"ჭეშმარიტი და სარწმუნონი მონაზონნი" უწოდა გიორგი მერჩულემ იმ წმინდანებს, რომლებმაც საკუთარი ნებით "მიჰრიდეს" ამქვეყნიური ცხოვრება. ვინც ქრისტეს სიყვარულს მთელი გულით შეიცნობს, წუთიერი ცხოვრების თანამდევი სიხარულით ვერასოდეს დატკბება.
მარადიული მგლოვიარება იმ ადამიანთა ხვედრია, რომელნიც უფალმა გამოარჩია.
თამარი (60 წლის): თანამედროვე მოსაგრეებს მეტი ღვაწლი სჭირდებათ, რადგან სამყარო უკეთურებით აივსო, ისინი ხომ არა მარტო თავიანთი ქვეყნისთვის, მთელი კაცობრიობისთვის ლოცულობენ, მღვიძარებენ, მარხულობენ... ადამიანთა მოდგმა ამ ბოლო დროს უფრო გაურბის უფალს, ვიდრე წინა საუკუნეებში. მონაზვნობა რომ გადაწყვიტო, შესაძლოა მცირე მიზეზმაც იკმაროს, მაგრამ უფალმა რომ მიგიღოს, ამისთვის მისი ნებაა საჭირო.
ერთი მეზობელი მყავს, მორწმუნე, სიკეთით სავსე ქალია, მაგრამ ქალიშვილი გაეპარა და სასოწარკვეთამ შეიპყრო. არც სხვა შვილები დაქორწინდნენ ისე, როგორც მას სურდა და ამის გამო თავი ზედმეტად იგრძნო. მონაზვნობა მინდაო, - გამანდო ერთხელ. მე რა უფლება მქონდა, ან რჩევა მიმეცა, ან დამეშალა და მთელი გულით ვურჩიე, თავის მოძღვართან მისულიყო. ქვეშეცნეულად მივხვდი, რომ მონაზვნური ცხოვრების სიმძიმეს ვერ აიტანდა. ამას, რასაკვირველია, მისი მოძღვარიც მიხვდა.
მართალი გითხრათ, მეც არაერთხელ მიფიქრია, გავცლოდი ამაოებას, მაგრამ ეს უფრო იმ დროს ხდება, როცა ვინმე მაწყენინებს ან განსაცდელი შემხვდება. განსაცდელს ნაკლებად ვუძლებ და მონაზვნად რომ შევდგე, ვიცი, თვალყური მაინც აქეთ მექნება. ამიტომაც, ვფიქრობ, მონაზვნები რჩეულნი არიან და ჩემისთანა უდები, ამპარტავანი და ამქვეყნიურობის მოყვარული ნაკლებად შეძლებს იმ ტვირთის ზიდვას, რომელსაც არა კერძო, არამედ საყოველთაო სიყვარული ჰქვია. ჩვენ კი ალბათ ჩვენი ჯვარი გვაქვს საზიდი, მაგრამ იმხელა ტვირთს არ უნდა მოვეჭიდოთ, რისი ზიდვაც არ შეგიძლია.
დარეჯანი (57 წლის): მონაზონთა ცხოვრებაზე ბევრი არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რაც წიგნებში წამიკითხავს. მაშინაც ბევრი რამ გამკვირვებია და, სულო ცოდვილო, მიფიქრია კიდეც, ასე როგორ ცხოვრობენ ან რა საჭიროა განცდების დათრგუნვა და ადამიანურ ბედნიერებაზე უარის თქმა-მეთქი. ეს უფრო ახალგაზრდობაში იყო, ახლა სხვაგვარად ვფიქრობ, მაგრამ ჩემი ამქვეყნიური სიამეებისკენ მომართული გონება ბოლომდე მაინც ვერ იზიარებს, რომ უფლის უზომო სიყვარულია საჭირო.
ჩემს მეზობლად ერთი პატიოსანი, წესიერი, განთლებული ოჯახი ცხოვრობდა. ორი შვილი ჰყავდათ - ქალ-ვაჟი. ვაჟი წყნარი იყო, მშვიდი, ზრდილობით სავსე, გოგონა - ახტაჯანა. ბოლო სართულზე ავიდოდა, კიბის მოაჯირს შემოაჯდებოდა და პირველ სართულზე ჩამოსრიალდებოდა. რამდენჯერ მოხვედრიათ ამვლელ-ჩამვლელთ მისი ფეხი... გვითქვამს კიდეც, ამისგან არაფერი გამოვაო. ნიჭიერი იყო და სკოლაში ფრიადებზე სწავლობდა, დაამთავრა თუ არა, უნივერსიტეტში მოეწყო. ისეთი ქალიშვილი დადგა, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თაყვანისმცემელიც უამრავი ჰყავდა.
ბოლო დროს ჩაფიქრებული დადიოდა. შევიტყვეთ, რომ ეკლესიური გამხდარა, მაგრამ მორწმუნე სხვაც ბევრი გვენახა, ასე სხვანაირად "დადინჯებული" კი - არავინ. ერთხელ დედამისი შემხვდა და მიამბო, რომ მონასტერში მოუნდომებია ცხოვრება. ცოტა ხნით გავუშვი, მაგრამ ვიცი, სხვა ჩანაფიქრი აქვს და მეშინია, ჩემი წინათგრძნობა არ ახდესო. მაშინ მეც შევწუხდი, რადგან ბევრი რამ არ მესმოდა.
მართლაც აღიკვეცა მონაზვნად. არ ვიცი, რომელ მონასტერში მოღვაწეობს, მაგრამ ხანდახან ჩამოდის, ისიც იმიტომ, რომ დედ-მამას, როცა ავადმყოფობენ, მიხედოს. არც სხვებს გვაკლებს ხელს, ყველას გაჭირვებას იზიარებს და თუ მატერიალურად არ შეუძლია, ფიზიკურად გვეხმარება.
ომარი (60 წლის): როცა ჩემმა ერთადერთმა ვაჟმა ბერობა გადაწყვიტა, თავზარი დამეცა. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ ურწმუნო ვიყავი. ჩემი მეუღლე ამას მშვიდად შეხვდა, თუმცა შინაგან ღელვას მასაც ვამჩნევდი. ჩემი მთავარი საფიქრალი ის იყო, როგორ გაუძლებდა ცხოვრების იმ წესს, რომლითაც ბერები ცხოვრობენ. ბერად აღკვეცას ვესწრებოდი და ვტიროდი. ვიცოდი, ამიერიდან მე კი არა, ღმერთს ეკუთვნოდა.
აღკვეციდან რამდენიმე თვე არ მენახა, პატარძეულში მოსაგრეობდა. მერე ჩავაკითხეთ და დედამისმა თბილი პლედი და ლეიბი წაუღო... ისეთი სახე ჰქონდა, დავინახე თუ არა, აბორგებული სული დამიმშვიდდა, თითქოს მისი სიმშვიდე გადმომედო. მოდის ხოლმე ჩვენთან - ჩვენ მის გარდა არავინ გვყავს - და გვივლის, გვეხმარება. ის თბილი ქვეშსაგები კი უკან გამოგვატანა - ასე მირჩევნიაო, აგვიხსნა. მეტი არაფერი უთქვამს და არც ჩვენ გვიკითხავს - ძნელი მისახვედრი არ იყო, რატომაც ერჩივნა "ასე".
კონსტანტინე (30 წლის): თავს ვერ ვიმართლებ იმის გამო, რაც საკუთარ თავს და მშობლებს შევამთხვიე.
20 წლისაც არ ვიყავი, როცა ნარკოტიკებს გავუგე გემო. კი მივხვდი, რომ სწორ გზაზე არ ვიდექი, მაგრამ ასე იოლი არ ყოფილა თავის დანებება - თან თავს ვებრძოდი და თან თვალი ნარკოტიკებისკენ გამირბოდა.
მერე ცოლი შევირთე, სათნო და მორწმუნე გოგონა გამოდგა. იცოდა, რასაც შეება, მაგრამ უკან არ დაუხევია. არც მე ვიხევდი უკან - თითქოს ახლა უფრო დამრია ხელი ეშმაკმა. მთელი ღამეები შინ არ მივდიოდი, სადაც ვიშოვიდი წამალს, იქ ვათენებდი. ცოლი მოთმინებით მელოდა და თუ კვირადღეს შინ "მომიწევდა" ყოფნა, მეტყოდა: ეკლესიაში წავიდეთო. თავდაპირველად იმიტომ მივყვებოდი, რომ ვფიქრობდი, ეს ერთი სურვილი მაინც შევუსრულო-მეთქი. მერე და მერე თავად მინდოდა წასვლა და, პირიქით, ცოლს ვაჩქარებდი. აღსარების სურვილი გამიჩნდა და გულიც ამოვაყოლე. ბევრს ვცდილობდი, მაგრამ ამ ბოროტებას თავს ვერ ვაღწევდი.
მერე მოძღვარმა მირჩია, მარტყოფის მამათა მონასტერში წავსულიყავი... ისე ვჩქარობდი, როგორც ადრე წამლის გასაკეთებლად. იქ ჩემნაირი ბევრი დამხვდა. როცა იქაური ბერების ცხოვრებას ვაკვირდებოდი, თავი მეზიზღებოდა, რადგან ორი პოლუსი ვიყავით: ისინი თავიანთი მოთმინებით, ღვთისა და ადამიანების უდიდესი სიყვარულით გამსჭვალულნი, და მე - ეშმაკის მსახური. არ მოვყვები, როგორ ცხოვრობენ, უფრო სწორად, შრომობენ, იღვწიან და ლოცულობენ, მაგრამ ერთი კია: მათი სიწმინდე ჩემნაირებისთვისაც კი უდიდესი მაგალითია.
მე ახლა ორი შვილის მამა ვარ, ჩემი ცხოვრება კალაპოტში მოექცა, მაგრამ ისე შემომიტევს ჩემს სათნო, ღვთისნიერ მამებთან ყოფნის სურვილი, თავს ვეღარ ვერევი და მარტყოფის გზას დავადგები ხოლმე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი