"მას ეძებენ, რაც უყვართ"
ურწმუნოების პროპაგანდის პერიოდში გავიზარდე. ცოდვა გამხელილი სჯობია, ჩემდა სამწუხაროდ, "მამაო ჩვენოც" არ ვიცოდი.
პირველად მოძღვართან რომ მივედი, თავი უცხო გარემოში ვიგრძენი. კარგად მახსოვს, მამა იერომიელმა მითხრა: - როცა გიჭირთ, ეკლესიაში მაშინ მოდიხართო. მართლაც ასე იყო. ჩემი შვილი სამუშაოდ საზღვარგარეთ იყო წასული, წელიწადზე მეტი მასზე არაფერი ვიცოდით, ვერავითარ კავშირს ვერ ვამყარებდით.
დავიწყე ეკლესიაში სიარული, ვესწრებოდი წირვა-ლოცვებს. მალე ვიგრძენი, რომ ტაძარში განუწყვეტელი, დაუღალავი სულიერი მსახურებაა. როგორც ფუტკარი ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი იფრინოს, თითოეულ ყვავილთან მიფრინდეს, რათა თაფლისთვის მეტი ნექტარი შეაგროვოს, ასევეა მოძღვარიც - ცდილობს, წირვა-ლოცვით სულიერად გააძლიეროს მრევლის თითოეული წევრი და მიიყვანოს არა თავისთან, არამედ ქრისტესთან. ჩვენ კი, მრევლი, მოძღვარს "მამაოს" რომ ვუწოდებთ, დავფიქრებულვართ კი ამ სიტყვის ღრმა შინაარსზე - რა წონადი, რა დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მოძღვარს! ყოველ სულიერ შვილს სხვადასხვაგვარი სულის ტკივილი აქვს, ყველას ცალ-ცალკე რეცეპტი უნდა გამოუწეროს - გამოუნახოს!
არ შეიძლება უმკურნალო სხეულს, თუ არ განკურნე სული (სოკრატე). სულის განკურნება კი გრძელვადიანი საგზურია... ამ რთულ განგებულებას მხოლოდ ღვთის მსახურები ართმევენ კარგად თავს, რამეთუ ღვთის ძალით არიან დამუხტულნი. გიორგი მერჩულის ლოგოსი ყველასთვის ცნობილია: "მღვდელი, მონაცვლე ქრისტესი, არა თავად ქრისტე".
"სულიერ მოძღვარს უფალი მაშინ უგზავნის კაცს, როცა იგი მისკენ მოექცევა". მე კი ათეიზმის სამოსელს ნელ-ნელა ვიხდიდი. რელიგია - ეს ხომ რწმენაა ზებუნებრივი ძალებისა! ლათინურმა ანდაზამ თავი კატეგორიულად შემახსენა: "უწიგნოდ სწავლა საცრით წყლის ამოღებაა". სულიერი საზრდო წიგნებიდანაც უნდა მიმეღო, იფქლის პურიც იყო საჭირო...
თავში მიტივტივებდა პლანეტის უდიდესი ადამიანების შეხედულებები ღმერთზე... ყველგან და ყველაფერში გულმოდგინედ დავეძებდი ღმერთს, რამეთუ სულიერი საზრდო არც ოჯახიდან და არც სკოლიდან მქონდა!
წიგნებში ჩაფლულს განსაკუთრებით მომეწონა კანტის, ნიუტონის, ბაირონის, ნაპოლეონისა და ლომონოსოვის საზრისები ღმერთზე.
შთამბეჭდავია ნიუტონის უკანასკნელი სიტყვები, სიკვდილის წინ თავის ძმისშვილს რომ უთხრა: "მომაწოდე წიგნი, - რომელი?! - წიგნი ერთია - ბიბლია!"
ინგლისელმა ფიზიკოსმა ბოილერმა მსოფლიოს მკაფიოდ ამცნო: "ბიბლიასთან შედარებით ყველა სხვა წიგნი მცირე პლანეტებს ჰგავს - თავიანთ ნათელსა და ბრწყინვალებას მზისგან იღებენ".
ჰაინეს ნათქვამმა გამაოცა: "ებრაელებს ტაძრის ხანძრის დროს არც ოქროსთვის და არც ვერცხლისთვის წამოუვლიათ ხელი; მათ მხოლოდ ბიბლია გადაარჩინეს, რამეთუ ამ საკაცობრიო საგანძურში ვარსკვლავებივით უთვალავი სიბრძნე იყო დაუნჯებული".
ნაპოლეონი შურნარევი სინანულით ამბობდა: "იმპერიები დავაარსე ძალადობითა და სისხლით, იესო ქრისტეს მიერ დაარსებული იმპერია კი დაფუძნებულია სიყვარულზე. იგი ადამიანებისგან გულს მოითხოვს".
პლანეტის უდიდესი ადამიანების საზრისებს რომ ეცნობი ღმერთზე, გიჩნდება აგრესიის გრძნობა იმ პერიოდის მიმართ, რომელშიც გაიზარდე... ამ უკმაყოფილებას ნაწილობრივ მივსებს ბრძნული ანდაზა: "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს".
განა შეიძლებოდა, ადამიანს არ სცოდნოდა "მამაო ჩვენო", "დედის ლოცვა"?!. ესენი ხომ ქრისტიანობის ბრწყინვალე გვირგვინებია!..
ის, რაც ბავშვობაში ძალუმად მაკლდა, ახლა ჩემს შვილიშვილებს არ აკლიათ. ჩემმა პატარა თამუნამ ზეპირად იცის "მამაო ჩვენო", ძილის წინ ყოველთვის ლოცულობს ხატებთან.
დრომ დრო წაიღო, ახლა მართლმადიდებელი რელიგიის რენესანსია.
ჩემო საყვარელო "კარიბჭე", ნება მიბოძეთ, თქვენი ჟურნალის მეშვეობით დაბადების დღე მივულოცო ჩემს პირველ მოძღვარს - ტიმოთესუბნის წმინდა მარიამ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარს იერომიელს:
მამაო, გილოცავ დაბადების დღეს - 22 აპრილს!
ღვთისკენ სავალ ბილიკებზე მხნედ გევლოთ!
წყალობა არ მოგაკლოთ უფალმა!
მრევლისგან სიყვარულით დანთებულ სანთლებს მარადიული სიხარული მოენიჭებინოს თქვენთვის!
თქვენ მიერ გაღებული უდიდესი მადლის საფასურად გწყალობდეთ ღმერთი!
იხარეთ მრავალჟამიერ ორთავ სოფელსა შინა!
თინათინ ჩორგოლაშვილი, პედაგოგი
მამა ზაქარიაზე სასაუბროდ სიტყვებიც უტყვია
იყო ჩვენი ხალხის ცხოვრებაში ავბედითი დრო, როცა ეკლესიები დაანგრიეს, წმინდა ადგილები წაბილწეს, ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის თავდადებულებს სჯიდნენ, ღალატს აბრალებდნენ, არაადამიანურად ექცეოდნენ.მადლობა ღმერთს! წარსულს ჩაბარდა ეს უკუღმართობა, ყველაფერი შეიცვალა! ხალხი ეკლესიას მიუბრუნდა... სამტრედიაში ბევრი ძველი ეკლესია შეკეთდა, განახლებული სახე მიიღო. ბევრიც ახალი აშენდა. საინტერესო ისაა, რომ ხალხი ამ მშენებლობაში დიდი ენთუზიაზმითაა ჩაბმული, რადგან სულის მშვიდობა ესაჭიროება და ნავსაყუდარი სულის სიმშვიდისა - წმინდა ტაძარია. მომავლის იმედით შთაგონებული მრევლი მიიჩქარის ტაძრისაკენ.
"ისტორიულად და დღესაც ერთადერთი ძალა, რომელიც ამთლიანებს ჩვენს ერს - არის საქართველოს ეკლესია", - თქვა თავის ერთ საკვირაო ქადაგებაში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.
დღეს, ამ დაძაბულ ვითარებაში, საერთო გასაჭირში, საერთო აღშფოთებისა და მწუხარების დროს, ხშირად სტრესულ ვითარებაში ქართველი კაცი სულის სიმშვიდეს წმინდა ტაძარში პოულობს, ლოცულობს. ლოცვა ხომ სულის ამაღლებაა, ბედნიერებაა, კეთილის ბოროტზე გამარჯვებისა და მომავლის რწმენაა.
ყოველი დღე რწმენით გითენდება, როცა იცი, რომ შეხვალ წმინდა ტაძარში, სულს მოიოხებ, ნახავ შენს საყვარელ მოძღვარს, რომლის ყოველი სიტყვა სალბუნად ედება შენს სულს.
ჩვენი ოჯახი დიდი სიხარულითა და რწმენით ემზადება ყოველთვის სამტრედიის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში მისასვლელად. იქ ველოდებით სიმშვიდეს, ჰუმანიზმის, კაცთმოყვარეობის ქადაგებას, ტკბილ, თბილ, კეთილ, დამაჯერებელ საინტერესო საუბარ-დარიგებას. ეს ყველაფერი ღვთისგან ბოძებული უდიდესი ნიჭის წყალობით ხელეწიფება ჩვენთვის ძვირფას ადამიანს მამა ზაქარიას (მესხი).
ეს ის მოძღვარია, რომლისგან მხოლოდ სათნოება და სიკეთე გამოსჭვივის. იმდენად ამაღლებული და შთამბეჭდავია მისი ქადაგება-დარიგებანი, რომ შეუძლებელია არ ირწმუნო ის, არ დაემორჩილო და დაუტკბე მას. მოძღვარს ისეთი დიდი დოზით აქვს მომადლებული სხვათა ჭირის გაზიარება, ქველმოქმედება, კეთილგონიერება, რომ მე, პირადად, როცა ფსიქოლოგთან მისვლა მირჩიეს, მას მივმართე და არც შევმცდარვარ. შედეგმაც არ დააყოვნა, ანკი სად იპოვი უკეთეს ფსიქოლოგს, სულის მკურნალს?! ასეთ ადამიანზე სასაუბროდ თითქმის ყველა სიტყვა უტყვია.
მინდა მთელი ჩემი ოჯახის სახელით დაბადების დღე, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო და მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მოძღვარს, მამა ზაქარიას, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა. უფლის მადლი და ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეს, ჩემო საყვარელო მეგობარო!
დიდი სიყვარულით თქვენი სულიერი შვილი
ნინო რუხაძე, სამტრედია
ნინო რუხაძე, სამტრედია