ბარსელონაში მცხოვრებ ქართველებს
წერილს გწერთ 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილები.
ვიცით, რომ არც თქვენ გაქვთ დალხენილი ცხოვრება, სწორედ სიდუხჭირემ წაგიყვანათ აქედან. მიუხედავად ამისა, მაინც გამონახეთ საშუალება, დაგვხმარებოდით. ეს იმედს გვაძლევს, რომ მარტონი არ ვართ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ჩვენს გვერდით არიან. ამ ერთიანობით მივაღწევთ საწადელს - ჩვენი ქვეყანა გახდება ერთიანი, დამოუკიდებელი და გაბრწყინებული, სადაც ყველანი ერთად მშვიდობიანად ვიცხოვრებთ.
დიდი მადლობა გაწეული დახმარებისთვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
112-ე ბაგა-ბაღში მცხოვრები დევნილები
დიდი და პატარა ლიახვის ხეობა: სოფლები კეხვი, ერედვი, საცხენეთი, ერგნეთი
მადლობა უფალს, რომ ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა!
რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. შაბათს, 25 ოქტომბერს, დილით, დათქმულ დროს, კახეთის მოსალოცად ვემზადებოდით, მამა ილია ჩაკვეტაძის ლოცვით გამოიდარა.თავდაპირველად ყვარლის რაიონისკენ, გრემისკენ ავიღეთ გეზი. მაღალ გორაკზე აღმართული გრემის მთავარანგელოზთა ტაძარი მოვილოცეთ, სანთლები დავანთეთ და წმინდა ხატებს ვემთხვიეთ. უფლის რწმენითა და სიყვარულით დავტოვეთ გრემი...
შემდეგ ალავერდს მივაშურეთ. ალავერდის მონასტრის შიდა სივრცე გრანდიოზულობით გამოირჩევა. ინტერიერს კარგად ანათებს სარკმლებიდან უხვად შემოსული სინათლე. სასიხარულოა, რომ კომპლექსს რესტავრაციას უტარებენ. წმინდა იოსებ ალავერდელის საფლავთან სანთლები დავანთეთ - პატივი მივაგეთ მის ხსოვნას და დახმარება შევთხოვეთ ჩვენი სულების გადასარჩენად.
ალავერდიდან იყალთოში (თელავის რაიონი) წავედით. არსენ იყალთოელს (X-XIIს.ს.) აქ აკადემია დაუარსებია, რომელიც რიყის ქვით არის ნაშენი. შემორჩნილია ნანგრევები, რომელთა ხილვისას მცირე ხნით მაინც გადავედით წარსულში.
ბოლოს შუამთას ვეწვიეთ. VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია მცხეთის ჯვრის ტიპისაა და რიყის ქვით არის ნაგები. მამა ილიამ შუამთის ეკლესიაში პარაკლისი აღავლინა. ნაკურთხი წყალი გვასხურა, გვიქადაგა და დაგვლოცა. ჩვენ სანთლები ავანთეთ.
პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლი მონასტერთან ახლოს, ტყის პირას დავსხედით, სუფრა გავშალეთ, ცეცხლი გავაჩაღეთ. მამა ილიას საინტერესო საუბარს ვუსმენდით. მოძღვრის სადღეგრძელო ითქვა. უფალს შევთხოვეთ მამა ილიას გაძლიერება. გმადლობთ, მამა ილია, ასეთი გულთბილი და მრავლისმომცველი საუბრისთვის.
ტრაპეზის შემდეგ გზად სოფელ კაკაბეთში შევიარეთ და ერთ-ერთ მრევლს გაბედნიერება მივულოცეთ. მშვენიერი დღე ქორწილის სუფრითაც დაგვირგვინდა.
მადლობა უფალს! მადლიერებით მინდა მოვიხსენიო მამა ილია და ის ადამიანი, რომელსაც წვლილი მიუძღვის მოლოცვის ორგანიზებაში.
გმადლობთ, ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციავ, რომ არსებობთ. უფალმა დაგლოცოთ!
წმინდა ეკატერინეს ტაძრის მრევლი ელისაბედ ცანავა
გვინდა, მოგეფეროთ და მოგესიყვარულოთ "კარიბჭის" რედაქციას იმ გარჯისთვის, ადამიანის სულიერი განმტკიცებისთვის რომ ეწევით.
მე ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მრევლი ვარ. ტაძარში 2001 წლიდან დავდივარ და ამას უდიდეს ღვთის წყალობად და ჩემი სულიერი მოძღვრის დეკანოზ თევდორე ბასილაიას დამსახურებად ვთვლი. მინდა გიამბოთ ტაძარში ჩემი მოსვლის ამბავი.
წმინდანების ქადაგებებში წამიკითხავს, რომ ადამიანი სიზმარს არ უნდა აქცევდეს ყურადღებას, რადგანაც ჩვენი გონება ვერ ჩასწვდება, ვისგანაა ის - ღვთისგან თუ ბოროტი სულისგან. მაგრამ სწორედ სიზმრის მეშვეობით აღმოვჩნდი ტაძარში.
2001 წლის ნოემბრის გიორგობის წინა კვირას მესიზმრა: ჩემი უფროსი ვაჟი გიორგი საერო ტანსაცმელში ჩაცმულ მამაკაცს სასაფლაოსკენ მიჰყავდა. გავედევნე ყვირილით, შვილი დამიბრუნე-მეთქი. ახლოს რომ მივედი, მამა თევდორე დამხვდა, რომელმაც ასეთი რამ მითხრა: წაიყვანე შენი შვილი, დამნაშავე არ ყოფილაო.
მეორე დილით ჩემს სახლთან ვიდექი. ვხედავ, ვიღაც ანაფორიანი მოდის სწორედ იმ სასაფლაოს მხრიდან, სიზმარში რომ ვნახე. როგორც კი მოგვიახლოვდა, მამა თევდორე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში არ დავდიოდი, მივხვდი, წუხანდელი ჩემი სიზმარი და დილით მამა თევდორეს ჩემს ჭიშკართან გამოჩენა უბრალო შემთხვევითობა არ იყო. ამიტომაც გავბედე, დიდი მოკრძალებით გავაჩერე და მოვუყევი ჩემი სიზმარი. მან ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა, ბოლოს კი ამ სიტყვებით წავიდა: "იცოდე, მე დღეს შენთან უფალმა გამომგზავნა და ზურგი არ შეაქციო. ამ ქუჩით არასდროს დავდივარ; დღეს, წირვა რომ დავამთავრე, არ ვიცი, ამ გზით რატომ მომინდა წამოსვლაო".
იმ დღიდან დავდივარ ტაძარში. ვმადლობ უფალს ამ უდიდესი წყალობისთვის, მადლობა ჩემს მოძღვარს იმ სითბოსა და სიკეთისთვის, თავისი სულიერი შვილებისთვის რომ არ ენანება. ისიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, ხოლო ტვირთი, რომელსაც ეზიდება, რათა უფლისგან მინდობილი თითოეული სული სამშვიდობოს გაიყვანოს, საკმაოდ მძიმეა.
მამაო, გვინდა, თქვენი მრევლის სახელით დაბადების დღე მოგილოცოთ. ღმერთმა ინებოს, მრავალი წელი ისმოდეს ჩვენს ტაძრებში თქვენი სულში ჩამწვდომი ქადაგებები.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!
ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მრევლი
შავნაბადობა
ვუძღვნი მორჩილ ნიკოლოზის ნათელ ხსოვნას
"შავნაბადაზე დავიბადეთ, ასე გვგონია, და შავნაბადას აკაკივით შემოვაბერდით!.." - წერს ამავე მონასტრის წინამძღვარი მამა შიო ერთ-ერთ ლექსში.
სომხებისგან გაპარტახებული შავნაბადის მოვლა-პატრონობა დიდი ძალისხმევით შეძლო შიო გაბრიჭიძემ. თუ ადრე შავნაბადის დღესასწაულზე სომხები იკრიბებოდნენ, დღეს აქ უკვე ქართული გალობა ისმის. ამ მონასტერში რამდენიმე წელი ვცხოვრობდი. ეს იყო წლები განწმენდისა, განათლებისა, კაცურკაცობის სწავლისა, რომელიც მუდამ შუქურად ენთება ჩემი ცხოვრების ეკლიან გზაზე. სწორედ მამა შიოს მიუძღვის ლომის წილი ჩემს აღზრდაში, რისთვისაც მადლობას ვწირავ. ხოლო თუ რამ შევცოდე, მთელ შავანაბადის მონასტრის მრევლის წინაშე ვიხრი ქედს და შენდობას ვითხოვ.
შავნაბადობა ჩემთვის დღესასწაულთა დღესასწაული იყო. სიხარულით ველოდი ამ დღეს. უამრავ ნაცნობსა თუ უცნობს, უამრავ მეგობარს ვხვდებოდი და ვგრძნობდი, როგორ მოგვნატრებოდა ერთმანეთი...
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს შავნაბადის მონასტერი და მისი მრევლი მრავალჟამიერ!
პატივისცემით, ერისკაცი როინი
ვისია ის სასწაული, რომელიც ჩემს თავზე მოხდა?
მე, ჩემი მეუღლე და ხუთი მცირეწლოვანი შვილი არაფრით გამოვირჩევით - ვცხოვრობთ, ვსწავლობთ და ნელ-ნელა ვიზრდებით. იყო დრო, როცა ერთი სული მქონდა, სამუდამოდ გამეღწია საქართველოდან (იმ დროს ერთადერთი შვილი მყავდა). "გაღწევა" არ გამოვიდა და ოჯახიანად საქართველოში დავრჩი. ჩემი განვლილი ცხოვრების გათვალისწინებით, განსაცვიფრებლადაც კი მეჩვენება, რომ მე და ჩემი მეუღლე მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი გავხდით. ამისთვის, პირველ რიგში, უფლის მადლიერი ვარ და შემდეგ - რამდენიმე ადამიანის.
ღვთის მადლით, უამრავი სასწაულის მოწმე ვარ. ერთ-ერთი სასწაულის შესახებ მინდა მოვყვე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ის პირადად ჩემს ოჯახს შეეხება, მაინც არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კუთვნილება.
როდესაც ჩემი მეუღლე მესამე ბავშვზე იყო ორსულად, ორსულობის დასაწყისში (როცა ნაყოფის ორგანოები ყალიბდებოდა) დაემართა ფილტვების ანთება (საკმაოდ მძიმე ფორმით) - ორი დღე მაღალი სიცხე ჰქონდა, მერე კი განკურნებამდე დაბალი, ანთებისთვის დამახასიათებელი ტემპერატურა. მისმა ავადმყოფობამ, ბუნებრივია, ძალიან დაგვაბნია - ექიმებს მივენდეთ და ექიმებმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემს მეუღლეს ანტიბიოტიკების გრძელი კურსი დაუნიშნეს. მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. კურსი კვლავ გაიმეორეს. არც განმეორებითმა მკურნალობამ შეცვალა რამე - ანთება არ ჩაქრა.
ექიმები მანამდეც მოგვიწოდებდნენ ორსულობის შეწყვეტისკენ. ახლა კი იმავე რჩევით ახლობლებმაც მოგვმართეს. მადლობა ღმერთს, არავის დავუჯერეთ. და აი, ამის შემდეგ მოხდა სასწაული: დედა მარიამის, თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტის იღუმენიას, ინიციატივით, ჩემი მეუღლე ორი კვირით მარტყოფის დედათა მონასტერში გაემგზავრა - იქ წამლები არ მიუღია (ერთმა დედაომ მალამო გაატანა, რომლითაც სისტემატურად უნდა დაეზილა ზურგი. ოთხჯერ თუ ხუთჯერ დაიზილა და შემდეგ, დაუდევრობით, თავი დაანება). კვება ჩვეულებრივი ჰქონდა და ჰაერის მხრივაც, ყველამ ვიცით, მარტყოფი ბახმარო არ არის.
ორი კვირის შემდეგ, როცა თბილისში დაბრუნდა და ექიმს გაესინჯა, ანთება აღარ დაფიქსირდა.
ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - პირველ რიგში გვახარებდა ის, რომ იგი განიკურნა და მერეც - მისი განკურნება ხომ ღვთის საჩუქარი იყო!
დრო გადიოდა, თვემ თვე შეცვალა და... თითქოს მივიწყებული ჩვენი პრობლემა ახალი კუთხით ამოტივტივდა: მეუღლე კი განიკურნა, მაგრამ ახლა ჩვენი ჯერ არდაბადებული შვილის ჯანმრთელობა გაგვიხდა საფიქრალი.
ვინც კი გვიცნობდა: მამები, დედები და, უბრალოდ, მორწმუნე ადამიანები - ყველანი ლოცვებში გვიხსენიებდნენ.
და მოხდა ღვთის მორიგი სასწაული: მშობიარობის დროს ჩემს მეუღლეს თვალები დახუჭული ჰქონდა - ეშინოდა, ბავშვს ფიზიკური ნაკლი არ ჰქონოდა. თვალები მხოლოდ მას შემდეგ გაახილა, მშობიარობის მიმღებმა რომ დაიძახა - რა ლამაზი გოგონა დაიბადაო! ბავშვს, მადლობა ღმერთს, არავითარი დეფექტი არ აღმოაჩნდა.
პატარა სალომე ახლა პირველ კლასში სწავლობს.
ნიკოლოზ ლეჟავა
მოქცევა
მინდა მოგითხროთ, როგორ გახდა მუსულმანი კაცი მართლმადიდებელი.
ჰასან საიარი 1960 წელს ქალაქ ტრაპიზონში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. 1993 წელს წაღვერელი მარინე გელაშვილი გაიცნო და შეუღლდნენ კიდეც. ისინი 15 წელია თანხმობით ცხოვრობენ და სამი შვილი ჰყავთ.
2008 წლის 21 მაისს ჰასანმა წმინდა ნინოს გზა მოილოცა, 2008 წლის ივნისში კი მამა ზოსიმემ წაღვერის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მონათლა. ცხადია, ნათლიები ქართველები ჰყავს. მონათვლას ჯვრისწერაც მოჰყვა. მამა ზოსიმემ ჰასანს გიორგი უწოდა. ჰასანი ეკლესიაში დადის, ესწრება წირვა-ლოცვას და მარხულობს. მამა ზოსიმემ იგი უკვე რამდენჯერმე აზიარა. ჰასანის გადაწყვეტილებას ჩვენი მრევლიც სიხარულით შეეგება.
ჰასანს საქართველო და ქართული ზნე-ჩვეულებები ძალიან მოსწონს.
ახალჯვარდაწერილებზე - მარინეზე და გიორგიზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა წმინდა სერაფიმე საროველის ეკლესიამ. ბორჯომის წმინდა ეკლესიაში მამა ანდრიამ გიორგი აზიარა.
წაღვერის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მრევლის სახელით მადლობას მოვახსენებთ მეუფე სერაფიმეს და მამა ანდრიას იმ დიდი ყურადღებისთვის, გაქრისტიანებული ჰასან-გიორგის მიმართ რომ გამოიჩინეს.
წაღვერი წმინდა ნინოს ტაძრის მრევლის სახელით
თინათინ ჩორგოლაშვილი
თინათინ ჩორგოლაშვილი
როგორ გავხდი ეკლესიური
პაპიდებთან ვიზრდებოდი. ისე არ ადგებოდნენ და დაწვებოდნენ, რომ არ ელოცათ. ტრაპეზის დრო რომ მოვიდოდა, დილითაც და საღამოსაც, სულ ლოცულობდნენ. ძალიან პატარა სახლი გვქონდა, მაგრამ ერთი კუთხე ხატებისთვის გამოყვეს. მე მაშინ 8-9 წლის ვიქნებოდი. მათმა ლოცვამ ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, გულსა და სულში დიდი სითბო მეღვრებოდა, პირჯვარს რომ იწერდნენ და სანთელს ანთებდნენ. და მეც ბავშვობიდანვე გადავწყვიტე, რომ გავიზრდებოდი, ასე მოვქცეულიყავი. მაშინ კი გულით მინდოდა, რაღაც მეთქვა. პირჯვარს კი ვისახავდი, მაგრამ სულიერად ვიკეტებოდი, ხმამაღლა ვერაფერს ვამბობდი.როცა გავიზარდე, მაშინღა მივხვდი, რომ ჩემი წინაპრები მართლმადიდებლები იყვნენ. ვოცნებობდი, მეც მორწმუნე ოჯახი მქონოდა. ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდი, მაგრამ დღეს ჩემი ოჯახი ეკლესიურად ცხოვრობს, გვყავს ძალიან ძვირფასი მოძღვარიც - მამა ბენიამინი. მისი ლოცვა-კურთხევით ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ოჯახში. ჩემმა ქალიშვილმა კონსერვატორია დაამთავრა და გალობს. შეძლებისდაგვარად მოსალოცადაც დავდივართ. ვართ თქვენი ჟურნალის მკითხველები - მან ბევრი რამ გვასწავლა. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის უფალს და თქვენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ძირფასო კარიბჭელებო!
78 წლის ელისაბედ ფანცალაშვილი,
ყვარლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მრევლი
ყვარლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მრევლი