ღმერთს ყველას გადარჩენა უნდა. უფალმა ხომ არჩევანის საშუალება მოგცა, თავისუფალ ადამიანად შეგქმნა და ახლა შენზეა დამოკიდებული, საით აიღებ გეზს
- ღმერთს ემსახურები თუ ეშმაკს. დაუკვირდი შენს თავს, შენს ცხოვრებას - ღვთისა და მოყვასის სიყვარული წარგმართავს თუ ეგოიზმი. რადგან უფალი სიყვარულია, სიყვარული აირჩიე, რადგანაც რაც უსიყვარულოდ კეთდება, ის ცოდვად შეგერაცხება.
ქეთევანი (54 წლის): საბჭოთა პერიოდში გაზრდილ თაობებს ძალზე გვიჭირდა სინამდვილის შეცნობა, ჭეშმარიტებასთან მიახლება.
ეკლესიაში სიარული სტუდენტობისას დავიწყე, თუმცა იქ უფრო იმისთვის შევდიოდი, რომ უფლისთვის ან ღვთისმშობლისთვის მეთხოვა, - ამა და ამ საგანში კარგი ნიშანი მიმაღებინე, ანდა - იმ ბიჭს, მე რომ მომწონს, ჩემი თავი შეაყვარე-მეთქი...
უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე და სამსახურში ერთი ღვთისმოსავი ქალის გვერდით მოვხვდი. თითქოსდა ჩასაფრებული ვიყავი, როგორც კი რამე შეეშლებოდა, გულში მიხაროდა, მორწმუნეა და ასეთი რამ როგორ ჩაიდინა-მეთქი. არც მღვდლებზე მქონდა მაინცდამაინც კარგი წარმოდგენა, რადგან იმ იდეოლოგიით გავიზარდე, რომლის მიხედვითაც, მღვდელი მატყუარა, ხარბი და თვალთმაქცი იყო.
ერთი ახლობელი მყავდა, ისეთ აზრებს აფრქვევდა, მონუსხული ვუსმენდი... მოძღვარს თავგამოდებით აქებდა და ვთხოვე, მიმიყვანე-მეთქი. თავისთან დამიბარა. მივედი. იქ მეორე ნათესავი დამხვდა. გაცხარებით კამათობდნენ. ჩემი მისვლა არც გაუგიათ, რადგან კარი ღია იყო. ახლა ქეთევანი მიმყავს იქო, - თქვა და იმ მეორემ უყვირა, - თვითონ დაბნელებული გაქვს გონება და ახლა იმასაც უბნელებ, შენ რომ ჭეშმარიტების გზაზე იდგე, შენი ერთი შვილი ბაპტისტებთან არ იქნებოდა, მეორე კი - იეღოველებთან. არ გრცხვენიათ, ერთ ოჯახში სამი სექტანტი რომ ხართო?! მართალი გითხრათ, მაშინ არც სექტანტის მნიშვნელობა ვიცოდი, მაგრამ მივხვდი, მთლად კარგი არ უნდა ყოფილიყო.
უკან მოშხამული გამოვბრუნდი. შინ დავბრუნდი და დიდხანს მწარედ დაფიქრებული დავბორიალებდი. მერე ბებიაჩემისეული მაცხოვრის ხატი გამახსენდა. ეს ერთადერთი ხატი იყო ჩვენს ოჯახში, რომელზეც ბებია მეუბნებოდა, როცა გზა აგებნევა, გულით სთხოვე და საშველს გამოგიჩენსო. იმ ხატის წინ დავიჩოქე და ტირილით ვთხოვე, - არ ვიცი, უფალო, საით წავიდე და გზა მიჩვენე-მეთქი. იმ საღამოს ჩემმა მეგობარმა დამირეკა, - სიონის მრევლი იყო, - ხვალ დილით მეტროსთან შეგხვდები და ეკლესიაში წავიდეთ, ჩემს მოძღვარს გაგაცნობო. ასე მივედი სიონში, სადაც ჩემი მომავალი მოძღვარი გავიცანი და მას შემდეგ მისი სულიერი შვილი ვარ, ვფიქრობ, ეკლესიის შვილიც.
ზაზა (43 წლის): მე მართლმადიდებელი ვარ, ჩემი მშობლებიც ხომ მართლმადიდებლები იყვნენ. ასარჩევი არაფერი გვქონია, რადგან ორჭოფობა არასოდეს განგვიცდია. საქმე მაშინ წახდა, როცა ჩვენს ოჯახს იეღოველები შემოეჩვივნენ. თავაზიანობის გამო ვერ ვიკადრეთ და გარეთ ვერ გავყარეთ. მათ შემპარავად დაიწყეს ქადაგება. დედაჩემი თავიდან ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყო მათი მოსმენა. ეს რომ შეატყვეს, დღეში ცხრაჯერ მოდიოდნენ. როცა დედაჩემი გადაიბირეს, როგორც ჩანს, ჯერი ჩვენზე მიდგა. ახლა ამ საქმეში დედაც ჩაერთო. ნელ-ნელა ჩემმა ცოლმა ეკლესიაში სიარულს უკლო, მერე საერთოდ აღარ დადიოდა, სამაგიეროდ, რძალ-დედამთილი რაღაც კრებებს არ აკლდებოდნენ.
ღმერთს არც ერთი შვილი დასაკარგავად რომ არ ემეტება, ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ნათლიაჩემი ჩამოვიდა სოფლიდან და ჩემს სახელზე ნაკურთხი ოქროს ჯვარი ჩამომიტანა: ნათლობისას ძვირფასი ჯვრის ყიდვის საშუალება არ მქონდა, ახლაღა მოვახერხე და ჩემს სახელზე ატარეო. დედაჩემმა და ჩემმა ცოლმა ბრაზით გადახედეს და უთხრეს, ჩვენს ოჯახში არც ჯვარს ცნობენ და არც ხატებსო. ნათლიაჩემი პატივცემული ქალი იყო და იმ რაიონში, სადაც ცხოვრობდა, ყველა ყურს უგდებდა. საოცარი ცოდნა გამოიჩინა ამ ქალმა - იეღოველთა ყველა დოქტრინა გაანადგურა. მთავარი ის არის, რომ არ იღლებოდა და არც ჩვენ გვასვენებდა. შინაც არ დაბრუნდა და როცა მეორე დღეს იეღოველები ისევ მოცუნცულდნენ, ხმალამოღებული დახვდა. მაშინ ეს ყველაფერი შემთხვევითობა მეგონა, მაგრამ ახლა ვხვდები, ღვთის ნება აღსრულდა, როცა ჩვენი ოჯახი მშობლიურ წიაღს დაუბრუნდა.
კონსტანტინე (31 წლის): არჩევანს ყველა აკეთებს, მაგრამ მთავარია, რას აირჩევ. მე ჩემი ცხოვრების წესად ქეიფი და დროსტარება ვაქციე, მერე ღვინის სმა ჩვეულებად მექცა და დილა რომ გათენდებოდა, სული სასმლისკენ მიმქონდა. მშობლების რჩევას ყურს არ ვუგდებდი და თავს იმით ვიმართლებდი, ნარკომანი მაინც არ ვარ-მეთქი. იქამდე მივედი, რომ ამქვეყნად აღარაფერი მაინტერესებდა. ერთადერთი, ეკლესიაზე ვერ ვამბობდი უარს და კვირა დილით, რა თქმა უნდა, ნასვამი, წირვაზე მივიჩქაროდი. იქ ერთი სტიქაროსანი დამიმეგობრდა. ასე, ჩემი ასაკის ბიჭი იყო, 20-21 წლის. ერთხელ მითხრა, ზიარებისთვის მოემზადე, ოღონდ, ხომ იცი, შაბათს ლოცვის შემდეგ და კვირა დღეს პირში სასმელი არ უნდა ჩაიკაროო. ისე მინდოდა ზიარება, დავთანხმდი, მაგრამ სული კბილით მეჭირა. მერე მოძღვარმა სამი-ოთხი დღე დამითქვა ვადად. მოვითმინე და საკუთარი თავის რწმენაც გამიჩნდა.
ვფიქრობ, ადამიანი ყველა ცოდვას მოერევა, თუკი ნებისყოფას გამოიჩენს და არჩევანს საკუთარი თავის სასარგებლოდ გააკეთებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი