ვბედავ და წარმოგიდგენთ ჩემს "ნაცოდვილარს" - ე.წ. ფიქრებს, რომლებიც იმდენი დამიგროვდა, რომ ათთაბახიან (170-გვერდიან) წიგნად შევაკოწიწე (თუმცა ფინანსური მხარდაჭერის უქონლობის გამო მისი გამოცემის იმედი არ მაქვს).
მაქვს თუ არა უფლება ერთ რიგით ცოდვილ ერისკაცს, ვწერო ასეთ თემებზე? ჩემს მოსაზრებებს თავს არ მოგახვევთ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ კურთხევა ამის თაობაზე მაღალყოვლადუსამღვდელოესის, მიტროპოლიტ იობისგან მაქვს მიღებული.
პატივისცემით ბესარიონ კაიშაური
ფიქრები ტაძართან
(მრევლის აღსარება)
იცი, როდიდან იწყება ადამიანის სულიერი ზრდა და განვითარება? - როცა მიხვდება, რომ არარაობაა. ამ დროს სასოებას ღმერთზე ამყარებს და მადლითაც ივსება. ხოლო თუ სულიწმინდის მადლი შემოვიდა ადამიანში, - ყველაფერი თავისთავად წესრიგდება.(მრევლის აღსარება)
...თუ გგონია, რამეს წარმოადგენ, მაშასადამე, ზრდა და განკურნებაც აღარ გჭირდება და... ამ დროს განეშორები ღმერთს, განეშორები ღვთიურ მადლსაც და სულიერი კვდომაც ამ დროს იწყება და მთავრდება.
***
თუ სულს რამედ მიიჩნევ - უნდა განწმინდო იგი.ნახევრად განწმენდილი - მაინც ჭუჭყიანია...
ისიც დაუჯერებელია, - ერში იცხოვრო და არ დაგესვაროს სული.
ამიტომაც, როგორც იტყვიან: "ცოცხი" არ უნდა გააგდო ხელიდან.
...და რაჟამს შემოყრის ქარბუქი ცოდვის ნაგავს, უმალვე გაგავე და გადაყარე.
***
რატომღაც მგონია, ცოდვები აბერებენ ადამიანს, ხოლო მადლი აახალგაზრდავებს. და რაკი ცოდვა მუდამ სჭარბობს - დროზე ადრე ვბერდებით და ვსნეულდებით.ვისაც მადლის გემო გაუსინჯავს, იცის და არც იცის, რა ხდება მასში: შემოდის უხილავი ძალა, რომელიც ენერგიას სინერგიად აქცევს და აწესრიგებს სულსაც, გონსაც და სხეულსაც... საქმიანობასაც და ურთიერთობებსაც...
სამწუხაროდ, მადლს დიდი ხნით ვერ ვინარჩუნებთ და ესაა მიზეზი, რომ სრულყოფილ წესრიგს ვერ ვეღირსეთ ვერც შინ და ვერც გარეთ.
...სულ ერთი წამით წარმოვიდგინოთ იდეალური გარემო, სადაც ყველა მადლმოსილია და როცა ყველაში წესრიგია. ასეთ გარემოს ალბათ სამოთხე ჰქვია, რასაც ვერ ვეღირსებით მიწიერ ყოფაში.
***
და თუ სამყარო ვერ იტანს სიცარიელეს, - იქ სადაც ვერ დამკვიდრდა სიკეთე - მკვიდრდება ბოროტება...იქ, სადაც ვერ დამკვიდრდა ღმერთი - ადგილს დაიმკვიდრებს ეშმაკი.
***
ვის უწოდებენ მდიდარს (მ-დიდ-არს)? - ვინც დიდ არს! ხოლო დიდ არს იგი, ვის გულშიც სახლობს ღმერთი.***
შენ ადვოკატი ხარ თუ მისიონერიო? - კოლეგამ მკითხა განაწყენებით, - შენი მისიონერობით ჩვენც საქმეს გვიფუჭებო... ხალხი ფიქრობს, რომ უფასო ადვოკატობაც შეიძლებაო... კლიენტებს გვიფრთხობო...უფასო მომსახურებისა, აბა, რა გითხრათ, მისიონერობა კი ყველა ჩვენგანის ვალია - ღვთის მსახურება გვმართებს ყველას, ყველგან და ყოველთვის: მინისტრსაც და გლეხსაც, იურისტსაც და ექიმსაც...
"მე მოველ არა იმისთვის, რომ მემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ ვემსახურო" - ეს მაცხოვრის სიტყვებია. ჩვენ კი, თუ მისი ჭეშმარიტი გზის მიმდევრები ვართ, - უნდა შეგვეძლოს, იგივე სიტყვები გულში ჩავიგვირისტოთ, ვიტვირთოთ ჩვენი წილი ტვირთი და სასუფევლისაკენ იწრო გზით მავალთ მისხალმისხლობით შევიძინოთ: მადლი, სიყვარული და... ცხონება.
***
ნურასდროს ნურავისზე იტყვი: "ეს ღირსია სიკეთისა და პატივისცემისა, ის კი უღირსიაო".ხომ შეიძლება, სწორედ ის ჩათვალო უღირსად, ვინც ღვთისთვის ყველაზე ღირსეულია და სათნო.
ღმერთს კი ის უყვარს უწინარეს ყოვლისა და იმ ძეს მიიჩნევს ღირსეულად, ვინც თავის თავს იჩნევს უღირსად.
***
ხომ სისულელეა, თავსხმა წვიმაში გადიოდე და გასვლის წინ თმას საგულდაგულოდ ივარცხნიდე? სულ მცირე - ქოლგა ხომ მაინც უნდა გაიყოლო თან?მერე, შე დალოცვილო, სულს აღარ სჭირდება ქოლგა?
ლოცვა-აღსარებით სული რომ დაივარცხნე და დაიკაპიწე, ტაძრიდან გასვლის წინ ხომ უნდა იფიქრო იმაზეც, რომ იქ ცოდვების წვიმა მოდის და მადლს ჩამოგირეცხს სულიდან, თუ არ გაიყოლე "ქოლგა"?
წმინდა მამათა რჩევა: გამუდმებულად თან გახლდეს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" - ეს იქნება ქოლგაც და ფარიც ცოდვათა თავსხმაში.
***
სულიერი ადამიანი თავის უფლებებს ბოჭავს და მეტი მოვალეობებისკენ უბიძგებს საკუთარ თავს.ხორციელი ადამიანი - პირიქით: მოვალეობებს გაურბის და მეტ უფლებებს ეპოტინება.
აქედანაა სწრაფვა პირველისა - ბერობისკენ, ხოლო მეორისა - ძალაუფლებისკენ.
***
რა საოცარია, არა?! ღვთის კურთხევა გვწადია, ღვთის მფარველობა გვინდა, ქრისტეს საფარქვეშ ყოფნა კი გვწყინდება.შებორკილად ვგრძნობთ თავს ქრისტესმიერი თავისუფლებით და თავს უფლებას ვაძლევთ, - აღვირი ავხსნათ ცოდვით ტკბობის დემონურ სწრაფვას, რასაც აქაური - ერისკაცური თავისუფლება ჰქვია.
***
დიახ, გაუხარდა ღმერთს, შენ რომ შეხვედი ტაძარში და სანთელი დაანთე, მაგრამ განა შეიძლება, მშობელს გამუდმებულად უხაროდეს ის, რომ მისმა შვილმა პირველი ნაბიჯი გადადგა? პირიქით, დიდ მწუხარებაში ჩავარდება, თუ პირველს მეორე ნაბიჯი არ მიაყოლა და სიარული არ დაიწყო....იგივეა რწმენის საკითხშიც: თუ ეკლესიაში მხოლოდ სანთლის დასანთებად დადიხარ, ეს იგივეა, დაცემული წამოიმართო, ნაბიჯი წარდგა და ისევ ჩაიკეცო.
ნაბიჯის გადადგმის აზრი, მიზანი და სიხარული - სიარულია და თუ სიარულს ვერ ვისწავლით, ერთი კი არა, ასი ნაბიჯიც რომ გადავდგათ - უაზრობაა.
***
...მითხრა, ეკლესიური უნდა იყოსო...მე ვუთხარი: რა მოხდება, ეკლესიური რომ არ იყოს - მერე გავხდი-მეთქი.
მითხრა, სარისკოაო.
ვუთხარი, შევძლებ-მეთქი.
მითხრა...
თუმცა, რაღა მნიშვნელობა აქვს, რა მითხრა...
კურთხევის მისაღებად მივედი მოძღვართან. ფაქტობრივად კი გამოვიდა, რომ გამოვძალე საჩემო კურთხევა.
მოძღვარს ვემორჩილები-მეთქი, ვტრაბახობ. ისე კი გამოვიდა, რომ მოძღვარი დავუმორჩილე ჩემს ნებასა და ვნებას.
...
კისერს რომ მოიტეხ, მერე მიხვდები, რა არის კურთხევა და მორჩილება.
***
საოცარია, მაგრამ ფაქტია: არაეკლესიურს უფრო ჰგონია, რომ უყვარს ღმერთი, ვიდრე ეკლესიურს და ღრმად მორწმუნეს.დიახ, ასეა: რაც ღრმად შედიხარ რწმენაში, მით უფრო რწმუნდები, რომ ცოდვილი ხარ და რომ ცოდვის სიტკბოებას ამჯობინებ ღმერთის სიყვარულს.
აი, ცოდვათა სიმძიმისაგან თავისუფალი ჩვენი მოყვასი თავისუფლად იტყვის, "ღმერთი მიყვარსო" და ამ ჭეშმარიტების დასადასტურებლად უსათუოდ დასძენს: "ყოველწლიურად ცხვარსა ვკლავ ღმერთის პატივსაცემადო".
***
რახან სიხარული დასაბამია მწუხარებისა, მუდამ უნდა შიშობდე, ოდეს სიხარული გეწვევა.რახან მწუხარება დასაბამია სიხარულისა, სასოებით უნდა იყო აღვსილი, ოდეს განსაცდელში ჩავარდები.
***
ვინმე კანფეტს რომ გჩუქნის, მადლობას ხომ ეუბნები?მერე, შე დალოცვილო, ღმერთი ყოველდღე გჩუქნის სიცოცხლეს და რა მოხდება, ერთი სამადლობელო ლოცვა მაინც შეაწიო უფალს, ყოველდღე თუ არა, წელიწადში ერთხელ მაინც.
***
რაც მეტად ღრმად ხარ დარწმუნებული შენს კეთილშობილებაში, მით მეტია საშიშროება - ბოროტმა იხაროს და იმრავლოს შენს გულში.რაც მეტს დაეძებ და პოულობ სულის სარეველას - ცოდვებს, მით განწმენდილია შენი ბაღნარი გულისა და მით მეტი სიხალისით ხარობენ ამ ბაღნარში ღვთიური სათნოებანი.
***
შენს ცოდვებს ვერ ხედავ? იცი, რა გიშლის ხელს? - შენი სათნოებები!***
მოსამართლეობის დროს იმდენი მყავდა განსასჯელი და დასასჯელი, - საკუთარი თავისთვის აღარ მეცალა.გამათავისუფლეს მოსამართლეობისგან, მაგრამ შეჩვეულს რაღა გადააჩვევს და... რაკი ამიკრძალეს სხვათა განსჯა, - საკუთარი თავის მოსამართლედ ვიქეცი.
***
"ჩემი გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება რით შევუმსუბუქო ახლობლებსო".ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა: სიცოცხლეში მძიმე ტვირთად დასწოლოდა მათ.
***
ყველა წმინდანი ცოდვილი იყო. ყველა ცოდვილი პოტენციური წმინდანია.***
მათხოვარს ლარს მისცემდა ხოლმე და ეტყოდა: დანარჩენებსაც გაუნაწილეო.მოწყალებიდან მოწყალების გაცემას ასწავლიდა ამით.
***
ისეთი ადამიანებისკენ ისწრაფე, რომლებიც ფრთებად წაადგებიან შენს სულს ზეციური სასუფევლისკენ საფრენად.***
დღეს უქმე დღეაო და უქმად ხარ. ნურას უკაცრავად, ბატონო! უქმე დღესაც გვმართებს მზადება... სიკვდილისათვის!მადლობა უფალს და მადლობა თქვენ იმ მასაზრდოებელი წყაროსათვის, რომელსაც თქვენი ჟურნალი გვაწვდის. მძიმე დროში ვცხოვრობთ, უამრავია ბოროტება, ძმათაკვლა, გაუტანლობა, შური. გასაკვირი და სამწუხაროა, რომ ცივილიზებული სამყაროს ბინადართ არ ძალგვიძს ამ სენისგან განკურნება. შური ხმალივით ძლიერია და ბევრი უბედურება მოაქვს. კარგს შენზე წინ რომ არ გაუშვებ, შენ და შენს შთამომავლობას არ დაგაკლდებათ?!
ბევრი ცდილობს ტრადიციულ, ქართულ-ქრისტიანულ ღირებულებებს ჩრდილი მიაყენოს, მაგრამ ბევრიც ცდილობს, აარიდოს ხალხს ასეთი მავნე შეხედულებები. თქვენც ასეთთა შორის მეგულებით. თუ არა თქვენ, რამდენ წმინდა მამაზე არაფერი გვეცოდინებოდა. საუბედუროდ, უმრავლესობა ხომ ვერ ვახერხებთ ლიტერატურის შეძენას. დიდი მადლობა, რომ წმინდა მამათა ნაწერებს გვაცნობთ.
მე მთაში გავიზარდე და მახსოვს, როგორი რწმენა ჰქონდა ხალხს, ზაფხულში აგროვებდნენ მინდვრის მხალს და ახმობდნენ მარხვისთვის. დღეს კი ლამის იეღოველებმა წალეკონ სოფელ-ქვეყანა.
ამას იმიტომ გწერთ, რომ მინდა ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა წაიკითხოს ჩემი გულისტკივილი. ქვემო ალვანში, გორაზე დგას იოანე ნათლისმცემლის პატარა და ლამაზი ეკლესია, სადაც თავისუფლად აშენდება მონასტერი და სენაკები. იქვეა ცხრაკარას ნანგრევები, საიდანაც გვირაბი ჩადის ალაზანზე. ძალიან მინდა, ეს ეკლესია მუდმივმოქმედი გახდეს. ეს იოლი საქმე არ არის, მაგრამ მთავარი მონდომებაა და იქნებ სპონსორიც გამოჩენილიყო...
პატივისცემით - ქაშვეთის ტაძრის მრევლი თამარი