ყველას თავისი მძიმე ტვირთი აქვს. ხშირად გვგონია, ჩვენი ტვირთი სხვისაზე მძიმეა... ეს კი იმის ნიშანია, რომ არ ვცდილობთ, გავუგოთ მოყვასს, მისი ტკივილი გავიზიაროთ და შევეშველოთ.
ზინა (80 წლის): ვერ ვიტყვი, ცხოვრებამ დამსაჯა-მეთქი - ლამაზიც ვიყავი და მდიდარი მშობლებიც მყავდა. ამით გათამამებული, ცხოვრებისეულ სიძნელეებს არად ვაგდებდი, რადგან, რაც მსურდა, ყველაფერი მქონდა. ახლა რომ გადავხედავ ჩემს ცხოვრებას, თავადის ქალი მაია მაგონდება, ბოლოს მარტო რომ დარჩა და მყვარებელი არავინ ჰყავდა.
სკოლა დავამთავრე თუ არა, უნივერსიტეტში მოვეწყვე ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
ბევრს ვუყვარდი, მაგრამ გათხოვებაზე სიტყვის ჩამოგდებასაც ვერავინ გამიბედავდა, ყველას გულში მქონდა ბინა და სინამდვილეში არავის ვეკუთვნოდი.
ასე შემომადნა ხელში წლები და ერთ მშვენიერ დღეს, რომ დავფიქრდი, შიში დამეუფლა. მშობლებიც მოხუცდნენ და გავიაზრე, მალე მარტოდმარტო დავრჩებოდი. გონების თვალი გადავავლე ჩემს თაყვანისმცემლებს, მაგრამ ყველა თავის გზას დასდგომოდა. მერე სამსახურში ერთი ქვრივი კაცი გავიცანი, ღირსეული პიროვნება იყო. თითქოს შემივარდა კიდეც გული, მაგრამ მისი ორი შვილი გადაულახავ წინაღობად რჩებოდა. ვიფიქრე, აწი შეიძლება შვილი აღარც მეყოლოს-მეთქი და გადავდგი ეს ნაბიჯი.
ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც მე ამიხდა - შვილი არ მიჩნდებოდა და მთელი ჩემი ძალ-ღონე გერების აღზრდას მოვანდომე. რაც შემეძლო, მათთვის არაფერი დამიკლია...
ქალიშვილი გათხოვდა და შვილიშვილების აღზრდაში ვეხმარებოდი, ვაჟმა კი ცოლი არ შეირთო. როცა ამაზე სიტყვას ჩამოვუგდებდი, ისე მიღრენდა, თითქოს მისი მტერი ვყოფილიყავი. ნორმალური, დამჯერე ბიჭი იყო, ვუყვარდი კიდეც, მერე კი ისე შეიცვალა, ცნობა გაგიჭირდებოდა. გაბრუებულ-გარინდული დადიოდა. ჯერ ვიფიქრე, ნარკოტიკს ხომ არ შეეჩვია-მეთქი, მაგრამ მერე გავიგე, რომელიღაც სექტის წევრი გამხდარა.
ერთ დღეს გამომიცხადა, ეს სახლი მამაჩემისაა, ჩემს სახელზე უნდა გადავიფორმო და თვალით აღარ დამენახოო. ქალიშვილს შევჩივლე ყველაფერი, მაგრამ იმანაც ვერაფერი გააწყო. გული იმაზე მტკივა, ასეთი რამ რომ მოუვიდა აზრად, თორემ, კარგად ვიცი, სახლიდან ვერავინ გამაგდებს.
ალბათ, სამარემდე მიმყვება შვილის დარდი და ისიც, რომ არასოდეს მოვა ჩემს საფლავზე და არც სანთელს დამინთებს.
ნელი (57 წლის): ჩემი ტვირთი და მძიმე ჯვარი ემიგრაციაში ყოფნაა. ჩემი ხალხის ბედი თავიდან ბოლომდე გავიზიარე - სიცივე და შიმშილი, მერე გადახვეწა და ვინ იცის, უცხო მხარეში სიკვდილიც.
