"აბო თბილელის წამებაში" მსაჯული ეკითხება არაბ ჭაბუკს, მაინც რა სიყვარული გაგიჩნდა ქრისტესი ასეთი, სიცოცხლეს რომ სწირავო.
აბო პასუხობს: შენც შეიყვარე და მიხვდებიო. იქნებ ჩვენც შეგვეყვარებინა უფალი ისე, რომ უარი გვეთქვა მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭაზე და უფრო მეტი გვეძებნა. იქნებ დაგვბადებოდა კითხვა - მაინც რა გვიშლის ზოგჯერ ხელს მარადიული სიცოცხლის დამკვიდრებაში?
მირანდა (32 წლის): სხვათა მიბაძვით დავიწყე ეკლესიაში სიარული. ვიდექი წირვაზე და ათას რამეზე ვფიქრობდი, არც მღვდლის ქადაგება მესმოდა და ვერც იმ მადლს შევიგრძნობდი, წირვა-ლოცვას რომ ახლავს. მეტიც, ხშირად მკრეხელური აზრები მიტრიალებდა თავში, ცინიკურიც კი. ერთი მეგობარი მყავდა - უფრო იმის ხათრით დავდიოდი ეკლესიაში. ის მართლა მხურვალედ ლოცულობდა, მე კი ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა წირვა და ტაძრიდან გამოვიქცეოდი. ერთხელ დავცინე კიდეც, რას გადაქაჩავ თვალებს და ლოცულობ-მეთქი. ეწყინა. ძალიან მიყვარდა და ბოდიში მოვუხადე. მე კი არა, უფალს მოუხადეო, მითხრა და მას შემდეგ აღარ მირეკავდა, წირვაზე რომ მიდიოდა. კარგა ხანს არ მინაღვლია, მაგრამ მერე რაღაც დამაკლდა, ავწრიალდი და კვირა დილას ეკლესიაში წავედი. იმ დღეს ისე ვიდექი და ვისმენდი, თითქოს პირველად ვესწრებოდი წირვას. მივხვდი, რომ ჩემში დიდი გარდატეხა მოხდა - უფალი შემოვიდა და დამკვიდრდა. უკვე აღარ შემეძლო, გულგრილად ჩამევლო გვერდი გაჭირვებულისთვის ან ის მეფიქრა, მაგას რომ დავეხმარო, მე რაღა დამრჩება-მეთქი.
მერე დიდი განსაცდელი შეხვდა ჩემს ოჯახს და ზოგჯერ ვფიქრობდი კიდეც, მე რატომ დამემართა ასეთი რამ-მეთქი. ისევ უფალმა მომიყვანა გონს - სახარების კითხვისას მოძღვარმა ქრისტეს სიტყვები მოიყვანა: სოფელმა მომიძულა მე და თქვენც მოგიძულებთო.
გონება, რასაკვირველია, აანალიზებს წაკითხულსა თუ გაგონილს, მაგრამ თუ ზოგჯერ ეჭვი შეგეპარება ჭეშმარიტებაში, გულით უნდა მიუდგე და მიხვდები, როგორ შეიცვლება ყველაფერი.
სოფიო (40 წლის): საოცრად კეთილი, მიმტევებელი და ბრძენი მოძღვარი მყავდა. საქართველოდან რომ მივდიოდი, მითხრა, ისწავლე და შენს ქვეყანას გამოადექი, ოღონდ უფალი არ დაივიწყოო. თავიდან ვფრთხილობდი, რომ არაფერში შევმცდარიყავი, მაგრამ მერე ნელ-ნელა ჩამითრია დასავლურმა ყოფამ...
ქმარი გაამერიკელებული ირლანდიელი მყავს. ბებია-ბაბუა ირლანდიაში ცხოვრობდა და, როგორც ჩანს, იქაურ ტრადიციებს იცავდა, ჩემი ქმრისთვის კი სულერთია ნებისმიერი ტრადიცია და რელიგია, თუმცა თავიდან ერთგულად დამყვებოდა მართლმადიდებლურ ტაძარში. წირვა ხან რუსულად მიმდინარეობდა, ხანაც ინგლისურად. ქართული ეკლესია ჩვენს მახლობლად მაშინ არ იყო, ახლა კი გახსნეს სამლოცველო და იქ ვიკრიბებით ქართველები. ვატყობდი, უჭირდა, ვერ უძლებდა, წრიალებდა... თუმცა კითხვები უჩნდებოდა. ძალას არ ვიშურებდი, ვუხსნიდი და ვაკვალიანებდი. კარგი ადამიანია და არ მინდოდა, ჭეშმარიტების მიღმა დარჩენილიყო. თუმცა მის დილეტანტიზმს ხშირად ვერ ვუმკლავდებოდი და ვჩუმდებოდი. განსაკუთრებით შობის დღესასწაულზე მიჭირდა - ისინი ხომ იმ დროს ზეიმობენ, როცა ჩვენ ვმარხულობთ. ვერც ის გავაგებინე, რომ შობა ორი კი არა, ერთია და ის 25 დეკემბერი 7 იანვარს ემთხვევა. ამის გამო ხშირად მოგვსვლია უსიამოვნება. მოძღვარმა მირჩია, ილოცეო. გულით ვლოცულობ მისთვის...
შვილები? შვილები მართლმადიდებლები არიან. ვცილობ, უფლის სიყვარული ჩავუნერგო, რაც განსჯის უნარის გამორიცხვას სულას არ გვავალებს - ქრისტიანობა სარწმუნოების ბრმა მიმდევრობას არ გვირჩევს.
ნუგზარი (55 წლის): მთიან და მიუვალ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ჩვენი სოფელი სავსე ყოფილა ეკლესიებით. აბა, იმერეთში სხვაგვარად როგორ იქნებოდა! მაგრამ მათ შორის ბევრი ნახევრად იყო დანგრეული, ზოგგან კი ეკლესია მხოლოდ ხალხის მეხსიერებას შემორჩა. მაინც მიდიოდნენ და ლოცულობდნენ. ბოლო დროს ეს ტრადიციად იქცა.
ჩვენს სოფელში კვირაცხოვლობის ულამაზესი ტაძარიც მდგარა, მაგრამ ერთხელ იქ შეკრებილ ხალხს რომ ვკითხე, რას დღესასწაულობთ-მეთქი, ვერავინ მიპასუხა. თუმცა ღმერთი ახსოვთ და ეშინიათ.
ერთი მოხუცი ბიცოლა გვყავდა, კეთილი და სტუმართმოყვარე ქალი იყო. ჭიშკართან ჩავლილ უცხოსაც კი უპურმარილოდ არ გაუშვებდა, მაგრამ მისგან ღმერთის ხსენება არასოდეს გამიგონია. ერთ აღდგომას სასაფლაოზე გავედით. თინაც ჩამოკაკუნდა ჩოხდაბიჯგებული. პატარა კალათა ამოალაგა და თავისთან მიგვიწვია. ქალები დანგრეულ ტაძარში შევიდნენ. უცებ მოსწყდა ადგილს და ქალებს გადაუდგა: იქით არ წახვიდეთ, არ შეიძლება მაქ თქვენი შესვლაო. გაკვირვებით შეხედეს. მანდ საკურთხეველი იყო და ქალმა არ უნდა დადგას ფეხიო. შენ საიდან იცი, თინა ბიცოლა-მეთქი, ვკითხე. მახსოვსო.
ორი თვე არ გასულა ამის შემდეგ და თინა მეზობლებმა მკვდარი იპოვეს (შვილები ქალაქში ცხოვრობდნენ). გაქათქათებულ თეთრეულში იწვა, თავთან ღვთისმშობლის ხატი, სანთელი, პატარა ჯამით ხორბალი დაედგა. იქვე წიგნი იდო, ძველქართულით დაწერილი. ვერც ერთმა ვერ წავიკითხეთ. მერე ქუთაისიდან მღვდელი ჩამოვიყვანეთ წესის ასაგებად და იმან თქვა, უძველესი სახარებააო...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი