ნებისმიერ მორწმუნეს, რომელიც ასე თუ ისე ახერხებს ეკლესიურ ცხოვრებას და მასაც, ვინც ნებით თქვა უარი ამა სოფლის საზრუნავზე და ღმერთს მიუძღვნა თავი, უჩნდებათ კითხვა: მოგვიტევებს კი უფალი, დავიმკვიდრებთ კი სასუფეველს?
ადამიანმა უფლისადმი სასოება და იმედი არ უნდა დაკარგოს და მთელი ცხოვრება სწორედ რომ სასუფევლის მოსაპოვებლად იღვაწოს. ეს ღვაწლი ბრძოლაა - საკუთარ თავთან, სურვილებთან, გრძნობებთან. უფალი სიყვარულს გვასწავლის და სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა მიტევება, მორჩილება, მოთმინება...
ლელა (37 წლის): - ეკლესიაში სიარული რომ დავიწყე, ჯიუტი და თავნება გოგონა ვიყავი - ეგღა მაკლია, ვინმეს რამე ვაპატიო-მეთქი. გავთხოვდი და მეტად მკაცრი ქმარი შემხვდა. ჩემი თავნებობაც ზღვარს გადადიოდა. ჯიბრზე, რასაც მიკრძალავდა, იმას ვაკეთებდი. როცა ჩვენი თანაცხოვრება ჩიხში შევიდა, მივხვდი, უკან უნდა დამეხია. ეკლესიაში ერთმა მორწმუნე მეგობარმა მიმიყვანა. მთავარი სათქმელი მაინც არ მითქვამს მოძღვრისთვის, არც ვიცოდი, თუ მიუტევებლობა და ჯიბრი ცოდვა იყო. თითქოს იგრძნოო, მკითხა, ქმართან და ოჯახის წევრებთან როგორი ურთიერთობა გაქვსო. მოვხსენი გუდას პირი, მაგრამ ჩემი უჯიათობა შევაფერადე და სულ სხვებზე ვილაპარაკე... უფალი ყველას გულს ხედავს და ეტყობა, განკითხვით ისე გავერთე, წამომცდა, - ვერ ვაპატიებ, არ შემიძლია-მეთქი. ახლაც მახსოვს მოძღვრის სახე... ჯერ დაკვირვებით შემომხედა, მერე ჩაფიქრდა და მკითხა: - მაშ, უფალთან რისთვის მოხვედი, ხომ გინდა შეგინდოს? - თან დაამატა, - უფალი მაშინ გაპატიებს და მოგიტევებს, როცა თავად შეგეძლება ამის გაკეთებაო. მერე დამარიგა, რომ სინანულში გულწრფელი ვყოფილიყავი და სამი კვირის მანძილზე ეკლესიაში სიარული დამავალა. ფიქრი და თვითგანსჯა მშველელია, მას ღმერთი მოგვივლენს და მეც, მისი შემწეობით, თანდათან მივხვდი, რა იყო ჩემი საკეთებელი - მიტევება უნდა მესწავლა. ახლაც ხშირად გამივლის გულში შურისძიების წადილი, მაგრამ მაჭირვებელთათვის ლოცვას ვიშველიებ.
მიხეილი (50 წლის): - შურისძიება რომ ცოდვიანი საქციელია, განა არ ვიცოდი, მაგრამ ამ გრძნობით ისე ვიყავი შეპყრობილი, როცა ვინმე მაწყენინებდა, ადგილს ვერ ვპოულობდი. ჯან-ღონით სავსე ყმაწვილი მუშტი-კრივითაც ვახერხებდი "საქმის მოგვარებას". ერთ დღესაც ბიჭებთან ერთად საჩხუბრად გავედი უბანში და ისე ვცემეთ მეზობელუბნელები, ერთი საავადმყოფოში მოხვდა და სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს ხელიდან. მაშინ დავფიქრდი და მის მშობლებთან მივედი, ვტიროდი ამხელა კაცი და პატიებას ვითხოვდი. დედამისი მორწმუნე ქალი გამოდგა და მითხრა, - უფალთან მიდი და მას სთხოვე მიტევება, აბა, მე რა შემიძლია, საკუთარი შვილი ვერ გამიზრდიაო. მთელ დღეებს ეკლესიაში ვატარებდი და უფალს ვახოს გამოჯანმრთელებას ვევედრებოდი. შეისმინა ჩემი ლოცვა და... ჩვენ ახლა უახლოესი მეგობრები ვართ, ჭირსა და ლხინში ერთმანეთს არ ვშორდებით. ყველას მინდა ვუთხრა: შურისძიება სიავისა და უბედურების მომტანია, მიტევება კი ღვთის საჩუქარი - კაიკაცობაც იმით იზომება, ვის მეტად შეუძლია პატიება და შურისძიებაზე ამაღლება.
დინარა (30 წლის): - ჩემს თავზე რა გითხრათ, მაგრამ ერთ ჩემს მეგობარს კი გავიხსენებ... მორწმუნე ოჯახის შვილები ხომ სხვანაირები არიან. მის სახლში შესული საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი. ხუთი და-ძმა ჰყავს მაგდას. ბავშვები, მოგეხსენებათ, ყველგან კინკლაობენ და არც ისინი იყვნენ გამონაკლისი, მაგრამ არასოდეს მინახავს, მათი ჩხუბი გაგრძელებულიყო. ერთი თუ დაიწყებდა, მეორე გაუჩუმდებოდა. მშობლებისგანაც არ სჭირდებოდათ ტუქსვა, ისე გრძნობდა ჩხუბისთავი დანაშაულს. მაგდას სკოლის პერიოდში თანაკლასელები ხშირად დავცინოდით. ერთხელ აცრემლებული გამოვიდა სკოლის ეზოდან. გამოვყევი და ვკითხე, - რა გეწყინა-მეთქი. არაფერი, ისინი მეცოდებიანო, - მითხრა და თვალები ცრემლით აევსო. მაშინ კი გამიკვირდა, მაგრამ მერე დიდხანს ვფიქრობდი ამაზე. როცა ეკლესიაში დავიწყე სიარული, მივხვდი, რა აწუხებდა. ჩვენ უახლოესი მეგობრები ვართ და როცა ხანდახან შევაპარებ, როგორ შეგიძლია, ყველას ყველაფერი შეარჩინო-მეთქი, გაკვირვებით შემომხედავს. სიყვარულით ყველაფერი მიიღწევა - როცა შვილი ან დედა გაწყენინებს, ხომ ეძებ მის გამართლებას? ჰოდა, ასე უნდა მიუდგე ნებისმიერ ადამიანს და მაშინ თავადაც მოგეტევება ცოდვები.
ნიკოლოზი (65 წლის): - ყოფილი მფრინავი ვარ, ათასი ჯურის ხალხთან მქონდა საქმე. ერთხელ მოსკოვის რეისის დროს თვითმფრინავში ხნიერი უცხოელი მამაკაცი შემოვიდა. ტრაპზე ამოსვლისთანავე შევატყვე, ცუდად იყო. ჩვენ უცხოელებთან კონტაქტი გვეკრძალებოდა და როცა დამელაპარაკა, პასუხი არ გავეცი. რაღაცნაირად ვერ მოვისვენე და სტიუარდესას ვთხოვე, მისთვის ყურადღება მიექცია. შემოვიდა და მითხრა, - ტირისო. მივუახლოვდი და გამოველაპარაკე. ფრანგი აღმოჩნდა, რუსეთში ქალიშვილთან ყოფილა... "ცოლ-შვილი სხვა ქალის გამო დავტოვე. ჩემი ცოლი რუსი იყო. დიდხანს უცადა, როდის მომიბრუნდებოდა გული, მერე რუსეთში დაბრუნდა შვილთან ერთად. არც შემდეგ მომისაკლისებია. გოგონა წერილებს მწერდა, მე კი არ ვპასუხობდი. წლები გავიდა. მარტო დავრჩი, თუმცა ვერ ვგრძნობდი ჩემი დანაშაულის სიმძიმეს. ისე, სხვათა შორის, მოვიძიე ცოლ-შვილი. საოცარი ქალი დამდგარა ჩემი ტერეზა, განათლებული, ლამაზი... აეროპორტში დამხვდა ქმარ-შვილთან ერთად, ხელი მომხვია, მაკოცა. როცა ცრემლი მომერია, მითხრა, - მამა, მე და დედამ ყველაფერი გაპატიეთ, შენ ხომ ჩემი მამიკო ხარ და მიყვარხარო. მაშინ მივხვდი, რაც დავაშავე და ახლა არ ვიცი, როგორ იქნება ჩემი საქმეო..."
შემებრალა მოხუცი. აი, რა ძალა აქვს მიტევებას. აბა, ამას შურისძიებითა და სიავით ვინმე მოახერხებდა?!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი