მინდა მოგმართოთ ფასანაურის მრევლის სახელით. ფასანაურში ამ რამდენიმე წლის წინ აღადგინეს კომუნისტების დროს დანგრეული მოციქულთა პეტრე და პავლეს სახელობის ეკლესია, რომლის აღდგენაშიც ფასანაურელებმა უდიდესი შრომა გასწიეს. ეკლესიაც აშენდა, დაიწყო წირვების ჩატარებაც, მრევლმაც იწყო სიარული, გვყავდა ძალიან კარგი მოძღვრები - მამა თეიმურაზი, მამა ნეოფიტე, ბოლოს კი მამა გიორგი. მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით უდიდესი მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ. თუმცა რატომღაც არც ერთი მოძღვარი არ შემოგვრჩა (ბოლო მოძღვარი მამა გიორგი ქავთარაძე მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს). დავრჩით მამაოს გარეშე. არადა ფასანაური დაბაა და არცთუ ცოტა ხალხი ვცხოვრობთ. როცა ეკლესიას შორდები, შორდები ღმერთსაც, ურწმუნოება აჩენს ბზარს ადამიანებს შორის. ეკლესიურობა ხომ საუკეთესო გზაა ადამიანთა გამთლიანებისა, მათ შორის ჰარმონიის დამყარებისა.
მივმართავთ კომპეტენტურ ორგანიზაციას, თუ გნებავთ, საპატრიარქოს თხოვნით და მოწიწებით - გვჭირდება მოძღვარი, რომელიც ჩვენს სულებზე იზრუნებს, რომელიც ჩვენთან დარჩება. ჩვენს ეკლესიაში თვეში ერთხელ ანანურის მოძღვარი ამოდის და წირავს. ხან ამასაც მოკლებულნი ვართ. იქნებ გამოგვიგზავნოთ მოძღვარი და წირვა-ლოცვის მადლი კვლავ მოეფინოს ჩვენს პატარა, მაგრამ ლამაზ მხარეს.
გვინდა ასევე, დიდი მადლობა გადავუხადოთ ფასანაურის მკვიდრთ ნოდარ ქავთარაძეს, სოფელ ხანდოში მცხოვრებ ტყუპ ძმას ზაზა და ზურა მელიქიშვილებს და ყველას, ვინც ახლახან ფასანაურში სპორტული სკოლა დააარსა. ამ ახალგაზრდებმა მართლაც უანგაროდ იღვაწეს, რასაც ბევრი არ გააკეთებდა. ღმერთმა დაგლოცოთ და ბევრი ასეთი კეთილი საქმე გაგაკეთებინოთ. "საქმემან თქვენმან წარმოგაჩინოთ".
დიდი მოწიწებით სოფ. წითლიანების
საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო მელიქიშვილი
საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო მელიქიშვილი
P.S. თქვენი ჟურნალის თითოეულ ნომერს სათუთად ვინახავ. მინდა, მომავალში ჩემმა შვილმაც (ახლა ის მხოლოდ 3 წლისაა) წაიკითხოს და სულიერ სიბრძნეს ეზიაროს.