"ამაოება ამაოებათა, - თქვა ეკლესიასტემ, - ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა". იქნებ წინაპართა მოძღვრებას გადავხედოთ ჟამიდან ჟამზე და შევიგრძნოთ მადლი ამ სიტყვებისა;
იქნებ გაგვახსენდეს, რომ უდიდესი იმპერიები გასწორდა მიწასთან და უდიდესი მბრძანებლები, რომელთაც ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად, შეუერთდნენ მარადისობას. და რა იქნება იქ? როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ყველა საკუთარი საქმეებისამებრ განისჯება, ვერავინ მოახერხებს "თვალღებას" უფლის წინაშე, რადგან მან ჩვენი ყოველი დაფარული იცის.
ნინო (25 წლის): - ახალგაზრდობაში ნაკლებად ფიქრობ ამაოებაზე, წარმავლობაზე...
სადაცაა მაგისტრატურას დავამთავრებ, მერე ასპირანტურაში ჩავაბარებ. მინდა, ბევრი ვისწავლო, რათა საკუთარ თავსაც წავადგე და ქვეყანასაც. ამაოებაზეც დავფიქრებულვარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ უფალმა შექმნა ადამიანი და საკეთებელიც დაუწესა. თუკი მთელი სიცოცხლე ხელს არ გაანძრევ და იტყვი, ყველაფერი მაინც ოხრად დამრჩებაო, რა გამოდის, - უნდა იჯდე და სიკვდილს ელოდო? ჩვენი წინაპრები ასე რომ მოქცეულიყვნენ, გვექნებოდა კი დღეს სამშობლო? აშენდებოდა ამდენი მონასტერი, შეიქმნებოდა საოცარი სიმღერები და ცეკვები?
მე მაინც მგონია, ამაოების განცდა შექმნის დროს კი არა, მაშინ უნდა დაგეუფლოს, როცა მხოლოდ მოხვეჭაზე ფიქრობ, როცა ბოროტებას სჩადი და მოყვასის სიცოცხლის ხარჯზე საკუთარი ნაშიერის უზრუნველყოფას ცდილობ.
ბაჩო (30 წლის): - ამაოების განცდა ადამიანს სულ თან უნდა სდევდეს, მაგრამ სიკეთის მარცვალიც კი რომ არ იკარგება, ჩემს თავზე გამოვცადე.
ჩემი მოზარდობა საქართველოსთვის იმ ავადსახსენებელ წლებს დაემთხვა, როცა ქურდობა, ყაჩაღობა და იარაღის ტრიალი "კაიბიჭობად" ითვლებოდა. ერთხელაც ჩვენი უბნის "ყოჩები" საყაჩაღოდ გავედით. მეტროს ამოსასვლელში დავუდარაჯდით შეგვიანებულ მგზავრებს. ბევრი ცდა არ დაგვჭირვებია, რამდენიმე მგზავრი გავასუფთავეთ და ჯერი ჩვენი ასაკის ბიჭზე მიდგა - ბოტასების გახდა დავუპირეთ. საცოდავად შემოგვხედა და გვითხრა: ბიჭებო, ამის მეტი ფეხსაცმელი არ მაქვს, ხვალ გარეთ ვერ გამოვალ და ძველი მაინც მომეცითო. არ ვიცი, რა დამემართა, გაალმასებული ბიჭები დავაწყნარე, იმას კი ხელი მოვკიდე და ვუთხარი: წადი და ღმერთმა ხელი მოგიმართოს-მეთქი.
ქვეყანა დაწყნარდა. ჩვენც წამოვიზარდეთ. უკვე სირცხვილით ვიხსენებდით ჩვენს საქციელს. მე გერმანიაში დავიწყე სიარული - მანქანები ჩამომყავდა გასაყიდად. ერთხელაც უკან ვბრუნდებოდი ნაყიდი მანქანით და გზაში გამიჩერდა, ვერაფერი მოვუხერხე. გადმოვედი იმის იმედით, იქნებ ვინმემ მანქანა გამიჩეროს-მეთქი. არავინ გამიჩერა. სასოწარკვეთილმა ვიფიქრე, მანქანას გადავაგორებ და დილამდე მოვიცდი, იქნებ ვინმე მადლიანი წამომეშველოს-მეთქი.
საღამო ხანი იყო, თან ტრიალ მინდორზე ვიყავი და, მართალი გითხრათ, შიშმა ამიტანა. ამ ფიქრში ვიყავი, რომ ჩემ წინ მანქანა გაჩერდა. ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა და გამიღიმა. მერე ქართულად მკითხა, რა გაგჭირვებიაო. მთელი საღამო იწვალა და მანქანა აამუშავა. მადლიერებისგან, არ ვიცოდი, რა მექნა, ძმურად გადავკოცნე და ვუთხარი, სად ცხოვრობ თბილისში, რომ მოვიდე, გნახო და მადლობა კაცურად გადაგიხადო-მეთქი. შენი ვალი მე მაქვსო, - მითხრა. დავაკვირდი და ის ბიჭი შევიცანი... ჯერ შემრცხვა, მერე კი გადავეხვიე და პატიება ვთხოვე. ის ჩვენი მოპარული ტანსაცმელი გაცვდა - ამაოების კანონებს დაემორჩილა, დარჩა მხოლოდ დიდი სირცხვილი და გულისტკენა.
ქეთევანი (77 წლის): - ახალგაზრდობაში სილამაზით მომქონდა თავი. ახლა ერთი სახედანაოჭებული, მოკუნტული დედაბერი ვარ, მაშინ კი ჩემ გამო საუკეთესო ვაჟკაცები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებდნენ. ამით თავი მომწონდა და ხან ერთს ვუბრიალებდი თვალებს, ხანაც მეორეს. მერე გავთხოვდი. ერთი შვილის მეტი არ მომცა ღმერთმა და ისიც გოგოს გულისთვის მომიკლეს. ასე დავისაჯე...
სილამაზეს ღმერთი გვაძლევს, მაგრამ ბოლოს ისიც ქრება. თუ თან სათნოება არ ახლავს, სილამაზე არავის სჭირდება...
ნაილი (50 წლის): - შეძლებული ოჯახის შვილი ვიყავი და სიღარიბეში ცხოვრება ვერ წარმომედგინა. ამხანაგ-მეგობრებსაც ამის მიხედვით ვირჩევდი - ვის მამასაც მეტი ფული ჰქონდა, მეგობრობაც იმასთან მინდოდა. გათხოვებაზე რომ მიდგა საქმე, ისეთ ბიჭს დავუწყე ძებნა, ვინც ყველა სურვილს ამისრულებდა. ვიპოვე კიდეც და თავი ბედნიერი მეგონა. ასეც იყო - რაც მინდოდა, ყველაფერი მქონდა. დავდიოდით საზღვარგარეთ, ვაწყობდით ხალხმრავალ ქეიფებს... ჩვენს ოჯახში მოხვედრა ყველას არ შეეძლო; მხოლოდ ის იყო ღირსი, ვისაც ძვირფასი საჩუქრების მორთმევა შეეძლო. არასოდეს მომსვლია აზრად, გაჭირვებულს დავხმარებოდი, პირიქით, ასეთ ხალხს ამრეზით ვუყურებდი. ვინმეზე რომ იტყოდნენ, პატიოსანიაო, სიცილით ვკვდებოდი - ჭამოს და ჩაიცვას თავისი პატიოსნება-მეთქი. შვილებს შინამოსამსახურეები მიზრდიდნენ. უმაღლეს სასწავლებელშიც ისე მოვაწყვე ორივე და ისე დაამთავრეს, წიგნი არ გადაუშლიათ - შვილებს ამისთვის როგორ "გავწირავდი!" უფროს ბიჭს ფირმა გავუხსენით. ფულის შოვნის დიდი ყისმათი აღმოაჩნდა, მაგრამ... კაზინოში დაიწყო თამაში და ნელ-ნელა ყველაფერი დავკარგეთ: ჯერ ნივთები გავიტანეთ სახლიდან, მერე ავეჯი და მანქანებიც დავყიდეთ, ერთი სახლიც და დავრჩით ცარიელ სასახლეში. გვეგონა, გონს მოვიდოდა, მაგრამ ის სახლიც გაგვაყიდვინა, მოვალეები კი კარს გვიმტვრევდნენ... ახლა მთელი ოჯახი ნაქირავებში ვცხოვრობთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი