დიდ მადლობას გიხდით მრევლის სახელით იმ ზრუნვისთვის, იმ დიდი ღვაწლისა და სიყვარულისთვის, ყოველი წირვა-ლოცვისას უშურველად რომ გაიღებთ ჩვენთვის. ქვენი დიდი დამსახურებაა ტაძრის რესტავრაცია. მრევლს შეაყვარეთ ეკლესიაში სიარული და წირვა-ლოცვაზე დასწრება, ჩაგვინერგეთ უფლის დიდი სიყვარული, ლოცვა-კურთხევის მადლი.
ღმერთმა გაგაძლიეროთ, ამინ!
ტიბაანის წმინდა სტეფანე ხირსელის
ტაძრის მრევლი
ტაძრის მრევლი
ვმადლობთ უფალს, რომ გვარგუნა ბედნიერება მისი სამწყსოს წევრობისა!
მართლაც, ტკბილია სულიერი მამაშვილობა, როცა ამა სოფლის ქარცეცხლში მოქცეულს ყოველთვის გვერდით გიდგას მართლმადიდებელი მოძღვარი, სულიერი წინამძღოლი, გამხნევებს და ღვთაებრივი ნამით აგრილებს შენს გარშემო აბობოქრებულ ცეცხლის ალებს.
მამაო! მთელი სულითა და გულით გილოცავთ დაბადების დღეს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი სიყვარულის კალთა, წმინდა სერგი რადონეჟელის მეოხება არ მოგკლებოდეთ ღვთის წინაშე. მრავალს დაგასწროთ მოწყალე უფალმა, გიკურთხოთ დასაბამი ამის წელიწადისა, განგიგრძოთ ყოველი დღე სათნოებით, სიყვარულით, სიმშვიდით და რწმენით. დაგილოცოთ დაბადებისა და ასევე ყოველნი დღენი ცხოვრებისა თქვენისანი უკუნისამდე. ამინ!
მამა სერგი გვინერგავს სითბოსა და სიყვარულს. თავისი თითოეული ქმედებით ცდილობს, მაგალითად გვექცეს და დაგვანახოს, რა ტკბილია უფალი. ეს არის ადამიანი, რომელიც დღედაღამ მოყვასის სამსახურშია და დაუღალავად ცდილობს, გაამთელოს სულიერ ბრძოლაში დაღლილი თუ სასოწარკვეთილებისკენ მიმავალი ადამიანთა გულები. ის ყოველ წუთს მზადაა, ხელი შეგაშველოს, წამოგაყენოს და ხელახლა დაგაწყებინოს უფლისკენ სვლა, თბილი და მზრუნველი დარიგებებით გვინთებს გულში ნაპერწკალს უფალთან სიახლოვისა. ეს არის ადამიანი, რომელიც დაუღალავად იღვწის თავისი სამწყსოსა და სხვა უამრავი ადამიანის სულის გადასარჩენად. დაღლილი სახე მუდამ უღიმის, თბილი თვალები კი სითბოს აფრქვევენ. ყველა ახალმისულს სულში იკრავს და მზადა არის, მთელი პასუხისმგებლობით წარუძღვეს მას ღვთისკენ მიმავალ გზაზე.
გაცილებით მეტის თქმა შეგვიძლია თქვენზე, მამაო, თქვენი მოკრძალება რომ არ გვზღუდავდეს!
უფალს შევთხოვთ, თქვენი წმინდა ლოცვით გააღვივოს ჩვენი გაქვავებული გულები და თავის მყუდრო ნავსაყუდელად აქციოს! დაე, მოწყალე უფალმა სასუფევლის კარი გაგიღოთ და მის წიაღში დაგამკვიდროთ. ებარებოდეთ უფალს! დაე, მუდამ გრძნობდეთ მის შემწეობას რთულ და წარმავალ წუთისოფელში. გისურვებთ დღეგრძელობასა და მხნეობას თქვენი ლამაზი ოჯახის, ჩვენი ეკლესიისა და მრავალრიცხოვანი მრევლის საიმედოდ!
შენდობას ვითხოვთ, თუ რამ ისე ვერ გამოვთქვით, როგორც საჭირო იყო...
დიდი სიყვარულითა და მოკრძალებული პატივისცემით
სულიერი შვილები