თითოეულ ადამიანს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მძიმე ჯვარი აქვს სატვირთი და სატარებელი წუთისოფლის ეკლიან გზაზე. მეც ვზიდავ ჩემს წილხვედრ ჯვარს, ვზიდავ, მაგრამ როდემდე შევძლებ, არ ვიცი... ვზიდავ ისე, როგორც ძალმიძს.
ბევრი და ბევრზე ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული ცხოვრების მანძილზე. ყველას მინდა პატიება და შენდობა ვთხოვო. როცა ეს ყველაფერი უკან დარჩება და წარსულის ფურცლებად იქცევა, ამოვთქვამ იმ ტკივილს, რომელიც გულზე ამხელა ლოდად მადევს. ალბათ ღმერთმა იმისთვის მომივლინა ეს განსაცდელი, რომ უფრო ფართოდ გამეხილა თვალები, უფრო ნათლად დამენახა ჭეშმარიტება, გამერკვია, სად იყო ბოროტება და სად - სიკეთე, ან იმისთვის, რომ უფრო დიდი განსაცდელისთვის ავერიდებინე. ასეა თუ ისე, დრო გავა და ყველაფერს ნათლად დავინახავ...
არავინ იცის, რა ელის წინ, მაგრამ შემთხვევით რომ არაფერი ხდება, ამაში ღრმად დავრწმუნდი. ყველაფერი ღვთის ნებაა.
ამ ყველაფერმა კი დამანახა, მომავალში როგორ ვიცხოვრო...
ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან - იქნებ ეს ლექსი დამიბეჭდოთ "კარიბჭის" ფურცლებზე, თუკი შეძლებთ. თუმცა მე მაინც მადლიერი ვარ თქვენი იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ...
მამა ლევანს (მათეშვილს) მინდა კურთხევა ვთხოვო ამ განსაცდელის ჟამს, რომ უფრო გამიადვილდეს მისი გადატანა.
არ ვიცი, შევძლებ თუ ვერა "კარიბჭის" შეძენას ამ ოთხი წლის მანძილზე, გისოებს მიღმა რომ უნდა გავატარო, მაგრამ თუ მოისურვებთ, სხვა ლექსებსაც გამოგიგზავნით.
ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!
პატივისცემით
გიორგი გურგენიშვილი
გიორგი გურგენიშვილი
მაპატიე
მაპატიე, საქართველო, მაპატიე,
შენ ომში ხარ, მე ციხეში დამამწყვდიეს.
მაპატიე, საქართველო, მაპატიე,
მე ვერ გიცავ, ეს გისოსი გამაგიჟებს!
არ წაიქცე, გთხოვ, არასდროს არ წაიქცე!
მომავალი ამ სისხლისღვრას დაგავიწყებს.
არ წაიქცე, საქართველო, არ წაიქცე,
შენ ედემად, შენ სამოთხედ უნდა იქცე!
მაპატიე, ჩემო ღმერთო, მაპატიე,
მე ვერ ვიბრძვი, გისოსებში დამამწყვდიეს.
მაპატიეთ, ქართველებო, მაპატიეთ,
თქვენთან ერთად მე ვერ ვიბრძვი, მაპატიეთ...
დამავიწყებს, ამას რაღა დამავიწყებს! -
ხალხი იბრძვის, მე კი ომში არ გამიშვეს...
მაპატიეთ, სულყველას გთხოვთ, მაპატიეთ,
დამნაშავე გევედრებით - მაპატიეთ!..