ეჭვი ჭიასავით ჩაგიძვრება უბეში და გხრავს, გტანჯავს, საშველს არ გაძლევს. ზოგჯერ ეჭვი ახლობელ ადამიანში გვეპარება, ზოგჯერ, სულო ცოდვილო, ეშმაკის ძალით, ღვთის არსებობაც კი დაგვაეჭვებს.
ასეა თუ ისე, ეჭვიანობა ცუდი თვისებაა და უნდა ვეცადოთ, დავძლიოთ იგი. უფალი ყოვლისშემძლეა და თუკი მას მივენდობით, თუკი ლოცვებით განვიმტკიცებთ სულს, ჩვენი ცოდვებიც უკან დაიხევს.
ნინო (30 წლის): საშინელი ეჭვიანი ვიყავი. საკმარისი იყო, ვინმეს ჩემი თანდასწრებით გაეღიმა ანდა ამხანაგებს ერთმანეთისთვის გადაეჩურჩულებინათ, გულზე ვსკდებოდი, მე დამცინიან ან ჩემზე ლაპარაკობენ-მეთქი. ამის გამო სახე სულ ჩამომტიროდა. ყველა სიტყვას წაღმა-უკუღმა ვატრიალებდი და მეგობრებიც ვეღარ მიძლებდნენ. ამიტომაც ერთ ვინმესთან დიდხანს ვერ ვმეგობრობდი და ვიყავი ასე ტოლ-სწორების ცვლაში. თანშეზრდილი მეგობრები მყავდა, ერთმანეთი გვიყვარდა, მათი გულისთვის მოვკვდებოდი, მაგრამ სულ მღრღნიდა ეჭვი, ერთმანეთი უფრო უყვართ, ვიდრე მე-მეთქი. ამას არ ვფარავდი და ვეუბნებოდი კიდეც. უჩემოდ არსად მიდიოდნენ, მაგრამ თუ მაინც შემთხვევით შეხვდებოდნენ, ბოღმით, რა მექნა, არ ვიცოდი. მათ შორის ერთი გამორჩეულად გამჭრიახი და თამამი იყო. მიხვდა, რაც ერქვა ჩემს უხასიათობას, უფრო სწორად, რა ედო საფუძვლად და მამხილა. ისეთი რამ მითხრა, რასაც, მეგონა, მხოლოდ მე ვგრძნობდი: ცოდვა ხარ, თავს ტყუილად იტანჯავო. გავბრაზდი, მაგრამ მისმა სიტყვებმა მაინც დამაფიქრა და მივხვდი, არ ივარგებდა ასე. ახლა ქმარ-შვილი მყავს და ბედნიერი ქალი ვარ. ეჭვიანობა არ წამომკრავს ხელს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ თავს ვაკონტროლებ. ამაში რწმენაც მეხმარება.
გულიკო (56 წლის): მორწმუნე ოჯახში გავიზარდე და ბავშვობიდან მივეჩვიე მარხვას, ლოცვას, თუმცა მაშინ ამის აღიარებას ვერ ვბედავდი და რომ მკითხავდნენ სადმე, დაბადების დღეზე ან სტუმრად მყოფს, ხორცს რატომ არ ჭამო, ვამბობდი, არ მიყვარს-მეთქი. ბებიაჩემიც ყასიდად წუწუნებდა, - ხორცეულს და რძის ნაწარმს ბოსტნეული გვირჩევნიაო. მამაჩემი თანამდებობის პირი იყო და ამის აღიარება მთლად სახარბიელო შედეგს არ მოგვიტანდა.
როცა ხალხმა ეკლესიაში სიარული დაიწყო, მეც გამეხსნა ხელ-ფეხი და წირვა-ლოცვას არ ვაკლდებოდი. შვილებსაც ეკლესიურად ვზრდიდი... მაგრამ ეშმაკს არ სძინავს და ერთხელ რომ ამეკვიატა მკრეხელური ფიქრი, ვერაფრით მოვიშორე: ნეტავ რას ვიკლავ თავს, იქნებ ღმერთი არც არსებობს-მეთქი. კომუნისტების დროინდელმა შეგონებებმა თითქოს ახლა იჩინა თავი. ლოცვაც მივატოვე და წირვაზე სიარულიც. ერთი რამ შემომრჩა მხოლოდ, ისიც - ჩვეულებასავით: მარხვას ვერ ვარღვევდი; მაგრამ ეს არ იყო სულიერი მარხვა, ეს უფრო ერთი საკვების მეორით შეცვლას ჰგავდა. არ ვიცი, რამ მომიყვანა გონს... თუმცა არა, ვიცი და თქმისგან თავს შევიკავებ. ერთი სიტყვით, ცოდვა მომეძალა და ჩემს მოძღვართან მივედი, ვაღიარე ჩემი ურწმუნოება და განაჩენივით ველოდი მის პასუხს. ეტყობა, უკვე გონს ვიყავი მოსული, უბრალოდ მითხრა, - ხდება ასეთი რამეც, მოციქულ თომასაც შეეპარა ეჭვი უფლის აღდგომაშიო. მძიმე ტვირთი ერთბაშად ჩამომეხსნა და ავტირდი, მაგრამ ახლა უკვე შვებისგან. ურწმუნოება და ეჭვი უბრალოდ, ძალდაუტანებლად გამიქარწყლა მოძღვარმა.
დავითი (60 წლის): საკუთარი ორსართულიანი სახლი მქონდა. მაშინ ცოტანი ვიყავით და ქვედა სართულს ვაქირავებდი. ხან სტუდენტები მყავდა, ხანაც - ოჯახი. ერთხელაც ნაცნობს ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი გამოეგზავნა. მერცხლებს ჰგავდნენ. ისე მოვიხიბლე ამ ახალგაზრდებით, ქირაზე არც დამიწყია ლაპარაკი. უყვარდათ და თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს, ჩვენც ვხარობდით მათი სიყვარულით.
ბოლო დროს გოგონას უხალისობას ვატყობდით. ჩემი ცოლი გამოელაპარაკა და იმანაც არ დამალა თავისი გასაჭირი - ჩვენ თბილისელები ვართ, მამაჩემს ვაკეში აქვს საკუთარი სახლი, ზურიკოს მშობლები კი სოლოლაკში უზარმაზარ ბინაში ცხოვრობენ. ერთმანეთი გვიყვარდა და გავიპარეთ, ამის გამო ჩემი მშობლები არ მელაპარაკებიანო. ეს იყო და ეს. ამის შემდეგ მისთვის აღარაფერი გვიკითხავს - ჩავთვალეთ, რომ მშობლების უბრად ყოფნას განიცდიდა.
ერთ ღამეს ნინიკოს ტირილი შემოგვესმა. ახლა მრცხვენია, მაგრამ მაშინ ისე ვიყავით ამ ბავშვებით შეპყრობილები, სირცხვილი უკან მოვიტოვე და მივაყურადე. ზურიკო მრისხანებდა, - თვალს არ გაშორებდა, შენც აპარებდი მზერას, გათახსირებული და უზნეო ხარო. ნინიკო თავს იმართლებდა... თითქმის ყოველ მათ წასვლა-მოსვლაზე ერთი და იგივე მეორდებოდა. მივხვდით, რომ ზურიკო პათოლოგიურად ეჭვიანი იყო და ერთხელაც ვთხოვე, ჩემთვის მოესმინა. ვურჩიე, ათასგვარი მაგალითი მოვუყვანე, როგორ დაინგრა ესა თუ ის ოჯახი ეჭვიანობის გამო, ისიც ვუთხარი, რომ ეს ქალის შეურაცხყოფა იყო, რომ ცოლს მრუშობაში სდებდა ბრალს. თავჩაღუნული მისმენდა, მერე კი მითხრა, - ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ ნინიკოს გვერდით რომ ჩაუვლის თუნდაც თქვენი ხნის მამაკაცი, ცეცხლი მეკიდებაო.
ჩემგან მალე წავიდნენ - მშობლები შეურიგდნენ და თავიანთ ოჯახში გადავიდნენ, მაგრამ ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს. ნინიკოს ბიჭი ეყოლა, ძალიან ბედნიერი ჩანდა, მაგრამ... ბავშვი სულ პატარა იყო, ერთმანეთს რომ დასცილდნენ. ერთხელ თურმე მანქანით მიდიოდნენ, ნინიკოს მათხოვარი დაუნახავს და უთქვამს, საცოდავი, ერთ დროს ალბათ რა კაცი იყოო და შინ რომ მისულან, ზურიკოს მათრახით უცემია...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი