27 წლის ვარ და სამი წელია, რაც ვეზიარე ქრისტიანობას.
ღვთის წყალობით, არაჩვეულებრივი ნათლია მყავს, მან მირჩია მოძღვრის აყვანა. ის გახლავთ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელი აბრაამ გორდელაძე.
სწორედ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ დააყენონ შეცდომილნი ჭეშმარიტ გზაზე. მან საკუთარი თავი მაპოვნინა, დამანახა ჩემი უარყოფითი და დადებითი თვისებები, მასწავლა ადამიანების სიყვარული, მათთან სწორად მოქცევა და, რაც მთავარია, ცოდვასთან ბრძოლა. ამ თავბრუდამხვევ და გულქვა სამყაროში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ - ადამიანებმა არ დავკარგოთ რწმენა, სიყვარული, სულიერი წონასწორობა.
ყოველ წუთს უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული, შეჭირვებულის შეწყალება, სიმშვიდე, მარხულობა, გულწრფელი ლოცვა თუ გადაგვარჩენს.
იცით, როგორი სიყვარულით სავსე თვალებით შემოგვხედავს? მაგრამ ხანდახან, როცა გამოფხიზლება გვჭირდება, გვიმკაცრდება და მაშინ ვგრძნობთ მის სიყვარულს ჩვენდამი. მე პირადად დარწმუნებული ვარ, მოძღვრის სიმკაცრე რომ არა, ის სულიერი მდგომარეობა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, არ გვექნებოდა.
ღვთის წყალობით, სახლიც მიკურთხა, ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში, რამაც ბევრ ჩემს ახლობელს აუხილა თვალი და, რაც მთავარია, ამით განიდევნა ჩვენი ოჯახიდან ის რელიგია, რომელიც დედას შვილს თვალწინ უკლავდა, თუ ქრისტეს ხატს ფეხს არ დააბიჯებდა. და, იცით, გასაოცარი ის იყო, რომ სიკვდილს უმრავლესობა სიხარულით ეგებებოდა. მაპატიეთ, არავის შეურაცხვყოფ, მაგრამ ჩვენს ერს ჯერ კიდევ საღათას ძილით სძინავს. ცხოვრობდე ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში და რაღაც სექტის წევრი იყო, მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა. ჩვენი სულიერი მდგომარეობისთვის უღრმეს მადლობას ვუძღვნით ჩვენს მოძღვარს - აბრაამ გორდელაძეს. სითბო და სიყვარული არ ამოაკლოს უფალმა მის ოჯახსა და მის მრევლს. ამინ.
მრევლის სახელით ქეთევან და მარიამ ყურშუბაძეები, ჩაქვი
არჩევანი შენზეა
ხშირად ისე ვართ გართულნი ამაო საქმეებით, რომ აღარ გვახსოვს უფალი, რომელიც დიდი მოთმინებით, ყოველდღე ელის ჩვენს გამოფხიზლებას. ამ ლოდინში გადის დრო, ადამიანი კი გამოღვიძებას არ აპირებს, მაშინ უფალი მას განსაცდელით გამოაღვიძებს, რათა შეიგნოს, რომ სოფელი წუთიერია. ჩვენ წარმავალნი ვართ და ვერაფრის წაღებას ვერ შევძლებთ საუკუნო ცხოვრებაში. უგუნურო ადამიანო, ნუთუ საჭიროა განსაცდელი დაგატყდეს თავს, რომ გამოფხიზლდე, ნუთუ მართლა დაგავიწყდა შენთვის ჯვარზე გაკრული მაცხოვარი, ან იქნებ ის დაგავიწყდა, რომ უნდა მიუტევო, დათმო, მოითმინო, აიტანო, გიყვარდეს ქრისტეს გულისთვის? თუ გახსოვს, აღიღე ჯვარი და შეუდექ ქრისტეს, რომელიც მარადიულ ნეტარებას გაზიარებს. მუდამ გახსოვდეს, რომ ქრისტეს, უყვარხარ, მან გიბოძა უძვირფასესი საჩუქარი - დრო და თავისუფლება, რომლითაც უნდა გადაწყვიტო, ზიდო ჯვარი და ღვარო სინანულის ცრემლი თუ ღრმა ძილს მიეცე. არჩევანი შენზეა.
ნინო ჩინჩალაძე, 17 წლის, ქაშვეთის მრევლი
დაფიქრდით
ღმერთმა მოგვცა თავისუფალი ნება, მაგრამ ეს ნება უფლისთვის მოსაწონი უნდა იყოს. განა გვაქვს უფლება ვიყოთ: ბოროტნი, კაცისმკვლელნი, მრუშნი, ამპარტავანნი? არამც და არამც! იქნებ დაგავიწყდათ, რისთვის აცვეს ჯვარს იესო ქრისტე? რამდენი ტანჯვა-წამება, შეურაცხყოფა, დაცინვა აიტანა ჩვენი გულისთვის? ვიცით, რომ უცოდველი იყო, მაგრამ ჩვენ ვიყავით ცოდვის მორევში ჩაფლულნი. ეს ყოველივე გვავიწყდება, რადგან ისე ვართ ამქვეყნიური ცხოვრებით გატაცებულნი, რომ უკან მოხედვა აღარ გვინდა.
იყავით მოწყალენი, რათა ღმერთმა შეგიწყალოთ, დაიმდაბლეთ თავი და ღმერთი აგამაღლებთ ცათა შინა, გაეცით და მოგეცემათ უფლისგან, შეიწყალეთ და ღმერთი გადმოგხედავთ მოწყალე თვალით და შეგიწყალებთ თქვენ. არასდროს არ დაკარგოთ ღმერთის იმედი, რწმენა და სიყვარული. განა ღმერთს მადლობას არ უნდა წირავდეთ ყოველი დილის მშვიდობიანად გათენებისთვის? მაგრამ ადამიანს ეს არაფრად მიაჩნია. მართლაც რომ ადამიანი მხეცზე უარესია.
ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ისევ ჩვენ, ადამიანებმა, ჩვენივე ხელით ვაცვით ჯვარს იესო ქრისტე? ვინც ჯერ კიდევ არ დგას უფლის გზაზე, გაახილეთ თვალები, რადგან შორს აღარაა ჟამი მეორედ მოსვლისა, ამიტომ საჭიროა ვილოცოთ ბევრი, მივაშუროთ ღვთის ტაძარს. ეკლესიაღა დაგვრჩა სულის გადასარჩენად.
თამარ ჩინჩალაძე, 15 წლის, ქაშვეთის მრევლი
P.S. მე რა უნდა ვასწავლო და მოვუწოდო ადამიანებს, მეც ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ, შეიძლება უარესად ცოდვილი, ვიდრე სხვა ადამიანები, მაგრამ უბრალოდ ჩემი სატკივარი გამოვთქვი ამ მოკლე ჩანაწერით.