მშვიდი, წყნარი და მოსიყვარულე ოჯახი მქონდა. მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ ვმუშაობდით და ბედს არ ვუჩიოდით. ორ შვილს ვზრდიდით, წესიერი, მშვიდი ბიჭები იყვნენ. მათი მოზარდობა საქართველოში იმ ავადსახსენებელ წლებს დაემთხვა. ერთხელ უმცროსი ბიჭისთვის დედა შეუგინებიათ. ვერ მოუთმენია და შემგინებელს შებმია. საღამოს პოლიცია მომადგა და ჩემი შვილი წაიყვანეს. მერე ქრთამად 2000 დოლარი მომთხოვეს. ამდენ ფულზე ოცნებაც არ შემეძლო და პროცენტით ვისესხე. მალე ეს პროცენტი ისე გაიზარდა, ლამის სახლ-კარი გავყიდეთ და ქუჩაში დავრჩით. მაშინ ამერიკაში წასვლა შემომთავაზეს. დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ გამიმართლა (იმხანად ასე ვთვლიდი) და ვიზა მომცეს.
მატერიალური მდგომარეობა კი მოვიწესრიგეთ, მაგრამ საუკეთესო წლები, როცა ქმარ-შვილთან უნდა ვყოფილიყავი, მათი ჭირ-ვარამითა და სიხარულით მეცხოვრა, უცხო ქვეყანაში გავატარე. პრობლემა აღარ დაილია და ჩამოსვლას ვერც უახლოეს ხანში მოვახერხებ. არადა, უკვე შიში მიპყრობს... მიხვდებით ალბათ, ეს რისი შიშია.
ანდრო (35 წლის): ყველაზე პირუთვნელი მსაჯული საკუთარი სინდისია და მეც სწორედ სინდისმა ჩამომხსნა ის ტვირთი, რომელსაც ჩემი ბავშვური შეცდომის გამო ვატარებდი. უფლის ნებაა, მეპატიება თუ არა, თუმცა ჩადენილს გულწრფელად ვნანობ.
სკოლას ვამთავრებდით, როცა მე და ჩემი კლასელი გავიპარეთ. გვეგონა, ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მცირეოდენმა წინააღმდეგობამ შემაშინა და ყველაფერზე უარი ვთქვი. ეტყობა, ჩემმა ლაჩრობამ ნათიას გული ატკინა, კარი გაიხურა და წავიდა. მართალი გითხრათ, მაშინ მეგონა, რომ ყველაფრისგან გავთავისუფლდი და შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ მალე მივხვდი - ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთი გამიფრინდა ხელიდან.
მალე ნათიას შვილი ეყოლა, ჩვენი შვილი. როცა სანახავად მივედი, არ შემიშვეს - შვილის ღირსი არ ხარო... ალბათ მართლებიც იყვნენ, რადგან მანამდე ერთხელაც არ მიკითხავს მისი ამბავი. მას შემდეგაც ბევრჯერ ვეცადე, შევხვედროდი, მაგრამ ახლოს არ გამიკარა.
მერე ცოლი შევირთე, მაგრამ შვილი არ გვეყოლა. ალბათ არაკაცური საქციელისთვის დავისაჯე. ეტყობა მართლა არ ვარ მამობის ღირსი...
ეთერი (60 წლის): ჭორიკანობა ჩემთვის ტვირთი კი არა, სიხარული იყო. ყველას ვქირდავდი, ბუზს სპილოდ ვაქცევდი და მთელ უბანს ვუყვებოდი. მერე ისეთი რამ დამემართა, რაც სადარდებლად და სავალალოდ მექცა, მაგრამ ამ შემთხვევამ გონს მომიყვანა. ჩემი უფროსი შვილის ცოლმა ოჯახი მიატოვა და საყვარელთან ერთად გაიქცა. მეზობლებში კარგა ხანს ვეღარ გადავდიოდი, რადგან ყველაზე რაღაც მქონდა ნათქვამი...
ახლა დედისგან მიტოვებული შვილიშვილები მყავს მოსავლელი... არ ვიცი, ეს ტვირთია?
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი