"გულისწყრომა უგუნურთა გულში ბუდობს". სულგრძელობა მოთმინება და მორჩილებაა და თუ დავითმენთ, თუ მოყვასისგან მოყენებულ ტკივილს მორჩილად შევხვდებით, უფლის თვალში ავმაღლდებით.
ბაჩუკი (40 წლის): დედაჩემი მორწმუნე ქალია. რომ ნახოთ, თავადაც მიხვდებით. მშვიდია, სათნო, კეთილმზერიანი. მისი ლოცვითა და მადლით მოვდივართ მშვიდობით და ჯანმრთელად. ბებია ვერიკო, არ ვიცი რატომ, რადგან დედა ამაზე არასოდეს ლაპარაკობდა, ვერ იტანდა რძალს. მამაჩემს პირველი ცოლი ჰყოლია. ბებიაჩემი თურმე ვერც იმას შეჰგუებია და ერთმანეთისთვის გაუშორებია. მერე იმ ქალს, მამაჩემის ჯინაზე, ერთი წლის ბიჭუნა გაუშვილებია და დღესაც არ ვიცით მისი ასავალ-დასავალი. ბებია გვიყვარდა, მაგრამ გული გვტკიოდა და გვრცხვენოდა, ჩვენი სახლიდან სულ ბებიას წყევლა-კრულვა რომ ისმოდა. დედაჩემი ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ზოგჯერ ამას ვერ ახერხებდა.
დედის სულგრძელობა და მოთმინება გვაოცებდა, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ გავოცდით, როცა ბებია ავად გახდა და დედამ შვილივით მოუარა, თან გადაჰყვა, ღამეებს უთევდა, მაგრამ მოხუცი იყო და არაფერი ეშველა. მერე დედამ სთხოვა, მღვდელს მოგიყვანთ, გაზიარებთ და იქნებ გამომჯობინდეთო. ბებიაც დასთანხმდა. ეტყობოდა, ცოდვებიც ამძიმებდა. დედამ მოამზადა, ურჩია, აღსარება გულწრფელად ეთქვა და მოძღვარიც მოუყვანა. მახსოვს, მღვდლის სახე, ბებიას ოთახიდან რომ გამოვიდა, ოფლს ცხვირსახოცით იწმენდდა. ბებია გარდაიცვალა და დედას არც მიცვალებულისთვის დაუკლია რამე.
ეს ყველაფერი ჩვენთვის, შვილებისთვის, საოცარი მაგალითია. დედის მსგავსად ვერ ვცხოვრობთ, მაგრამ როცა ვინმე გვაწყენინებს, ვცდილობთ მივუტევოთ და შურისძიებაზე არ ვიფიქროთ.
მადონა (49 წლის): ვფიქრობ, სულგრძელობა ის არის, როცა ბოლომდე, ხინჯის გარეშე მიუტევებ ადამიანს. თეორიულად ვიცით, რომ ბოროტება ბოროტებით არ უნდა გადავუხადოთ, მაგრამ რატომღაც გვიჭირს ამის გაკეთება. საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით მაგალითს გვაძლევენ. ასეთი იყო ჩემი მეზობელი მარუსია დეიდა.
მარუსია წარმოშობით სომეხი იყო, აფხაზეთიდან. ჩვენს მეზობელ მიხეილს რომ გაჰყოლია, თავისიანების მალულად ქუთაისში მართლმადიდებლურად მონათლულა.
მიშა ძია კეთილი კაცი იყო, მეზობლებს არაფერს გვაწყენინებდა, მაგრამ სმა უყვარდა და ცოლ-შვილსაც აწიოკებდა. მარუსია დეიდა ხშირად გვინახავს ხან ცხვირგატეხილი, ხანაც თვალდასივებული. ერთხელ დედაჩემმა უთხრა, წადი შენიანებთან, რას აკვლევინებ მაგ ოხერ მიშას თავსო. შევატყვე, ეწყინა დედაჩემის ნათქვამი - ჯერ ერთი, შვილებს მამას ვერ დავუკარგავ და მეორეც, კაცი ავადმყოფია და იმისთვის მოვინათლე, ავადმყოფს ხელი ვკრაო?
მერე მიშა ძია ლოგინად ჩავარდა. მარუსია დღედაღამ მუშაობდა და ოჯახს არაფერს აკლებდა. ავადმყოფს ისე უვლიდა, მეზობლები გაკვირვებული იყვნენ. ერთხელაც არ დასცდენია თურმე საყვედური, არადა, როგორი ტანჯული ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ცხოვრება რომ გაჭირდა და მარტო დარჩა, სახლი გაყიდა და სოხუმში წავიდა. შვილები იქ იყვნენ გათხოვილები და რა უნდა ექნა... მერე გავიგეთ, აფხაზებს მოუკლავთ, ქართული გვარი რატომ გაქვსო.
დიანა (55 წლის): ჩემს მეუღლეს ერთი მეგობარი ჰყავს, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, არადა მამამისი მდიდარი კაცი იყო. 4 წლისას გარდაცვლია დედა და დედინაცვალს პირველივე დღეს ისე შესჯავრებია გერი, მისი მოვლა კი არა, თვალით დანახვა არ უნდოდა. იმდენი ეჩიჩინა თურმე ქმარს, რომ პატარა ბავშვთა სახლში მიუბარებიათ. მამა იშვიათად თუ ნახავდა შვილს და ესეც დიდი ნერვიულობის ფასად უჯდებოდა.
ბიჭმა სკოლა-ინტერნატი დაამთავრა და უმაღლეს სასწავლებელში მოეწყო. თვითონ საყვედური არასდროს დასცდენია, მაგრამ საკუთარ ცხოვრებაზე იმხელა ტკივილით ჰყვებოდა, სულს შეგიძრავდა კაცს. ხუთოსანი სტუდენტი იყო, სტიპენდიასაც იღებდა, ღამღამობით კი დარაჯად მუშაობდა.
მაშინ სოციალისტურ ქვეყნებთან წარჩინებული სტუდენტების გაცვლითი პროგრამები იყო და ჩემი მეუღლე და თენგიზიც, როგორც წარჩინებულები, ამ პროგრამაში მოხვედრილან. პოლონეთში უნდა წასულიყვნენ. თენგოს უთქვამს, მამასთან მივალ, ჩემოდანს გამოვართმევო. რაღაცები უყიდია და ჩემოდნისთვის ფული არ დარჩენია. მართლაც მისულა. მამამისს ჩემოდანი კი მიუცია, მაგრამ ამ ამბავს დედინაცვალი შესწრებია და ისეთი ამბავი აუტეხავს, თენგო ატირებული წამოსულა იქიდან. მერე ბიჭებს ფული შეუგროვებიათ და ჩემოდანი უყიდიათ.
ამ ამბავში ყველაზე საოცარი ის არის, რომ პოლონეთში გამომუშავებული კაპიკებით თენგოს თავისთვის არაფერი უყიდია, დედინაცვალს, მამას და უმცროს და-ძმას წამოუღო საჩუქრები.
ალექსანდრე (35 წლის): პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, როგორ ეხმარებოდა დედაჩემი ჩვენს მეზობელს. ის ქალბატონი მქსოველი იყო და დედას ხან სამსახურში მიჰქონდა მისი ნამუშევრები, ხან მეზობლებში. ფულს ყოველთვის დროულად აძლევდა. თუ დაუგვიანდებოდა, მამას ართმევდა ან თავისი ხელფასიდან უსტუმრებდა.
ერთხელაც რაღაცები გაუყიდა, მაგრამ სანამ ფულს აიღებდა, პაპა გაგვიხდა ავად სოფელში და დედა იქ წავიდა. გაალმასებული მოგვივარდა ის ქალბატონი, ჩვენც გაგვლანძღა, მამაც და დედაჩემს ჩარჩი უწოდა. დედა რომ დაბრუნდა, ფული სასწრაფოდ გამატანა, ის კი, რაც გასაყიდი დარჩენოდა, მეორე დღეს სამსახურში წაიღო. მამაჩემი ლამის გაგიჟდა. დედას "ჩარჩობა" აუკრძალა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, თუმცა დედა მამაჩემის ყველა თხოვნას უსიტყვოდ ასრულებდა.
მაშინ კი ვბრაზობდი, მაგრამ ახლა მივხვდი, რატომ მოიქცა დედა ასე - მშვიდი იყო, მომთმენი, სხვისი ჭირის გამზიარებელი და სხვანაირად არ შეეძლო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი