განათლების მიღების გზა რომ ეკლიან-სუსხიანია, ეს მხოლოდ იმ ადამიანმა იცის, ვისაც ამ გზაზე უვლია - უწვალია, ღამეები უთენებია.
დაბოლოს, "საკუთარ თავში მხოლოოდენ შენი თავისებურებებისა და ხასიათის შესწავლა-გაცნობიერება არ იგულისხმება - კარგად უნდა იცოდე, ვინ იყო შენი მამულის მტერ-მოყვარე, როგორ შეიძლებოდა მისი მოგერიება თუ შემორიგება; ვისთვის უნდა გეცა წინაპართაგან პატივი და ვინ დახუნძლა ცოდვებით შენი და შენს თანამემამულეთა არსებობა..."
თორნიკე (40 წლის): ხშირად გამიგონია, "არცოდნა არცოდვააო". ეს უფრო ნიჰილისტის ნათქვამია, ან იქნებ ასეთები მას სათავისოდ იყენებენ... ვფიქრობ, ადამიანი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს ცოდნის გაღრმავებაზე, პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე, თორემ ამბიციების დასაკმაყოფილებლად სხვა ხერხების მოშველიება დასჭირდება და აქედან იწყება ცოდვის გზა.
საერთოდ, ნიჭიერი და სწავლის მოყვარული ადამიანი თავმდაბალია და არც თავისი ცოდნით ამაყობს და ამპარტავნობს. ერთი თანაკლასელი მყავდა. რომ იტყვიან, ტვინით იყო გატენილი. სკოლა ხუთებზე დაამთავრა და იმ წელსვე ჩაირიცხა სამედიცინოზე. მის კარიერასა და სამეცნიერო ხარისხზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთმა რამემ განმაცვიფრა: შვილი მივიყვანე საავადმყოფოში - სასწრაფოდ დასჭირდა აპენდიციტის ამოკვეთა. საოპერაციოსთან შეწუხებული ვიდექი. ექთანი გამოვიდა და მითხრა იმ ექიმის გვარ-სახელი, რომელიც ოპერაციას აკეთებდა. თან დამაიმედა, ნურაფრის შეგეშინდებათ, ისეთი კაცის ხელში ჩავარდაო. ისედაც ვიცოდი, ის პროფესორი ხომ ჩემი კლასელი იყო.
ექთნის პირით შემომითვალა ოპერაციის შემდეგ: ჩემი ნახვა საჭირო არ არის, ყველაფერი რიგზეაო. ვერც მომდევნო დღეებში ვნახე - თითქოს უხილავად აკეთებდა თავის საქმეს. ყველაფერი მშვიდობიანად რომ დამთავრდა და ბავშვი გამოვიყვანეთ, დამირეკა და თავისთან მიმიწვია. ცოტა გაბრაზებული კი ვიყავი, მაგრამ ამას როგორ გამოვხატავდი. მივედი და ერთმანეთს ჩავეხუტეთ...
მეგონა, ციხე-დარბაზში შემიყვანდა, არადა ერთ ჩვეულებრივ სამოთახიან "ხრუშჩოვკაში" ამოვყავი თავი. დაბნეული ვიხედებოდი აქეთ-იქით... თვითონაც შემამჩნია. მერე მკითხა, რამდენი გადაიხადეო. არაფერი გადამიხდია, მითხრეს, რომ საჭირო არ იყო, რადგან ვიღაცას გადაეხადა-მეთქი.
ბევრი ვისაუბრეთ. მე ეკლესიური კაცი ვარ, მაგრამ მისმა ცოდნამ ამ მხრივაც გამაოცა...
აბა, რა გითხრათ, განა ეს კმარა იმის მისახვედრად, რაოდენ აკეთილშობილებს ცოდნა და განათლება ადამიანის სულს და რამხელა სარგებელი მოაქვს ყველასთვის?..
ნანიკო (35 წლის): დღეს განათლების მიღებაზე თითქმის არავინ ფიქრობს. შესაძლოა, ვიღაც-ვიღაცებს პროფესიული ცოდნა კი ჰქონდეთ, მაგრამ განათლება სხვა რამეა. განათლებული კაცი ათასთაგან გამოირჩევა. ამასთან დაკავშირებით ერთი კურიოზი მახსენდება (თუ შეიძლება, ამას კურიოზი დაერქვას...).
ერთი მეზობელი ოჯახი გვყავს. ცოლიც და ქმარიც პროფესორები არიან და ამასთანავე ძალზე განათლებული ადამიანები. გოგო და ბიჭი ჰყავთ. გოგო საოცრად ნაკითხი და ნიჭიერია, ბიჭი კი ცელქი და ქუჩაში თამაშ-სირბილის მოყვარული. ამის გამო ხშირად ტუქსავენ და ურჩევენ, წიგნი იკითხოს.
ერთხელ, როცა მამამ მორიგი "ლექცია" ჩაუტარა სწავლა-განათლების საკითხზე, ჰკითხა: კი მაგრამ, შენ რომ ისწავლე, რაში გამოგადგაო. მომავალ თაობებს ვზრდი და ადამიანებად ვაყალიბებო. ფული შენ არ გაქვს და ხელფასი, ეგერ, ჯემალი ბიძიას ორი კლასი არ აქვს დამთავრებული და მილიონერიაო. გაშრა მამამისი...
ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ განათლება არაფერში გამოგადგება, მაგრამ გულსატკენია, განათლებულ კაცს დაფასება რომ არ აქვს. სწორედ ის არის უბედურება, რომ იმ პატარა ბიჭივით ბევრი ფიქრობს.
მე სამი წელი ბელგიაში ვცხოვრობდი. რომ ამბობენ, უცხოელებმა მხოლოდ საკუთარი სპეციალობა იციან და ზოგადი განათლება არ აქვთო, ტყუილია. ძალიან ბევრმა იცის ლიტერატურა, გაფაციცებით ელოდებიან ახალი წიგნის გამოსვლას ან ახალი ნაწარმოების ელექტრონულ ვერსიას. ამ მხრივ ცოტა ინდიფერენტული ახალგაზრდები არიან და ეს პროცესი იქ, როგორც ჩანს, უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ჩვენთან...
დედაჩემი ბიოლოგიის მასწავლებელია და მახსოვს, როცა ჩვენს ოჯახში მისი მეგობრები მოდიოდნენ, როგორი ინტერესით ვუსმენდი - ცოდნა და წიგნიერება გამოსჭვიოდა მათ საუბრებში. თუ დააკვირდები, იმასაც მიხვდები, რომ განათლებული ადამიანი, რაც უნდა გაჭირვებული იყოს, ბრბოს პრინციპებს არ ემორჩილება - სხვაგვარი ქცევა და თუნდაც ცხოვრების სტილი აქვს. გაუნათლებელს კი, რაც უნდა მდიდარი იყოს, ერთ სიტყვას რომ იტყვის, უვიცობა იმაზეც კი ეტყობა.
გია (56 წლის): ადამიანი, რომელიც მხოლოდ მატერიალური დოვლათის დაგროვებაზე ფიქრობს, მაპატიეთ, თუ მკაცრი ნათქვამი გამომივა, არასრულფასოვანია. როგორ შეიძლება ქართულ ლიტერატურას გვერდი აუარო, იქ ხომ ჩვენი წინაპრების, ჩვენი თანამედროვეობის ავ-კარგია ასახული. ქართული მწერლობა იგივე ქრისტიანული მწერლობაა, იგი თანდათან მიგიყვანს განწმენდამდე. ჩემი მოზარდობისას მშობლებიც და მასწავლებლებიც ქართული მწერლობით აყალიბებდნენ ჩვენს სულებს.
მახსოვს, დედაჩემმა მთხოვა, რუსულადაც იკითხე, რუსებს საოცარი ლიტერატურა აქვთო. პირველად ლეონოვის "რუსული ტყე" წავიკითხე, მერე კი ვეღარ ვჩერდებოდი... ზოგიერთი პერსონაჟი, მიუხედავად ქართული ლიტერატურის დიდი სიყვარულისა, ისეთი ახლობელი გახდა ჩემთვის, მეგონა, მათთან ერთად ვცხოვრობდი და ვარსებობდი.
ასეა, ადამიანური განცდები, რომელი ეროვნებისაც უნდა იყოს, ყველასთვის საერთოა, ყველგან ანგრევს სიძულვილი და აშენებს სიყვარული. ერთიანობისთვის, სიყვარულისთვის კი განათლება გვჭირდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი