ნათლობა ის საიდუმლოა, რომლის დროსაც უკვე გაქრისტიანებულ ადამიანს მფარველი ანგელოზი დაუდგინდება. იგი უფლის წიაღში შედის, ქრისტეთი "შეიმოსება".
ანგელოზი ჩვენი დამცველია სიკვდილამდე, იგი მიგვიძღვება წინ, მაგრამ რაოდენი მოფრთხილება და მისათუთება სჭირდება მას, რომ ჩვენი უგვანო ქცევებით არ დავაღონოთ და ავატიროთ. ჩვენ კი სხვათა განკითხვითა და ამპარტავნებით, ვინ იცის, რამდენჯერ შეურაცხვყოფთ მას და იძულებულს ვხდით, განგვეშოროს.
კესო (35 წლის): - ჩემი მშობლები პატიოსანი და მშრომელი ადამიანები იყვნენ, ეკლესიაშიც დადიოდნენ, მაგრამ ეტყობა, რაღაც აბრკოლებდათ და მე და ჩემი და-ძმა მოუნათლავები ვიყავით. ბავშვობაში საშინელი დეპრესია დამეწყო, ვერც სწავლას ვუდებდი გულს და არც მეგობრებთან ურთიერთობა მინდოდა. სიზმრებიც მტანჯავდა. ჩემი სიზმრების "გმირიც" დღემდე მახსოვს - აწოწილი, შავი კაცი ჩემს საწოლთან ისე ახლოს მოდიოდა, მის სუნთქვასაც კი ვგრძნობდი... დაზაფრულს მეღვიძებოდა და მერე ღამეს შიშით ვათენებდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დედას ვთხოვე, მოგვნათლე-მეთქი. ჯერ საშუალება არ გვაქვსო. მდგომარეობა გამიმწვავდა. ექიმებთან წამიყვანეს. წამლები მხოლოდ მაბრუებდა და არაფერს მშველოდა. მერე დედამ ეკლესიაში წამიყვანა. თითქოს შვება ვიგრძენი, მაგრამ დიდხანს ვერც იქ გავჩერდი. დედა მოძღვარს ესაუბრა და იქიდან დაფიქრებული გამოვიდა. მეორე დღესაც მიმიყვანეს საყდარში და მღვდელი თვითონ დამელაპარაკა. ყველაფერი მოვუყევი და ტირილი დავიწყე. ორი კვირა ვიარეთ მე და დედამ ეკლესიაში, მაგრამ ის ორი კვირა ტანჯვად მექცა - ახლა უფრო ხშირად ვხედავდი სიზმრისეულ მოჩვენებას, რომელსაც ხელში ჯვარი უკუღმა ეჭირა. დადგა ნათლობის დღეც. მე და ჩემი და-ძმები ტაძარში რომ მიგვიყვანეს, საშინელი თავის ტკივილი დამეწყო, თვალს ვერ ვახელდი, გაქცევა მინდოდა, მაგრამ რაღაც ძალა მაკავებდა. მოვინათლეთ. მოძღვარმა მოგვილოცა და გვითხრა, ამიერიდან თქვენი მცველი ანგელოზი იქნებაო. თითქოს დიდი ტვირთი ჩამომეხსნა. მას შემდეგ ის სიზმარი აღარ მინახავს... როცა შვილები გამიჩნდა, ორმოც დღემდე მოვნათლე ორივე - უკვე ვიცოდი, რას ნიშნავდა მფარველი ანგელოზის გარეშე ცხოვრება.
ალექსანდრე (40 წლის): - მფარველი ანგელოზის ძალას, რასაკვირველია, ვგრძნობ და თანაც ყოველ წუთს. ვცდილობ, ჩემი საქციელით არ განვარისხო იგი, მაგრამ თუკი უნებლიეთ რაიმე წამცდა, ვუბოდიშებ და ვევედრები, არ განმირისხდეს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პატარა ბიზნესი წამოვიწყე. საქმე კარგად მიმდიოდა. მერე რაღაც აირია და დავიბენი. იმის ნაცვლად, რომ ღმერთს მივნდობოდი, ჰოროსკოპების კითხვა დავიწყე. ნელ-ნელა იმ ჰოროსკოპების მიხედვით დავიწყე ცხოვრება. თუ ეწერა, მეგობარს ნუ ენდობიო, ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი. თუ კარგი ამბები მქონდა "ნაწინასწარმეტყველები", გაბადრული დავდიოდი და როცა არ შესრულდებოდა, ყურებს ჩამოვყრიდი. დედაჩემი გუმანით გრძნობდა ყოველივეს და როცა ჰოროსკოპში თავჩარგულს მნახავდა, შემაპარებდა - ეგ ვერ გიშველის, შვილო, იქნებ ილოცო და ღმერთს შემწეობა სთხოვოო. ვთხოვე და არაფერი ამისრულა-მეთქი, საყვედური ვკადრე უფალს და თანაც რამდენჯერმე. ერთხელ ქუჩაში ვიღაც ბავშვი შემომეფეთა და ქსეროქსზე გადაღებული ფურცლების ყიდვა შემომთავაზა. მფარველი ანგელოზის ლოცვები გამოდგა. რაღაცნაირად გამიხარდა, მერე დედაჩემის მოწყობილ სახატესთან დავდექი, სანთელი ავანთე და კითხვა დავიწყე. იმდენი კეთილი სიტყვა, იმდენი ნუგეში წამოვიდა, ენით ვერ აღვწერ. მას შემდეგ სხვანაირად დავიწყე ფიქრი და ალბათ ცხოვრებაც, რადგან წირვა-ლოცვაზე სიარული ჩემთვის სიცოცხლის ნაწილი გახდა.
იულია (65 წლის): - ჩემი ბებია და ბაბუა მართლმადიდებლები იყვნენ და შვილიშვილებსაც მართლმადიდებლური წესებით გვზრდიდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, დედაჩემზე იმძლავრა ეშმაკმა და ბაპტისტებს მიეკედლა. მამა არ გვყავდა, ავარიაში დაღუპულიყო. ჩვენც მოუნათლავები ვიყავით. მართალია, როცა ოჯახში ვინმე გარდაიცვლება, ბავშვებს ნათლავენ, მაგრამ დედას ამაზე უარი უთქვამს, როგორც ჩანს, მაშინ უკვე დადიოდა ბაპტისტების სამლოცველოში. მერე იქ წაგვიყვანა და ჩუმად მოგვნათლა. გამეგონა, ნათლობის შემდეგ ადამიანის ცხოვრება იცვლებაო, მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი... ბებია-ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ოჯახიდან ხატები გაქრა, სანთელსაც არავინ ანთებდა. დედაჩემი ღმერთსა და რწმენაზე ხშირად გველაპარაკებოდა, მაგრამ რაღაცნაირად აფორიაქებულ-აღგზნებული, რაც არასოდეს შემიმჩნევია ბებია-ბაბუისთვის - ისინი ყველაფერს მშვიდად და მოკრძალებით აკეთებდნენ. ეს კი ღმერთს ისე ახსენებდა, თითქოს მისი ამხანაგი ყოფილიყო. მე ძალიან მიყვარდა ხატები, მაგრამ შინ მათ მიტანას ვერ ვბედავდი. წიგნში მქონდა ჩადებული და ძილის წინ ვემთხვეოდი ხოლმე. მერე გავთხოვდი. დედას უნდოდა, ბაპტისტს გავყოლოდი, მაგრამ არ დავემორჩილე. ძალიან კარგი ოჯახი შემხვდა, თუმცა დედაჩემი კარგა ხანს არ მელაპარაკებოდა. მერე ჩვენს ოჯახში სიარულს მოუხშირა და ქადაგებაც დაიწყო. შვილი 5 წელი არ მეყოლა... ალბათ ეს განსაცდელი იმიტომ მომივლინა უფალმა, რომ თავის წიაღში დავებრუნებინე. ერთხელ რუსთაველზე მოვდიოდი. ქაშვეთის ღია კარი დავინახე. შევედი და ჩემი ამბავი ღვთისმშობელს ცრემლის ღვრით მოვუყევი. შევფიცე, შვილი თუ მეყოლება, მასთან ერთად მეც მოვინათლები-მეთქი. მე მჯერა სასწაულის და ვიცი, ჩემი გულწრფელი ცრემლებისა ღვთისმშობელმაც დაიჯერა, ერთ წელიწადში გიორგი მეყოლა. ბავშვი მალე მოვნათლეთ. მეც მოვინათლე... თითქოს ფრთები გამომესხა. მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომ მფარველი ანგელოზი მიცავდა. ახლა შვიდი შვილიშვილი მყავს სამი შვილისგან და მათი კარგად ყოფნით ვხარობ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი