, რომ გავყევი (ჩემზე ათი წლით იყო უფროსი). ორივე გურულები ვიყავით, ერთი სოფლიდან. მერე ის ქალაქში წამოვიდა, უნივერსიტეტი დაამთავრა და სოფელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ორი შვილი ერთმანეთის მიყოლებით გვეყოლა. არადა, ქოხში ვცხოვრობდით. მე მეშინოდა, ის კი ისე იტყოდა, ცხოვრების არ უნდა შეგეშინდეს, ღმერთი თავის გაჩენილს უნუგეშოდ არ დატოვებსო - ხანდახან გიჟი მეგონა. სკოლიდან დაღლილი ბრუნდებოდა და მერე ბაღ-ვენახში მუშაობდა, საღამოობით კი სანთლის შუქზე მოსწავლეებს შემოისხამდა ირგვლივ და ამეცადინებდა. ერთხელ გავუბედე და ვუთხარი, ფულს თუ არ გადაგიხდიან, იქნებ პროდუქტით მაინც დაგვეხმარონ-მეთქი. აბა, ამაში გასამრჯელოს როგორ მოვითხოვ, ნეტავი, ისწავლიდნენ და ქვეყანას გამოადგებოდნენო.
მერე თბილისში წამოვედით. უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა და პატარა სამოსახლოც მოგვცეს ვეძისში. ქვაღორღიანი ადგილი იყო. საკუთარი ხელით ამტვრია კლდე და ორ წელიწადში ისეთი ბაღი გააშენა, სამოთხეში გეგონებოდა თავი. დღე ხომ ასე შრომობდა, ღამე წიგნებს ჩაჰკირკიტებდა და იტალიურიდან თარგმნიდა.
მერე გადაასახლეს. 10 წელი იჯდა ციხეში. რისთვის, - არც თავად იცოდა. იქიდან მწერდა, შვილები შრომას მიაჩვიე და ყველა სიძნელეს, რაც ბიჭების აღზრდას ახლავს, იოლად გადალახავო. იქ თურმე დღედაღამ მუშაოდა და უამრავი წიგნი უთარგმნია. ერთი ტონა წიგნები ჩამოიტანა, იტალიური, ფრანგული...
უნივერსიტეტში აღადგინეს. უკვე ჯანმრთელობაშერყეული იყო, მაგრამ თავისას არ იშლიდა. ახლა სტუდენტებით იყო სავსე ჩვენი სახლი.
20 წლის წინ გარდაიცვალა...
ეს წიგნები გასაყიდად ვერ გავიმეტე, თუმცა უამრავი გაჭირვება შემხვდა - თითო ფუცელი ალბათ ათჯერ მაინც აქვს ხელშენავლები...
ბიძინა (57 წლის): შეიძლება ითქვას, რომ სიზარმაცემ დამღუპა. ჩემზე ამბობდნენ, ნიჭიერიაო. ამას მეც ვგრძნობდი, მაგრამ ყველაფერი მეზარებოდა. ბავშვობაში მშობლები მანებივრებდნენ - საწოლში მაჭმევდნენ და მაცმევ-მახურავდნენ. თუ ვიტყოდი, - ხანდახან ტყუილსაც, - სკოლაში წასვლა არ შემიძლია, თავი მტკივა-მეთქი, ვინ გამიშვებდა!
მე ხომ ასეთი ვიყავი, სამაგიეროდ, ძმა მყავდა ვერცხლისწყალივით. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მშობლები მის ოდნავ მოდუნებასაც კი ვერ იტანდნენ. კი ბრაზდებოდა, მაგრამ ვუყვარდი და არაფერს ამბობდა. მეც ორშაბათის ყეენივით წამოვჯდებოდი და ბრძანებებს ვიძლეოდი.
ცოლი რომ შევირთე, ვერც მაშინ მოვიშალე სიზარმაცე, ვერ შეველიე უქმად ყოფნის სიტკბოს. საოცრად შრომისმოყვარე იყო, უთენია დგებოდა და ეზოსა და სახლ-კარში ტრიალებდა, დაწკრიალებული იყო ყველაფერი. დედაჩემმაც სული მოითქვა. სამი შვილი გვეყოლა, მე კი არც მუშაობა მინდოდა და არც საოჯახო საქმეებში წავაშველებდი ხელს.
ეტყობა, გაუჭირდა და საბერძნეთში გადაწყვიტა წასვლა. თავიდან იმედი მქონდა, ვერაფერს გახდებოდა, მაგრამ მიდგა-მოდგა და... ვატყობდი, არ უნდოდა წასვლა, მაგრამ სხვა საშველი არ ჰქონდა. ერთი ხანობა ფულსაც გზავნიდა და ხშირ-ხშირად რეკავდა, მაგრამ მერე უცბად შეწყდა ყველაფერი. იმ ოჯახში დავრეკეთ, სადაც მუშაობდა, მაგრამ ვერაფერი გაგვაგებინეს. მერე ერთმა ქართველმა დაგვირეკა, დაეცა და ხერხემალი დაუზიანდა, ახლა საავადმყოფოში წევსო. ფეხზე კი წამოდგება, მაგრამ მუშაობას ვეღარ შეძლებს და იქნებ ჩამოხვიდეთ და წაიყვანოთო.
საშინელ დღეში ჩავცვივდით, იქ ჩასვლის კი არა, პურის ფული არ გვქონდა. მაშინ გამწარდა უფროსი ქალიშვილი და მომახალა, - შენი ბრალია ყველაფერი, შენმა უსაქმურობამ მიგვიყვანა აქამდეო.
ღმერთი შეგვეწია და ჩემი მეუღლე ფეხზე დადგა, მაგრამ მე ისე ვიყავი, არავის გამოგზავნილი არაფერი მინდოდა. პირველად სიცოცხლეში, 40 წლის კაცს მუშაობა მომინდა. უნივერსიტეტი კი მქონდა დამთავრებული, მაგრამ, აბა, სპეციალობით ვინ მამუშავებდა? ძმაკაცს მივადექი, რომელსაც ავეჯის საწარმო ჰქონდა და ხელოსნად ამიყვანა. თავდაუზოგავად ვშრომობ მას შემდეგ და მივხვდი, რამხელა მადლი ყოფილა შრომა.
დალი (65 წლის): როცა სიზარმაცეზეა ლაპარაკი, ყოველთვის მახსენდება ქართველი კლასიკოსები. ისინი დიდი ყურადღებით ეპყრობოდნენ ამ თემას. უპირველესად მაინც "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან" მოვიყვან ფრაზას: "მამაი გრიგოლ არავის უდებთაგანსა შეიწყნარებდა". ბრძენკაცმა იცოდა, რომ ბოროტების სათავე სიზარმაცე და მცონარებაა. ასეთ ადამიანს შეეძლო, წმინდა ძმობაშიც კი შეეტანა განხეთქილება.
ჩვენ, ადამიანები, ხშირად სურვილებს ვემონებით, გვინდა ძილი, დასვენება... ესეც საჭიროა, მაგრამ არა მაშინ, როცა საქმე ფუჭდება. აკი ამბობს რუსთაველი: "რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასაო".
თამარი (34 წლის): ვფიქრობ, ზარმაცი ადამიანი არავის უყვარს - არც ოჯახში და სამსახურში - მით უფრო. სიზარმაცე ცოდვას ამრავლებს არა მარტო შენში, არამედ სხვებში. როცა სხვა შრომობს და შენ თავის დაძვრენას ცდილობ საერთო საქმისგან, - ეს ცოდვა არ არის? ქურდობას ემსგავსება ამგვარი საქციელი, რადგან სულიერი და ფიზიკური ძალებისგან ძარცვავ ადამიანს და პროტესტის გრძნობას უმძაფრებ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი