ჩვენი სულის მოძღვარი
სკოლის დამთავრების შემდეგ მამულეთში, სოფელ ნაგარებში (თერჯოლის რაიონი) წავედი, რომელიც სოფელ გოდოგანს ესაზღვრება. იქ გავიგე გოდოგნის ეკლესიისა და მისი წინამძღვრის შესახებ.
ბებიაჩემი უაღრესად განათლებული და ღვთის მოყვარე ქალია, მან ჩაგვინერგა ბავშვობიდანვე უფლის სიყვარული და სიკეთის ქმნის უნარი. სწორედ ამ სიყვარულმა მიბიძგა, რამდენიმე კილომეტრი ეკლესიამდე ფეხით მევლო. ნამდვილმა მამულიშვილმა, სათნო, სიყვარულით სავსე მოძღვარმა, დეკანოზმა მიქაელ კირკიტაძემ (ამჟამად, პატრიარქის კურთხევით, თბილისის
178-ე სკოლის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მოძღვარია) პირველი ნახვითა და საუბრით მოიგო ჩემი გული. საოცარი მონდომებითა და სიფაქიზით აღავლენდა ღვთისმსახურებას, გვიქადაგებდა და გვმოძღვრავდა. ამ დროს თვით უფალი გვესაუბრებოდა მისი პირით. როგორც ყველგან, ისე ჩვენს სოფლებზეც თავისებური ზეგავლენა იქონია უღმერთობის წლებმა. თავიდან თურმე მარტო მოძღვარი და მგალობლები ყოფილან ეკლესიაში, დღეს კი ბევრი რამ შეძლო მამა მიქაელმა. დიდი შრომითა და გარჯით, კეთილი შემომწირველების დახმარებით და მრევლის თანადგომით სხვა ტაძრებიც ამოქმედდა, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გოდოგნის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს. ქუთაისიდან და სხვა სოფლებიდან მოდიოდნენ წირვაზე. ხალხს ერჩივნა, უფლის სიყვარულისთვის გაწვალებულიყვნენ სიარულით და მოძღვარს არ იცვლიდნენ.
ტაძარში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. მალე დავქორწინდით და ჯვარიც მამა მიქაელმა დაგვწერა. ჯვრისწერისას ჩემს მეუღლეს კანკელის ღვთისმშობლის ხატის კანდელიდან ზეთი გადმოესხა და ცოტა შეცბუნდა. მამა მიქაელმა დალოცა, ღვთივკურთხეული და მადლიანი იყავიო, ამიტომაცაა, ალალი ლუკმით რომ სწვდება მტერ-მოყვარეს. ვზრდით ორ შვილს - მარიამსა და ნინოს. მარიამს მამა მიქაელმა წაუკითხა მირქმის ლოცვა, ის საოცარი სანახაობა არასოდეს დამავიწყდება. ეს პაწაწინა არსება ისეთი სიყვარულით აიყვანა და ეამბორა, როგორც ღვთივკურთხეულ ადამიანებს შეუძლიათ. სწორედ მირქმის ძალამ და მადლმა გადამირჩინა ჩემი მარიამი სიკვდილს. კიდევ მომეცა განსაცდელი მეორე ბავშვზე მშობიარობის შემდეგ. ექიმებმა - რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. აწი უფლის ნებაა ყველაფერიო. იმ აზრმა, რომ ხშირად ვეზიარებოდი და უფალი ჩემთან ახლოს არის, დამაძლევინა ეს განსაცდელი. ვხვდებოდი, რომ ვკვდებოდი და სასოწარკვეთილებას მაინც არ მივცემივარ. ეს სულიერი სიმშვიდე ჩემი მოძღვრის შრომის დამსახურებაა. ოპერაციისას შეწყვეტილი გულისცემა და გაწყალებული სისხლი ისევ აღადგინა უფლის მადლმა და გადამარჩინა.
რამდენიმე წლის შემდეგ ერთადერთი ძმა გარდამეცვალა, რაც საშინელი დარტყმა იყო ჩემთვის. ისევ ჩემი მოძღვრის ფაქიზმა მიდგომამ და ზრუნვამ მიხსნა და აღმადგინა.
მამა მიქაელი და მისი ვაჟი ჩემი მარიამის ნათლიები არიან, ბედნიერი ვარ, ასეთი ოჯახი რომ მყავს ნათელმირონად. ერთხელ ჩვენი ეპარქიის (თერჯოლის) მეუფემ მრევლს გვითხრა, ჯერ კიდევ არ იცით, როგორი მოძღვარი გყავთო. ვიცით და ღმერთს ვთხოვთ, გააძლიეროს სულით ხორცამდე, რათა კიდევ ბევრი ადამიანი მოაქციოს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. თვით უფალს აქვს მასში ჩადებული ეს ნიჭი მოთმინების, ზრუნვის, ყველას სიხარულს და სატკივარს იზიარებს, ფუტკარივით დაუღალავად დაფუსფუსებს და თავს ევლება მრევლს.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესიის მსახურნიც, მოძღვრის ირგვლივ ერთგულად რომ იყვნენ შეკრებილნი და ღვთის სიყვარულით ასწავლიდნენ სოფლის გოგო-ბიჭებს გალობასა და მედავითნეობას. დღეს კი სადაცაა ჩვენი მოძღვარი, დარწმუნებული ვარ, იქაც სითბოსა და სიყვარულს დათესავს.
ალბათ დადგება დრო და ისევ დაუბრუნდება თავის კუთხეს, ტაძარსა და მრევლს. ეს ბედნიერი დღე იქნება ჩვენთვის.
ქრისტესმიერი სიყვარულით - მზია ნემსაძე, ქუთაისი
უფლისმიერი სასწაული
მადლობა უფალს, რომ ჟურნალი "კარიბჭე" არსებობს. ეს კეთილი ჟურნალი ქართველ ერს განანათლებს და განამტკიცებს რწმენაში. მინდა მოგითხროთ ერთი სასწაულის შესახებ, რომელიც, ღვთის ნებით, წლის და რვა თვის ანასტასია ჯანგავაძეზე დაეშვა.
2005 წლის 12 ნოემბერს, დილის 7 საათზე, დაიბადა სრულიად ჯანმრთელი გოგონა. იწონიდა 3,9კგ-ს. სამშობიაროდან გამოყვანის წინ დაერთო სიცხეები და გადაგზავნეს კატასტროფის ცენტრში, ქუთაისის #1 ბავშვთა საავადმყოფოში, ნეონატოლოგიურ განყოფილებაში.
შეშფოთებულმა გადავწყვიტე, სასწრაფოდ მომენათლა და იმავე დღეს, დაბადებიდან მეხუთე დღეს, ღვთის შეწევნით საავადმყოფოში არსებულ წმინდა პანტელეიმონის სახელობის სალოცავში ბავშვი მონათლა მღვდელმა მამა სვიმეონმა (გაფრინდაშვილი). მან ახალმონათლულ ჩვილს საგანგაშო ვერაფერი შეატყო. დავმშვიდდი, რომ შვილი ანგელოზს ჩავაბარე. რამდენიმე საათის შემდეგ დედამ ჩვილს სახეზე სიშავე შენიშნა, დაერთო ძლიერი კრუნჩხვა. პატარა სასწრაფოდ გადაიყვანეს რეანიმაციის განყოფილებაში, დიაგნოზით - ჩირქოვანი მენინგიტის საწყისი.
მიუხედავად ასეთი უმძიმესი მდგომარეობისა, ღვთის იმედს წამითაც არ ვკარგავდი, ნაცნობ-მეგობრებს ვურეკავდი - მონასტრებში, ეპარქიებში მოეხსენიებინათ უძლურებაში მყოფი ჩვილი ანასტასია, მეც თითქმის ყოველდღე სხვადასხვა წმინდანის დაუჯდომლებს ვკითხულობდი.
21 ნოემბერს, მთავარანგელოზობას, ბავშვისთვის მეორედ უნდა ამოეღოთ ხერხემლიდან სითხე. საავადმყოფოში წასვლამდე ჯერ ქუთაისის მწვანეყვავილას მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიაში წავედი, სადაც მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე წირავდა. მოვიხსენიეთ ჩვილი ანასტასია. წირვას ბოლომდე ვერ დავესწარი, კურთხევა ავიღე და საავადმყოფოში გავიქეცი.
ლაბორატორიიდან პასუხი იგვიანებს... მხოლოდ უფლის და მთავარანგელოზ მიქაელის იმედად ვარ. შევდივარ ლაბორატორიაში. მითხრეს, 119 ციტოზის ნაცვლად მხოლოდ 9 აღმოჩნდაო! რაც მედიცინაში არ ხდება. იმავე ღამეს, მთავარანგელოზობას, ბავშვი პალატაში გადაიყვანეს.
მამა სვიმეონმა მირჩია, შვიდგზის ზეთისცხება ჩაუტარეო. იმ ღამით ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ და შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი - ზეთისცხება შვიდმა მოძღვარმა შეასრულა. ის ღამე, ის მადლი, თუნდაც სანახაობრივად - შვიდი ლამაზი მოძღვარი, შვიდჯერ წაკითხული სახარება, დალოცვა, ეს იყო დაუვიწყარი. ღვთის შეწევნით, ბავშვი სრულიად განიკურნა, მომხდარმა სასწაულმა ექიმებიც კი შეძრა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო: მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი), მღვდელმონაზონ იოსებს (ბურჯანაძე); მღვდელ იოსებს (კოხრეიძე); მღვდელ ალექსის (სინაურიძე); მღვდელ სვიმეონს (გაფრინდაშვილი); მღვდელ სტეფანეს (ნანობაშვილი); მღვდელ თომას (სოსელია); ბათუმის ეპარქიის მღვდელმსახურ მათეს (რატიანი); დეკანოზ როსტომს (კუჭუხიძე); მღვდელ ექვთიმეს (წულუკიძე); მღვდელ გიორგის (კუჭუხიძე); მღვდელ გიორგის (ხაზარაძე); მღვდელ ილიას (კარკაძე); მღვდელ ლაზარეს (კანდელაკი); დიაკონ არჩილს (დათეშიძე) და სხვებს.
ასევე დიდი მადლობა უანგარო სამსახურისთვის ქუთაისის #1 ბავშვთა საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ბატონ თეიმურაზ ნადირაძეს, ნეონატოლოგიური განყოფილების გამგეს ქალბატონ ვერიკო ნოდიას, ექიმს, ქალბატონ რუსუდან კაპანაძეს და ყველა ექთანს, ნევროპათოლოგ ბატონ თეიმურაზ ძაგნიძეს, კრიტიკული განყოფილების გამგეს ქალბატონ ნუკრი გახოკიძეს და იქ მომუშავე ექთნებს; ყველა სასულიერო პირს და იმ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც მოიხსენა ლოცვებში ჩვილი ანასტასია.
დიდება უფალს და მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
ქუთაისი