უპირველეს ყოვლისა, მსურს, დიდი მადლიერება გამოვხატო ჟურნალ "კარიბჭის" გამომცემელთა მიმართ, რომ ამ მეტად მძიმე და განსაცდელებით სავსე დროს საჭირო, ჭეშმარიტ და სულის საკურნებელ სიტყვას გვაწვდიან. მადლობა უფალს და "კარიბჭის" რედაქციას, რომ მისი საშუალებით მაქვს შესაძლებლობა, დაბადების დღე მივულოცო ჩემს საყვარელ მოძღვარს, სულიერ მამას, თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის და მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძართა წინამძღვარს დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს.
სამწუხაროდ, მრავალი წელი ვფლანგე ამაოებასა და ამ სოფლის სიამეთა დევნაში. ბოლოს, როცა "მივდერკ ჭენებით დაცემად, უფალმან ხელი აღმიპყრა მე". დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე და "გული ჩემი შემიძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისაი დამეცა ჩემ ზედა". ხორციელად დაუძლურებულმა და სულიერად მეტად შეჭირვებულმა მივაშურე ეკლესიას. უფალმა შეისმინა ჩემი ლოცვა-ვედრება და მხსნელად და მკურნალად გამომიჩინა ისეთი მოძღვარი, როგორიც გახლავთ მამა არჩილი.
ყველა, ვისაც კი ფეხი დაუდგამს ამ ტაძრებში, დამემოწმება, რამხელა მადლი ტრიალებს იქ. ამიტომაც არ წყდება მომსვლელთა ნაკადი და ყველას კეთილ მასპინძლად ხვდება დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი თავის ქრისტესმიერ ძმებთან - მამა გიორგისთან და მამა მირიანთან ერთად.
მოძღვართან მისვლამდე წაკითხული მქონდა მისი ინტერვიუ, რომელშიც მამა არჩილი ამბობს: "ბევრს მიაჩნია, რომ ძალიან მკაცრი ვარ". როცა მას დაელაპარაკები, უმალ ხვდები, რომ ეს ასე არ არის. პირიქით, ის გახლავთ უფაქიზესი, პოეტური სულის ადამიანი.
მოგეხსენებათ, შვილი ყოველთვის ბაძავს ხორციელ მშობელს და რაოდენ დიდი ბედნიერებაა, როცა მშობელი მართლაც მისაბაძია. ასევეა ეკლესიაშიც - სულიერი შვილი ცდილობს მიბაძოს სულიერ მამას და რაოდენ დიდია უფლის წყალობა, როცა გეყოლება ისეთი მამა და მასწავლებელი, როგორიც ჩემი სულიერი მოძღვარია.
მიზნად არ მაქვს, ამ პატარა წერილში ჩამოვთვალო მისი ღვაწლი, - ეს ძალიან შორს გაგვიტაცებდა, - მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი გახლავთ მჭევრმეტყველი, მართლმეტყველი, მამულზე უსაზღვროდ შეყვარებული, პოეტი და მთარგმნელი, ფუტკარივით მშრომელი, უანგარო ადამიანი. როცა ამბიონზე ახოვნად ამართული, სულიწმინდის მადლით აღსავსე მოძღვარი ქადაგებს, უსმენ და გრძნობ, როგორ მაღლდები სულიერად, როგორ იღვრება შენში სიყვარული და რწმენა, რითაც სავსეა მოძღვარი, კვლავ მოუთმენლად ელი მომდევნო კვირას, რომ მოისმინო მისთვის ჩვეული ტემბრით წარმოთქმული უკვდავი სიბრძნე.
როცა მთელი მრევლი სულგანაბული დგას და მონუსხული, თვალცრემლიანი უსმენს მოძღვარს, თვალნათლივ რწმუნდები, რამხელა ძალა აქვს სიტყვას - მის ბაგეთაგან მწყობრად გადმოღვრილი სიტყვები ნათელს გიღვრის სულში, პასუხობს შენს ყველა კითხვას. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ამაგდარ მოძღვარს თავისი სამწყსო იმ უდიდესი ბედნიერებისკენ, ღვთის შემეცნება რომ ჰქვია.
დღეს, როცა დაგლეჯილია საქართველო, როცა იყიდება "ჭირითა და ვაგლახით მოპოვებული საქართველოს დამოუკიდებლობა", მოძღვრის ყოველი სიტყვა, ცხოვრების პირადი მაგალითი, ხასიათის სიმტკიცე, პირდაპირობა იმედით მავსებს და მჯერა, როგორც ერთ-ერთ ლექსში ამბობს მამა არჩილი, რომ "გამობრწყინდება ხატიც აწყურის, მცხეთაც - მეორე ურუშალიმი".
გილოცავთ, საყვარელო მოძღვარო და მამავ, დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მრავალ მშვიდობიან და ბედნიერ ვარდობისთვეს, ჭეშმარიტი სულიერი შვილების სიმრავლეს და ისეთ საქართველოში ცხოვრებას, თქვენ რომ გეოცნებებათ. იხარეთ და იდღეგრძელეთ თქვენს ლამაზ ოჯახთან და მრევლთან ერთად!
თქვენთვის მლოცველი,
ცოდვილი მხევალი ღვთისა
ცოდვილი მხევალი ღვთისა
ჩვენი სულიერი მამის ძვირფას დედას ქალბატონ ლილის!
ქ-ნო ლილი, იმრავლონ და იხარონ თქვენნაირმა ქართველმა დედებმა! გულში ალბათ დამეთანხმებით, ქალიშვილს ვერ გაზრდის დედა ისე მოწესრიგებულს, როგორიც ჩვენი მამა ლუკაა.
ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენს მამაოს ბევრი პრობლემა დავახვედრეთ, მაგრამ ღვთის შეწევნითა და მოძღვრის შეუპოვარი ხასიათით, შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობით და უპირველეს ყოვლისა, უფლის რწმენითა და მინდობით, მამაომ ყოველივე სიძნელე გადალახა.
იყოს, ჩვენო მამაო, თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი ჩვენი უფალი იესო ქრისტე. დაე, მუდამ გიბრწყინავდეთ თვალებში ბედნიერების ცრემლი, თქვენი სულიერი შვილების კარგი აღზრდით გამოწვეული. იხარეთ და იბედნიერეთ!
ბარსელონა
დალი ხურციძე, მარიამ გიორგაძე, ლია ფეიქრიშვილი,
ნათია ისაკაძე, სალომე ხუცურაული, ქრისტინე ლიპარტელიანი,
ნანა კორკოტაძე, ირმა სიხარულიძე
დალი ხურციძე, მარიამ გიორგაძე, ლია ფეიქრიშვილი,
ნათია ისაკაძე, სალომე ხუცურაული, ქრისტინე ლიპარტელიანი,
ნანა კორკოტაძე, ირმა სიხარულიძე
ძალიან უსუსური და დაცემული ვარ, თუმცა სხვების თვალში უფრო უცოდველი, კეთილი, ძლიერი და კარგი ვჩანვარ. ეს საიდუმლო მხოლოდ ღმერთმა იცის. შემიძლია განსაცდელში მყოფი გავამხნევო, შევაგონო, რომ ყოველივე ღვთისგან არის და რწმენაში გასაძლიერებლად მოგვევლინება, მაგრამ თავად მცირედსაც ვერ ვუძლებ და ვტირი და ვტირი ამხელა კაცი... მაგრამ მარტო არ ვტირი, ვდგავარ ხატებთან და ვუყვები, რომ არაფრის ღირსი არ ვარ, რომ ყველაზე ცოდვილი მე ვარ... თუმცა ალბათ უფრო იმიტომ ვტირი, რომ ყველაფერი კარგი მინდა.
ღმერთი ჩვენში ყველაფერს ხედავს! ნატანჯი ღმერთი! ჩემგანაც რამდენჯერ უარყოფილი... დამნაშავე მე ვარ და დღეს წუწუნს ვბედავ რაღაც უმნიშვნელოზე, მაგრამ ესეც ხომ ჩემი ნაწილია... და ვიცი, ის მაინც მისმენს, როგორც ძლიერი მამა თავის პატარა, უმწეო შვილს. მისმენს სიყვარულით და ბავშვივით ტირის ჩემთან ერთად.
უფალთან ვერ ვითვალთმაქცებ - მისთვის თავგანწირვა არ შემიძლია. მაგრამ მის გარდა არავის არავინ ჰყავს. ღმერთო, მხოლოდ შენ გესმის ჩემი და ვიცი, ჩემსავით უმწეო არსებას არ უარყოფ, სხვებზე მეტადაც გეცოდება და გიყვარს უმწეოები და კიდევაც მაძლიერებ. შენთან ერთად ფეხზე დავდგები...
არ მინდა, შენ გარეშე თუნდაც თავდადებული გმირი ვიყო, დაე, დავრჩე სამუდამოდ სუსტად, ნაგვად, ოღონდ შენთან ვიყო. ღმერთო, არ მიმატოვო ის, ვინც შენ მიგატოვა. შენ გარეშე ვერასდროს გავცემ ჭეშმარიტ სიყვარულს... არ მიგვატოვო!!!
"კარიბჭევ", რა ფაქიზად შემოდიხარ გულში. ძლიერებს აძლიერებ და სუსტებთან სუსტდები, რომ წამოაყენო ყველა. გმადლობთ თითოეულ თქვენგანს.
ზუგდიდი