ყოველთვის მიყვარდა განკითხვა, განსაკუთრებით მეძავისა. გავიდა წლები და იმავე ცოდვის წინაშე აღმოვჩნდი და საკუთარი თავის წინაშე მარტო დარჩენილს გამახსენდა, "ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხოთ". უნდა ვაღიარო ერის და კაცობრიობის წინაშე - ეს იყო საშინელი "ცოდვა", რომელსაც ვერ ვებრძოდი, თან გარდატეხის ასაკში. სამწუხარო ის იყო, რომ ვნანობდი, ვტიროდი და კვლავ ვეცემოდი. არ ვინდობდი არავის. არ მაინტერესებდა, დაქალის შეყვარებული იყო, ახლობლის ქმარი თუ... შემდეგ წავიკითხე "მარიამ მეგვიპტელის" ცხოვრება და გავოცდი... ყველაფერი მეორდებოდა - ასაკი, ბრძოლა, დაუნდობლობა, მხოლოდ საკუთარი სიამოვნება... და ბოლოს, ცრემლები, თვითმკვლელობის სურვილი, დამცირება, ლანძღვა... ეს ყველაფერი გადავიტანე... ღმერთს შევჩივლე, - ღმერთო, ამ ცოდვით რატომ მტანჯავ-მეთქი... ერთ ფერისცვალების დღეს მოხდა ჩემი ფერისცვალებაც. ვაღიარე საშინელი ცოდვები ცრემლებით და დარცხვენილმა. ახლაც მახსოვს, გავქვავდი. მეგონა ვერასოდეს მოვინანიებდი, მოძღვარი ტაძრის კარს დამიხშობდა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ამ ჭაობიდან ნელ-ნელა გამომიყვანა თავისი კეთილი ქადაგებით, სითბოთი და სიყვარულით წრომის ტაძრის ბერმა მამა ექვთიმემ. ის მე უფალმა გამომიგზავნა. ღმერთმა დალოცვილი ატაროს თავის ბერულ გზაზე. მახსოვს, სიხარულის ცრემლებად გადამექცა ცოდვის ცრემლები, როცა შენდობის ლოცვას მიკითხავდა. მის მერე შევიცვალე, გავთხოვდი, ახლა პატარა ოჯახი მაქვს. მაგრამ უკან მოხედვა მზარავს, ნუთუ ის მე ვიყავი?
ეს ჩემი პატარა აღსარებაა და ყველას ვთხოვ: მამა გაბრიელის სიტყვებს მოვიხსენიებ: "ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით..."
მონანული
ჩვენმა უსაყვარლესმა მამამ ილია II-მ ააღორძინა სულიერი ცხოვრება საქართველოში. განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო, რომ მოგვმადლა ისეთი სულიერი დარაჯი, ვისი გულებიც სიკეთით და სიყვარულით არის სავსე. მე ორი მოძღვარი მყავს მამა მიქაელი (გალდავა) და მამა ათანასე (რუხაძე) ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შრომა აკისრიათ, სხვისი ჭირი გულთან ახლოს მიაქვთ, მათი ლოცვით ჩვენ არასოდეს მივატოვებთ უფალს.
შთაბეჭდილებებზე მინდა გითხრათ: მოვინახულეთ ჯიხეთის დედათა მონასტერი (ლანჩხუთის რ-ნში) ეზო ბაღნარს ჰგავს, მიწიერი სამოთხეა, როგორი კეთილი მოშურნეობით ემსახურებიან ტკბილი მონაზვნები უფალს, საოცარი მადლი იყო მონასტერში, თქვენი ლოცვის იმედი გვაქვს.
ძვირფასო რედაქციავ, გმადლობთ, რომ არსებობთ. ღმერთმა დაგლოცოთ!
სიყვარულით - ელისო ცანავა, აბაშა
სოლომონ ბრძენმა თქვა: "ათვლა ნულიდან იწყება, სიარული ნაბიჯით, მტრის სიყვარული და მოყვასისთვის თავის განწირვა - არსიძულვილით, არგანკითხვით და საკუთარი თავის შეცნობით".
50 წლის კაცმა ავიდგი ფეხი 2000 წელს თბილისში, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სადაც ახლობელმა მირჩია მევლო და მამა სვიმონი ამეყვანა მოძღვრად. პირველად ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც მივედი ეკლესიაში მამა სვიმონთან (ნუცუბიძე), რომელსაც სახითაც კი არ ვიცნობდი. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ღმერთის დიდი დახმარება. ძნელი იყო უცნობისთვის გულის გახსნა და ყველაფრის მოყოლა, მაგრამ მამა სვიმონი ისე მამობრივად მომიდგა, რომ ნელ-ნელა ვიცილებდი იმ დიდ ტვირთს, რომელიც დიდი ხანია მამძიმებდა. მწამდა, რომ ღმერთი არსებობდა, დღესასწაულებზე ეკლესიაში სანთლებსაც ვანთებდი, მაგრამ არც კი ვიცოდი, რატომ. უბრალოდ, საჭიროდ მიმაჩნდა. ახლა ღვთის წყალობით და მოძღვრის სწავლებით ვიცი, რომ მართლაც საჭიროა და აუცილებელია ეკლესია, მოძღვართან გულისხმიერი საუბარი და ყოველდღიური ლოცვა, რომელიც გვშველის და გვიშველის ყოველთვის, ყველგან - რამდენჯერ მოძღვრის დახმარებით სასოწარკვეთილებიდან გამოვსულვარ... მამა სვიმონმა დიდი სიყვარული მასწავლა, საყვარელ სულიერ ძმებს დამაკავშირა. ღვთისმშობლის დღესასწაულზე მამა სვიმონი მეორე დამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მინდა მივულოცო მამა სვიმონს ეს ჯილდო და ვუსურვო, რომ ცხოვრებაში გამშვენებული და გახარებული იყოს თავის ოჯახთან ერთად.
მადლობას მოვახსენებ თქვენს ჟურნალს - მოუთმენლად ველი ყოველი ნომრის გამოსვლას, ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაგახაროთ.
მონა ღვთისა ამბროსი
(წყალტუბო)
(წყალტუბო)
"კარიბჭეში" დაბეჭდილი წერილები გულს სიხარულით მივსებს. დავიბადე და გავიზარდე კახეთის ლამაზ სოფელ ტიბაანში. აქ დგას V-VI საუკუნეების წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის ტაძარი. ბავშვობიდან მხოლოდ 9 იანვარს, წმინდა სტეფანე ხირსელის დღესასწაულს ვხვდებოდით ეკლესიაში, ისიც ჩუმად. ახლა ხშირად ვესწრები წირვა-ლოცვას, რამაც დიდი სულიერი სიმშვიდე მომიტანა. ვარ მარტოხელა, 17 წელია, მეუღლე გარდამეცვალა. შვილიც არ მყავს. ისე ვიყავი ჩემი უბედურებით განადგურებული, რომ არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ეს 2 წელი და 6 თვეა, რაც ეკლესიაში დავდივარ. ნეტავ სად ვიყავი აქამდე? პირველი აღსარება რომ ჩავაბარე და ზიარება მივიღე, ასე მეგონა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. თითქმის ყველა განსაცდელი მომეხსნა. ეს ჩემი მოძღვრის მამა ლაზარეს დიდი დამსახურებაა, რაზეც უფალს დიდ მადლობას ვწირავ.
ღმერთი გვფარავდეს ყველას, ამინ.
ე. ჯანყარაშვილი
მოგესალმებით და თქვენს დასალოცად წმინდა პეტრე მოციქულის ეპისტოლედან რამდენიმე სიტყვას მოვიშველიებ: "თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად... ღვთის სასურველ სულიერ მსხვერპლად იესო ქრისტეს მიერ".
მართლმადიდებელი ერი დამეთანხმება, რომ მაცხოვრის ქადაგება: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი რაოდენი გამცნეთ თქვენ" - ოცი საუკუნის წინ არ დასრულებულა. ის დღესაც გრძელდება. ოღონდაც მოციქულთა საქმეს ახლა ღვთისმსახურნი განაგრძობენ.
მძიმეა ტაძრის წინამძღვრის ჯვრის ზიდვა, თან ამავე დროს მსუბუქიც, რადგან ღვთის სამსახურად დგას. მოძღვარი ხომ ჩვენი სულების დაზიანებულ მხარეებსაც ხედავს და დიდი რუდუნებით, მოთმინებით კურნავს მათ.
უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ეკლესიის წინამძღვრობა მარტო წოდება როდია. ესაა პიროვნება, რომელიც ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს ისტორიაში, იცოდეს ძველი ქართული. წინამძღვარი ფსიქოლოგიც უნდა იყოს და ადამიანთა სულის მცოდნეც, განათლებულიც საერო საკითხებში და ამასთანავე, ღრმა სულიერი მოღვაწე. წინამძღვრისათვის არა მარტო თეოლოგიური განათლებაა საჭირო, ის უნდა ერკვეოდეს ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაში, გარკვეულ ზღვარში - ეკონომიკაში და პოლიტიკაშიც. ეს თვისებები ყველა ერთად თავმოყრილია მთავარანგელოზთა ეკლესიის წინამძღვრის დეკანოზ მამა იოსებ შალამბერიძის პიროვნებაში. ზომიერად და კიდევ უფრო მეტადაც.
მამა იოსებ, თქვენი წინამძღვრობის წლებმა თქვენი მხრებით ზიდა მრავალი მძიმე წლის განსაცდელი, სარწმუნოებრივი შეურაცხყოფისა თუ არაშემთხვევითი ხანძრისა და, დღემდე ხელუხლებელივით მოიტანეთ ტაძარი როგორც სულიერების ნავსაყუდელი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი.
- ბოლო ჟამს ადამიანებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული გადაარჩენს - ეს მამა იოსების საყვარელი გამოთქმაა.
ტაძარში მყოფნი აშკარად ვგრძნობთ როგორ ხარობთ ყველა თქვენი სულიერი შვილის წარმატებით და ახლობელივით გვერდით უდგახართ მწუხარებისას. არასოდეს ივიწყებთ შეჭირვებულს. თქვენ ხომ მთლიანად მწვანეყვავილას უბნის მოძღვართ მოძღვარი ხართ.
მთავარანგელოზთა ეკლესიაში მსახურება ორ განსხვავებულ ენაზე მიმდინარეობს და ეს ტრადიცია თქვენი ძალისხმევით დღემდე არ დარღვეულა.
საუკუნეზე მეტია ისევ ისე მხნედ და მთელი დიდებულებით გადმოჰყურებს მაღლობიდან მთავარანგელოზთა ტაძარი ქალაქს. ახლოვდება ტაძრის დღესასწაული. გილოცავთ, მამა იოსებ ამ დღესასწაულს და უამრავი სულიერი შვილის გულისთქმას გამოვხატავ: მხნეობას, სიჯანსაღეს და მრავალი ათეული წლის სიცოცხლეს გისურვებთ.
რეზო, ქუთაისის
მთავარანგელოზთა ტაძრიდან
მთავარანგელოზთა ტაძრიდან
მამაო, ჩემო სულიერო მოძღვარო, ღმერთმა დაგლოცოს. მინდა გაგიმხილო ის, რაც ჩემს ცოდვილ გულს ტანჯავს. ჩემი ცხოვრება ცოდვებით არის დამძიმებული, ალბათ სულ თითებზე იქნება ჩამოსათვლელი ის შეცოდებანი, რომლებიც მე არ ჩამიდენია... ათეისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ტაძარში სხვის დასანახად თუ შევდიოდი, ანდა იქ მოხვედრილი ისეთ შეწევნას ვითხოვდი უფლისაგან, რაც არ უნდა მეთხოვა. დროდადრო რაღაც უჩვეულო გრძნობა მიჩნდებოდა, თითქოს უფალი თავისკენ მიხმობდა, მე კი ამქვეყნიურ სიამეებს აყოლილი, ბოროტებასა და ავაზაკობაში ვიძირებოდი - ვქურდობდი, ვლოთობდი, სიძვაში ვიყავი და არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ადამიანი ამქვეყნად სულ სხვა მიზნით იყო მოვლინებული. 2001 წელი იდგა. ძალიან ცუდად ვიყავი. საოცრად მინდოდა მონასტერში წასვლა, მაგრამ ვერ შევძელი ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩემ ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომელთაც გულით ეწადა ჩემი სიკეთე, არ უნდოდათ, რომ ავაზაკურად მეცხოვრა, მაგრამ...
პეტრე-პავლობის მარხვა იწყებოდა, როცა საკანში ჟურნალ "კარიბჭის" ნომრები შემოგვიგზავნეს. ვიფიქრე, მოდი დროის მოსაკლავად თვალს გადავავლებ-მეთქი... ახლაც არ ვიცი, რა იყო ის, რამაც გული და სული შემიძრა! უფალმა სწორედ ის მომივლინა, რაც მჭირდებოდა. მარხვას შევუდექი და სიგარეტზეც უარი ვთქვი. ლოცვა თავისთავად შემოვიდა გულში და ვერ ვაცნობიერებდი, რატომ ვტიროდი ამ დროს. მრცხვენოდა ჩემი წარსულისა, ვიხსენებდი როგორ განვიკითხავდი, დავცინოდი, ზემოდან ვუყურებდი სხვებს, ვაგინებდი და შევურაცხყოფდი ჩემს მშობლებს, დედაჩემს, რომელიც დარსა თუ ავდარში მოდიოდა ციხეში, რომ ჩემთვის რამე შემოეგზავნა. მენანება ის წლები, რომელიც ამაოებაში გავატარე... ალბათ უფლის ნება იყო, რომ აქედან შემედარებინა წარსული და აწმყო, თავად მე მომცა არჩევანის საშუალება. ალბათ გახსოვთ ჩემი პირველი აღსარება, ცრემლს რომ ვერ ვიკავებდი, რამდენი რამ მქონდა სათქმელი, მაგრამ თითქოს ენა გამიჩერდა. თქვენ ოლარი დამაფარეთ და შენდობის ლოცვა წამიკითხეთ. შვება ვიგრძენი. ბევრს ჰგონია, იმიტომ შევიცვალე, რომ მიჭირს ციხეში. მესამედ ვარ აქ, მამაო, მშვენივრად ვიცნობ აქაურ ცხოვრებას. ეს სიმართლე არაა. ციხიდან გასვლის შემთხვევაში ჩემი ერთადერთი სურვილი ბერად აღკვეცაა, თუ ღირსი გამხადა უფალმა - მისი გზანი ხომ შეუცნობელია. ძალიან მინდა ამქვეყნიურ ჭუჭყს ჩამოვცილდე და გადავარჩინო დამძიმებული სული. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის შემდეგ ღმერთმა ღირსმყო, მეგრძნო ჭეშმარიტების მადლი. ძალიან მინდა ის დრო, ვიდრე სასჯელს ვიხდი, უფლის წყალობითა და თქვენი დახმარებით სწორად გამოვიყენო, შევისწავლო ყველაფერი, რაც შემდეგ მონასტერში ცხოვრებისას გამომადგება.
"კარიბჭის" ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე ლარგვისის წმინდა თეოდორე ტირონის მამათა მონასტრის შესახებ. ვიფიქრე, თუ ასე ვიცხოვრებ, სასჯელის მოხდისთანავე ამ მონასტერში წავალ-მეთქი.
მამაო, ახლა კი ძალიან მიჭირს. კარგად მესმის, რომ თქვენ ვერ ახერხებთ ჩვენთან ხშირად შემოსვლას. არადა, როგორ მინდა მალ-მალე მოდიოდეთ, თქვენი ნახვა ძალიან მამშვიდებს. ხშირად ლოცვაც მიჭირს, ყურადღება მეფანტება, ალბათ ბოროტი მებრძვის, მაგრამ ვიხსენებ თქვენს დარიგებას და ჩემს თავს შევუძახებ, გაუძელი-მეთქი.
მამაო, ჩემო პირველო მოძღვარო, ილოცეთ ჩემთვის. ღმერთი იყოს თქვენი, თქვენი ოჯახისა და მრევლის მფარველი.
თქვენი სულიერი შვილი მამუკა რატიშვილი