ვიცით კი, რა არის ცოდვა და რა - მადლი? შესაბამისად, როდის არის ჩვენი მოქმედება უფლისთვის მისაღები და როდის ვერ გაგვიანალიზებია, რაში ვიყავით მართალი და რაში ვტყუოდით?
"არცოდნა არცოდვააო", - ვიმართლებთ თავს, მაგრამ ამას რომ უფლისავე ნათქვამი - "ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ" - დავუხვედროთ, ან არ გვინდა, ან გვეზარება ძიება, ჭეშმარიტების შეცნობა. საცდური და თვალის სასეირო კი უამრავია ჩვენ ირგვლივ.
ნორა (76 წლის): საცდური, თავისთავად, არსებობს, მაგრამ გვერდი უნდა აუქციო და არ მისცე თავს უფლება, ჩაგიყოლიოს. ცხოვრებამ ია-ვარდი მომიფინა, მაგრამ ჩემი შეცდომებითა და ამპარტავნებით ხიბლში ჩავარდნილმა ეს ღვთის წყალობად კი არ მივიჩნიე, საკუთარ თავს დავაბრალე. ამან ამამჩატა და ფიქრით უკადრებელი მაკადრებინა. ადრე ვმალავდი, რომ თავს დატეხილი განსაცდელის მიზეზი მე ვიყავი, ახლა კი ვიცი, ჭირი არ უნდა დამალო, თუნდაც იმისთვის უნდა აღიარო, რომ სხვასაც არ მოუვიდეს მსგავსი შეცდომა. მაშინ უფრო საზოგადოებრივი აზრის გვეშინოდა, ახლა ღმერთის მეშინია, რადგან გავაცნობიერე, რომ ჩვენი ყოველი შეცოდებით სწორედ უფალს ვაწუხებთ და იარებს ვუხსნით...
ძალიან ლამაზი ვიყავი, მაგრამ ღარიბი ოჯახის შვილი. 16 წლის რომ შევსრულდი, ნათესავი გარდაგვეცვალა და მის დაკრძალვაზე ჩემი მომავალი დედამთილი ჩამოვიდა თბილისიდან. საოცარი ქალი იყო, კეთილშობილი და მშვენიერი სულის პატრონი. თვალი დამადგა - თურმე ერთადერთი ვაჟი ჰყოლია, რომელიც მოსკოვში სწავლობდა. დედას ეშინოდა, იქ რუსი ქალი არ ითხოვოსო და მისი სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტა. მე მაშინ ჩემი თანასოფლელი ბიჭი მიყვარდა. ერთი ავარდნილი და, ჩვენში რომ იტყვიან ხოლმე, უბედურის ნახევარიაო, ისეთი იყო. ჩემი საქმრო მოსკოვიდან სასწრაფოდ გამოუხმიათ და მოგვადგნენ კიდეც დასანიშნად. ბევრი ვიტირე და ვინერვიულე, მაგრამ ჩემი უარი შიშით ახსნეს და ქორწილი დანიშნეს.
საქმრო კი მომეწონა, მაგრამ მაინც ის მიყვარდა, ჩუმად შევხვდი და ყველაფერი მოვუყევი. თუმცა ისედაც იცოდა - სოფელში რა დაიმალება. მერე რა მოხდა, გათხოვდი და თუ ფულიანი და მდიდარია, ჩვენც კარგად ვიქნებითო. კი გავბრაზდი, მაგრამ ამ სიტყვების არსი ბოლომდე ვერ გავაცნობიერე.
ჩემი ქმარი ღირსეული კაცი გამოდგა, სამი შვილი გვეყოლა - წესით, ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, რადგან ყველა თავს მევლებოდა, მაგრამ როცა ის გამახსენდებოდა, ყველაფერი მავიწყდებოდა...
ერთხელ ქუჩაში მივდიოდი - ბავშვები მივიყვანე სკოლაში და უკან ვბრუნდებოდი. უცებ მანქანა გაჩერდა, იქიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა და დამიძახა. ვერ ვიცანი. მოვიდა და, ესა და ეს ვარო, მითხრა. მუხლები მომეკვეთა. დაჯექი და მიგიყვანო. თითქოს გონება დამებინდა და მანქანაში ჩავჯექი...
გულს ვეღარაფერს ვუდებდი, მთვარეულივით დავბორიალებდი...
ერთი კვირის შემდეგ ისევ გამოჩნდა და უფრო ამიწეწა სული. ასე გრძელდებოდა კარგა ხანს - მოვიდოდა და ამაფორიაქებდა. მერე მითხრა, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია, ფული და ოქროულობა წამოიღე და გავიქცეთო. მაშინ კი მოვედი გონს და მკაცრად ვუთხარი, მე ქმარ-შვილს ვერ მივატოვებ, შენ კი გზა ხსნილი გაქვს-მეთქი.
გადავრჩი! უფალმა დამიფარა ცოდვისგან და ისეთი რამ ათქმევინა, რამაც გონს მომიყვანა. მაგრამ ხომ შეიძლება, გონს ვერ მოხვიდე და სისულელე გააკეთო, ამით კი უსაყვარლესი ადამიანები გაწირო?
მუხრანი (43 წლის): ბავშვობიდან მორწმუნე ვიყავი. ამაში დიდი წვლილი ჩემს მშობლებს მიუძღვით. მიუხედავად ეკლესიისადმი მაშინდელი საზოგადოების ნიჰილისტური განწყობისა, წირვა-ლოცვას არ ვაკლდებოდით. ათასნაირი საცდური გვქონდა, მაგრამ ლოცვითა და ზიარებით ვუმკლავდებოდით. მე ახალგაზრდა ვიყავი და ეშმაკი ჩემთან უფრო ცდილობდა გარიგებას - ხან მრუშობის სურვილი შემომიტევდა, ხანაც აზარტული თამაშებისა. ამ ცოდვაში მთელი თავით გადავეშვი. თავიდან მცირე თანხას ვაგებდი ხოლმე, მერე კი მამაჩემის ახალთახალი "მერსედესი" დამატოვებინეს კაზინოში. ამან გონს მომიყვანა...
მერე ცოლიც შევირთე და მშვენიერი შვილები გვეყოლა - ორჯერ ტყუპი გოგონა და ვაჟი. ცოლიც მორწმუნე შემხვდა და თითქოს ცხოვრება ამეწყო, მაგრამ ახლა სხვა მხრიდან დამატყდა განსაცდელი. ორი წლით ინგლისში გამაგზავნეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ეს იმ დროს თითქმის შეუძლებელი იყო და ღვთის წყალობად ჩავთვალე, მაგრამ ამან ლამის დამღუპა...
იქაურმა მეგობარმა, რომელიც მორწმუნე კათოლიკური ოჯახიდან იყო, საშობაოდ თავისთან მიმიწვია. ასეთი რამ იქ იშვიათად ხდება და უარი ვერ ვუთხარი, მაგრამ რადგან მარხვა იყო და ჩემთვის შობა მხოლოდ 7 იანვარს, ძველით - 25 დეკემბერს, გათენდებოდა, სახსნილო საჭმელ-სასმლისგან თავს ვიკავებდი. ჩამაცივდნენ და ვთქვი, ჩვენთან ახლა მარხვაა, ქრისტეშობა ჯერ არ დამდგარა-მეთქი. დაიხოცნენ სიცილით. გული რომ იჯერეს, შეგონება დამიწყეს. ჩემმა მეგობარმა არც ამის შემდეგ მოისვენა და მესაზე წამიყვანა. თავიდან მეჩოთირა, მაგრამ ნელ-ნელა ისე მივეჩვიე იქაურობას, გული მთხოვდა და კვირაობით უთენია გავრბოდი. იქაური მრევლი დიდი სიხარულით მხვდებოდა, ვსაუბრობდით, ორგანს ვუსმენდით. აღსარების თქმა დავაპირე, მაგრამ მონათვლა მთხოვეს, ეს კი ვერ გავბედე...
ამასობაში სასწრაფოდ მომიწია საქართველოში დაბრუნებამ - დედაჩემს ოპერაცია გაუკეთეს. ჩემი ცოლი ყოველდღე დადიოდა ეკლესიაში და მოძღვარს საჯანმრთელო პარაკლისებს ატარებინებდა. თავიდან არ გავყევი, მაგრამ მიზეზი რომ მკითხეს, ვერ გავბედე თქმა და წავყევი.
ეკლესიაში ჩემი შესვლა უძღები შვილის დაბრუნებას ჰგავდა. ნაცნობი სითბო და მოკრძალებული მყუდროება შემომეფეთა. ჩემმა მოძღვარმა გადამკოცნა და დამლოცა. ჯვარს რომ ვემთხვიე, სირცხვილმა დამწვა და რაღაცნაირი შვებაც ვიგრძენი.
დედაჩემის ავადმყოფობა უფალმა ჩემს გადასარჩენად დაუშვა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი