პატიმრის წერილებიდან
ადამიანის მიერ ჩადენილი ყველა ცოდვა სულის ტკივილს იწვევს. ცოდვა - ცოდვაა, მაგრამ კაცის კვლა - მძიმე ცოდვაა.
რასაც მე განვიცდი, ძნელია გადმოვცე, მაგრამ შევეცდები, მიახლოებით მაინც გამოვთქვა მკვლელობის ჩამდენი ადამიანის სულის აფორიაქება.უცოდველი ამ ქვეყანაზე არავინაა. მეც ერთ-ერთი ცოდვების მზიდი ადამიანი ვარ. უნებლიეთ თუ ნებით, - ამას რაღა მნიშვნელობა აქვს, - ადამიანი მოვკალი...
მას შემდეგ მოსვენება დავკარგე. ჩამესმის ხმა, რომ სანამ დროა, ვილოცო და მოვინანიო ცოდვები. უხმოდ ვტირი, სიცარიელეს ვგრძნობ, ძვლებში მამტვრევს, გული მეწვის - ენით აუწერელ ტკივილს განვიცდი. შველას ვითხოვ და ამ ტკივილს ვერავინ მიყუჩებს. ყოველდღე ლოცვებს გულში ვიმეორებ და მხოლოდ ამის მერე ვგრძნობ, რომ სულის ერთი ნაწილი დამიბრუნდა და დამსხვრეულ სულს ლოცვით თუ გავიმრთელებ.
***
რაც უფრო ღრმად ვიხედები ჩემს გრძნობებში, მით უფრო მეტ საწინააღმდეგოს ვხედავ ირგვლივ. როგორ მებრძვის ეშმაკი ადამიანის სახით! გულის სიღრმეში უფლის სიყვარული ვიგრძენი და ეშმაკი უფრო გააქტიურდა, მეტი და მეტი ცდუნება მხვდება წინ. ისინი თავიდან რომ ავიცილო და ეშმაკი დავამარცხო, მაშინვე ლოცვას ვიმეორებ გულში. შვებას ვიგრძნობ თუ არა, უფალს მადლობას ვუხდი, რომ მარტო არ მტოვებს.დაუნდობელი ომი გამოვუცხადე ეშმაკს. მე ახლაც ვგრძნობ, ხელს როგორ მიშლის, ჩემს გრძნობებს რომ გიზიარებთ, მაგრამ უფლის წყალობით ეშაკს სამუდამოდ განვდევნი ჩემგან...
დღიურებიდან
დღევანდელი დღე, ღვთის მადლით, მშვიდობიანი იყო. ხვალინდელი გაცილებით ნაყოფიერი მინდა იყოს. ვისურვებდი სულიერ გაძლიერებას, სიმხნევეს დაუსრულებელს, სიხარულს ჯანსაღს, სიყვარულს ჭეშმარიტს, მეგობრობას უღალატოს, ერთგულების სიმტკიცეს, სათნოებას და ყოველივე ამით მოპოვებულ წარმატებას. ამ ცხოვრებაში მიუღწეველი არაფერია, ამ ცხოვრებაში საინტერესოც არაფერია. განა ამაოება საინტერესო შეიძლება იყოს? ან კიდევ მომხიბვლელი? ადამიანები სხვა ადამიანთა მიერ შექმნილ უჰაერო სივრცეში ცხოვრობენ და არ სურთ შორს ჭვრეტა. არ სურთ გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია "ჰაერი". "ჰაერი" ხომ ჭეშმარიტი სიყვარულია - დაუსრულებელი ბედნიერება, დაუსრულებელი ნეტარება, საწყისი ყოველი სასრულისა და დასასრული ყოველი საწყისისა... იგი ურყევია, იგი ერთადერთია, იგი სანატრელია, იგი მართალია, იგი ლამაზია, იგი სათნოა, იგი მშვიდია, იგი დაუსრულებელია, იგი ძალიან ძნელად მოსაპოვებელია. იგი ხომ ლივლივა მინდორში ამოსული ერთადერთი გვირილაა. იგი ხომ ალიონზე აკიაფებული ვარსკვლავია. იგი ხომ ქათქათა თოლიების ჩვენთვის გაუგებარი ცეკვაა აზვირთებულ ტალღებზე. იგი ხომ ცრემლია გულის სიღრმიდან ამოფეთქილი. იგი ხომ სუნთქვაა ზეცამდე აწვდილი ხეებისა, ნამია ბუმბერაზი მთებისა...
იგი ყველგან და ყოველთვის არის...
ღმერთო, მომეც ძალა და ნიჭი, რომ ჭეშმარიტად აღგიქვა, შეგიგრძნო, შეგიცნო იქ, სადაც ვცდები. ერთადერთი ჭეშმარიტება ამაო სოფელში "ჰაერი", სიყვარული ანუ უფალია. გული უნდა გამოვიწრთო, ზრახვები უფრო გავიკეთილშობილო უფლის მადლით, რომ ჩემი მოკლე გონებით მისი დიდებულების მცირედი მაინც აღვიქვა.