"ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს", - ძნელია ამ სიბრძნეს ყური არ უგდო, თუკი ჭკუათმყოფელი ხარ.
უფალია ჩვენი საწყისი, აწმყო, მომავალი და დასასრული. უფალთან მივიტანთ ჩვენს ცოდვებით დამძიმებულ კისერს, თუკი აქ, ამ ცხოვრებაში, არ აღვიმსუბუქებთ ტვირთს.
ნატალია (55 წლის): აბა, მე რომელი ბრძენი დ მქადაგებელი ვარ, ერთი უსუსური დედაკაცი ყოველ განსაცდელს, ხშირად უმნიშვნელოსაც კი, გულისკანკალით ვხვდები, მაგრამ ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ერთი რამ შემამეცნებინა უფალმა - მის გარეშე მიჭირს და სუნთქვა მეკვრის, იგია ჩემი სასო და მეოხი. მაგრამ მქონია ეტაპები, როცა შეჭირვებული სული ერთ ადგილას შეგუბებულა და გასავალი ვერ უპოვია. მერე თითქოს ღვთისმშობელი, - რასაკვირველია, ისევ უფლის ნებით, - ჩამჭიდებს ხელს და განსაცდელისგან მიხსნის.
ერთხელ საოცარი რამ შემემთხვა: დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, - ოპერაცია გავუკეთეთ და მთელი ჩვენი ფინანსური მარაგი ამოიწურა, - მეც არ ვიყავი კარგად და მეუღლეც ავად გამიხდა. ორმოცი ახლოვდებოდა. სასოწარკვეთილი ღამეებს ფიქრში ვათენებდი. თუ დიდი არა, პატარა სუფრა მაინც ხომ უნდა გამეკეთებინა, თუნდაც ეკლესიაში წამეღო სანოვაგე და გლახაკებისთვის დამერიგებინა. ძლივს მოვუყარე თავი გროშებს და ბაზარში წავედი (მაშინ რუსული ფული იყო, მძიმე წლები იდგა). ვხედავ, ვერაფერს ვყიდულობ და გამწარებული დავრბივარ, იაფფასიან პროდუქტს ვეძებ. უცებ ჩემ თვალწინ შავი საგანი დავარდა. ავიღე და რუსული ფულით და დოლარებით გატენილი საფულე შემრჩა. გამიხარდა, მაგრამ იმწამსვე მოვეგე გონს და ავყვირდი, ვისია ეს საფულე-მეთქი. ჩემს ირგვლივ უამრავი ხალხი გაჩნდა და იმ გაჭირვებულთა შორის არავინ გამოჩენილა, ვინც იტყოდა, ჩემიაო. მერე ვიღაც მოხუცი კაცი მომიახლოვდა და მითხრა, - შენია, ბიძია, ღმერთმა მოგცა და მოიხმარეო. არ არის ჩემი-მეთქი, ლამის ავტირდი. ხალხი დაიშალა და მარტო დავრჩი... ბოლო კაპიკამდე დავხარჯე: ზოგით პროდუქტი ვიყიდე, ზოგიც დავარიგე, ეკლესიაშიც წავედი და ირგვლივ ვინც მეგულებოდა გაჭირვებული და მშიერი, ყველა დავპატიჟე.
დღესაც ვერ ამიხსნია, რა მოხდა მაშინ და არც ის ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა.
ნანა (45 წლის): ჩვენ ქობულეთელები ვართ, ამდენად, დედ-მამა და ბებია-ბაბუა მაჰმადიანურად იყვნენ მონათლულები. გამსახურდიას დროს ყველანი ქრისტიანულად მოვინათლეთ, მეუღლეც გაქრისტიანდა, მაგრამ მამამთილს ვერაფერი მოვუხერხე - ჩემი წინაპრები რა რჯულსაც მისდევდნენ, მეც იმ რჯულზე უნდა ვილოცოო. ამაოდ ვუმტკიცებდით, რომ მისი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ. არაჩვეულებრივი კაცი იყო - კეთილი, განათლებული, გულღია, მაგრამ ეტყობა, რაღაც უბნელებდა გონებას. მერე ლოგინად ჩავარდა. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ალაპარაკდა. მთხოვა, მღვდელი მომიყვანეო. გავიქეცი. მღვდელმა მონათვლა ურჩია. დაეთანხმა, ცოტა დრო დამრჩენია, ვიცი, რომ ქრისტეა ნამდვილი ღმერთი და ქრისტიანულად დამასაფლავეთო. მოვნათლეთ და ვაზიარეთ კიდეც. მისი გაცისკროვნებული სახე არ მავიწყდება...
რაფაელი (60 წლის): ჩვენი ერი ახლა დიდი განსაცდელის წინაშე დგას. ეს ალბათ იმ ცოდვების ბრალია, ამ წლების განმავლობაში რომ დაგვიგროვდა. თუმცა ჩვენი ეკლესიები სავსეა მრევლით, ვართ კი ნამდვილი ქრისტიანები? ხშირად გამიგონია ახლობლებისგან, ჩვენი ერი ქრისტიანობას უძველესი დროიდან იცავს და რატომ ვართ ყოველთვის განსაცდელშიო. მე ასე მგონია: თავის რჩეულს, ერსა თუ ადამიანს, განსაცდელით განწმენდს უფალი. თუმცა სიკვდილის ყველას ეშინია და ალბათ აქედანაც მოდის ეს თავისმამართლებელი კითხვა. თუკი უფლის სახელს შევინახავთ და მოვუფაქიზებთ, მომავალი ძნელბედობა ვერ შეგვაშინებს. ახლა, ამ ყინვასა და თოვლჭყაპში დაჩოქილი რომ ვარ, გიკვირთ, ხომ? ჩემს ცოდვებს ამით ვერ გამოვისყიდი; თუ უფალმა დღე გამიგრძელა, ბევრი უნდა ვიღვაწო, რომ იმ ავაზაკივით სასუფეველში შევიდე. მეც ავაზაკი ვიყავი, - დასამალი რა არის, - მაგრამ ერთმა შემთხვევამ მომიყვანა გონს.
"ნაკოლი" მომცეს, ამა და ამ სახლში მდიდრები ცხოვრობენო. მივადექი იმ ბინას და დაუბრკოლებლად შევედი. ერთი კი გამიკვირდა, ასე დაუცავი რატომ დატოვეს აქაურობა-მეთქი, მაგრამ წილი ნაყარი იყო. შევედი და იქ მოხუცი ქალი დამხვდა. ისე შემეგება, თითქოს დიდი ხნის უნახავი შვილი ვიყავი - როგორ ანგელოზივით გამომეცხადე, შვილო, ძალიან ცუდად ვარ, იქნებ მომეხმაროო. თურმე წნევას დაურტყამს და ხელ-ფეხი გასჩერებია. პატრონი არავინ გყავს-მეთქი? ერთადერთი შვილი მყავდა და იმ გაჭირვების დროს უცხოეთში გადაიხვეწა, არაფერს მაგებინებს, არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარიო. საჭმელი მივუტანე, წყალი და წამლები დავალევინე. პროფესიულ ჩვევას არ ვუღალატე და თან იქაურობა მოვათვალიერე. ბინა დიდი იყო, მაგრამ ცარიელი, აუცილებელი ავეჯის გარდა არაფერი იდგა, კედლები კი ხატებით იყო მოჭედილი. ჩემი მზერა შენიშნა და მითხრა, - ყველაფერი გავყიდე, მხოლოდ ეს ხატები ვერ გავიმეტე, მარტოობაში ამათ ვუზიარებ დარდსა და ვარამსო. მერე ყველა ხატის და წმინდანის შესახებ მომიყვა. ისე ლაპარაკობდა, სუნთქვა შემეკრა. ისე დაღამდა, ვერაფერი გავიგე. წამოსვლა რომ დავაპირე, შემეხვეწა, ხვალაც მოდიო. მეორე დღეს თითქოს ფეხებმა თავისით მიმიყვანა... ასე დავდიოდი და ვუვლიდი. მერე მთხოვა, ჩემთან გადმოდიო. თავიდან თავს ვიკავებდი, რადგან ეკლესიაში დავდიოდი უკვე და არ მინდოდა, ამ ჩემს სიკეთეში ანგარება ჩარეულიყო. როცა მოძღვარს ვუთხარი, ღიმილით მითხრა, ეს შენი კი არა, მისი სურვილია და უნდა დაემორჩილოო. მაშინ უცოლო ვიყავი, არც ბინა მქონდა, ნაქირავებ სოროში ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც ვერ გავბედე თავიდან. დედა-შვილივით ვიცხოვრეთ, ის ოჯახიც, რომლის ბინის გატეხასაც ვაპირებდი, ჩემი მეგობარი გახდა. ახლა ბედნიერი კაცი ვარ, შვილებითა და შვილიშვილებით დახუნძლული, არც ღარიბი მეთქმის და ეს ყველაფერი ჩემთვის გამზადებული უფლის საჩუქარი იყო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი