მოძღვარი მამაა, რომელმაც ხელი უნდა ჩაგვკიდოს და უფალ იესო ქრისტეს განწმენდილ-გასუფთავებული ჩაგვაბაროს.
როცა მოვიხსენიებთ ჩვენს ცოდვებს და იმას ვიტყვით, რის თქმასაც ალბათ ხშირად ხორციელ მამასთანაც ვერ გავბედავთ, როცა შემუსვრილი გულით ვაღიარებთ ჩვენს უგულისყურობას, უსიყვარულობას და ათას სხვა რამეს, სულიერი მოძღვარი დაგვარიგებს და გზას გვიჩვენებს. ჩვენ კი, უმადურები, ზოგჯერ არცთუ პირუთვნელად, მის განსჯასაც არ ვერიდებით.
გიორგი (28 წლის): - ჩემდა სამწუხაროდ, არაეკლესიურად ვცხოვრობ და მოძღვარი არ მყავს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ურწმუნო ვარ ან ეკლესიაში არ დავდივარ, მაგრამ რატომღაც ვერ ვბედავ აღსარების თქმას. ალბათ მიმიყვანს უფალი აქამდე, იქნებ მივყავარ კიდეც, მაგრამ მე ვერ ვუგდებ ყურს, რადგან ზოგიერთი ცოდვა, ანუ ის სისაძაგლე, რომელიც გაცნობიერებული მაქვს, რომ ცოდვაა, ისე მომიჭერს გულზე ხანდახან, თავი მეზიზღება. დედაჩემი მეუბნება, - როცა აღსარებას იტყვი და უფალი შეგინდობს, შემსუბუქდებიო, მაგრამ მაინც ვერ მივედი აქამდე. ისე, ბავშვობისას ნაზიარები ვარ, ძალიან მოუსვენარი და დაუმორჩილებელი ვიყავი, ჩხუბიც მიყვარდა. ერთხელ ჩემი კლასელი შემომელახა, დედამ ეს ძალიან განიცადა, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში წამიყვანა. გულამოსკვნილი შესტიროდა მოძღვარს, - ასეთი დაუნდობელი რა გავზარდეო. მეც ვწუხდი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მეთქვა მოძღვრისთვის ყველაფერი. მოძღვარი მამა ზურაბი იყო - მაღალი, ბრგე ვაჟკაცი. ასეთები ალბათ დროშით ხელში მიუძღვებოდნენ ქართველთა ლაშქარს. ხელი მომკიდა და სააღსარებოდ მიმიყვანა. ისეთი სიყვარულით მიყურებდა, ყველაფერი გულახდილად ვუამბე. თუ მანამდე დედ-მამასთან თავს ვიმართლებდი და ვცრუობდი კიდეც, ახლა თავის მართლება არც მიცდია. ნათლიაჩემის ლოცვაც ხშირად დამხმარებია მატერიალური გაჭირვების თუ, ერთი შეხედვით, გამოუვალი სიტუაციის დროს. ერთხელ გერმანიიდან მანქანა მომყავდა. გზა ამერია. დაბნეული და გასაცოდავებული ვიყავი, როგორია 22 წლის ბიჭისთვის უცხო ქვეყანაში ყოფნა, თითქოს რაღაც ძალამ მხნეობა შემმატა და გზაც გამოჩნდა. უვნებლად ჩამოვედი. მერე დედ-მამას რომ ვუყვებოდი ამის შესახებ, დედამ მკითხა, როდის მოგივიდა ესო. ვუთხარი, ღმერთს მადლობა შესწირე - ნათლიაშენი იყო ჩამოსული გურიიდან. რომ გაიგო, გერმანიაშიაო, ქაშუეთში წავიდა და შენთვის ილოცაო.
ანიკო (60 წლის): - სულიერი მოძღვარი კარგი შემახვედრა უფალმა. ჩემი წარსულის გულით გამოტირება მხოლოდ მამა ალექსანდრესთან შევძელი. ახლა ხორციელ მამაზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა და ამით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც იოლი ჰგონიათ ოჯახის დანგრევა, ვუთხრა, რაოდენ ძნელია უმამოდ შვილის ცხოვრება. მამას ორი წლისა მივუტოვებივარ. რასაკვირველია, მაშინდელი ტკივილები არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, როგორ ვტიროდი, როცა ჩემს თანატოლებს მამები ხელში აიყვანდნენ და ეფერებოდნენ. მამაჩემი ჩვენი პატარა ქალაქიდან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად თავის ახალ ცოლ-შვილთან და მე ალბათ არც კი ვახსოვდი. სკოლაში გულდაგულ ვმალავდი, რომ დედ-მამა გაშორებული იყო და ვამბობდი, მოკვდა-მეთქი. მრცხვენოდა და ამ სირცხვილის გამო ვნატრობდი კიდეც, რა ბედნიერია ჩემი მეზობელი მარინა, მამამისის საფლავზე რომ დაჰყავს დედამისს-მეთქი. მამა პირველად სკოლის დამთავრებისას გამომეცხადა და მითხრა, - ვამაყობ შენით, წარჩინებული გოგონა ყოფილხარ, მთელი ქალაქი გაქებსო. წარბშეკრულმა ვუთხარი, - არ გიცნობ და რომც გიცნობდე, შენით არ ვიამაყებდი-მეთქი. უსიტყვოდ გაბრუნდა, შემეცოდა და შინ გული ამოვისკვენი. დედა და ბებია გამიჯავრდნენ - შენხელა გოგომ ამის თქმა როგორ უნდა გაუბედო მშობელსო. ეტყობა, ამან დამაფიქრა და უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, მოვძებნე მამა. რაღაცნაირად შეცბა, ალბათ იფიქრა, სტუდენტია, გაუჭირდა და იმიტომაც მოვიდა ჩემთანო. არადა ასეთი რამ არც მიფიქრია. მისმა გულცივობამ კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ მამა არ მყავდა. მერე გავთხოვდი... ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, - მამაშენი ცუდადაა და შენთან შეხვედრას ითხოვსო. წავედი და შვილებიც წავიყვანე. ცრემლი მოერია და პატიება მთხოვა... მაგრამ იქნებ მანამდე დავფიქრდეთ და შვილს გული არ გავუბზაროთ. მე ყველაფერი ვაპატიე, მაგრამ ხომ ვგრძნობდი, რომ მამაშვილური სიყვარული ამოშლილი იყო ჩემი გულიდან. არ მინდა საიქიო ცხოვრება დაუმძიმდეს იმ ტკივილების გამო, რაც მომაყენა და უფალს ვევედრები, შეუნდოს გულგრილობა და უსიყვარულობა.
მარიამი (30 წლის): - ჩემი და ჩემი შვილების მოძღვარი ვაიმარის რუსული ეკლესიის მღვდელი მამა მიხეილია. უცხო ქვეყანაში ბევრი რამ გიჭირს ადამიანს, ხანდახან დღესასწაულებსაც ვეღარ ვადევნებ თვალს, გამომეპარება ხოლმე. მამა მიხეილის სიტყვები, მისი სიყვარული მრევლისადმი, რომელსაც ძირითადად ემიგრანტები შეადგენენ, სულიერ მალამოდ დაგვედება ხოლმე. თავადაც ემიგრანტია, მისი წინაპრები რევოლუციური რუსეთიდან ჯერ იაპონიაში გადასულან, შემდეგ ევროპაში. მამა მიხეილს წირვა-ლოცვა ხან რუსულად მიჰყავს, ხან გერმანულად, აღსარებასაც ასე იბარებს. განსაკუთრებული სიხარული მაშინ მეუფლება, როცა გერმანელებს ვნათლავო, - მითხრა მაშინ, როცა ჩემი ქმარ-შვილის მონათვლა გადავწყვიტე. ჩემი გოგონა ყველაფერს უყვება. როცა რაიმეს ვკითხავ, მეტყვის ხოლმე, - შენ არა, მოძღვარს ვეტყვიო. უცხო გარემოსა და ცივილიზაციაში ძნელია შეინარჩუნო სულიერი სიმტკიცე, მაგრამ მამა მიხეილი აქაურ ქართველებს ამას გვიადვილებს. საქართველოში ჩამოსვლაზე ოცნებობს, მაგრამ მატერიალური მდგომაროება არ აძლევს ამის საშუალებას. მრევლი კი, როგორც მოგახსენეთ, ძირითადად ემიგრანტებისგან შედგება, თავადაც ძლივს გააქვთ თავი და ამ სურვილს ვერ უსრულებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი