"ნეტარ იყვნენ მშვიდნი" - დალოცა უფალმა ის ადამიანები, რომლებიც უდიდესი განსაცდელის დროსაც ინარჩუნებენ სულიერ მშვიდობიანობას, სათნოებას, იმარჯვებენ საკუთარ თავზე და...
სხვებზეც. რა არის მრისხანება და რატომ გვიმღვრევს ხანდახან გონებას, როცა მისი წუთიერი გამოვლინებაც კი უდიდესი ზიანის მომტანია შენთვისაც, სხვისთვისაც, თან სდევს ათასგვარი ბოროტება, ანუ მრისხანების თანამდევია შეურაცხყოფა, ამპარტავნება, სხვათა სიცოცხლის ხელყოფაც კი? კითხვა დავსვით, მაგრამ პასუხი გვიჭირს, რადგან ყველას, თითოეულ ჩვენგანს გაგვჭირვებია შემოტეული "ცოფის" მოგერიება.
ლევანი (60 წლის): - ამ კითხვაზე ჩვენი დიდი წინაპარი შოთა რუსთველი გვიპასუხებს: "რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა". ამაზე უკეთ, აბა, მე როგორ ვიტყვი, მაგრამ ჩემი ახალგაზრდობის ამბავს გიამბობთ და დარწმუნდებით, როგორ ურევს გონებას ადამიანს სიბრაზე და მრისხანება. თანამდებობის პირი ვიყავი და ფულიც მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, თავზე ქუდი არ მეხურა - ნამუსის ქუდს ვგულისხმობ. მრისხანება ჩემი იარაღი იყო, ადამიანის ნაშობი ვერ მიბედავდა სიტყვის შემობრუნებას. მდივანი მყავდა, ერთი კაფანდარა, არაფრით გამორჩეული გოგო იყო, ნაკითხი და განათლებული, მაგრამ ჩემი ისე ეშინოდა, რომ დამინახავდა, აცახცახდებოდა, საქციელი წაუხდებოდა. ყველა საქმე ჩაწიკწიკებული ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის დაბნეული იყო. ერთხელ რაღაც ვთხოვე და ვერ მომიძებნა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და ამან უფრო გამაშმაგა. სულ მუშტები ვურტყი მაგიდას. უხმოდ მიბრუნდა და გავიდა, კარი გაიხურა. გონს მოვეგე, მაგრამ სიტყვის უკან წაღებას როგორ ვიკადრებდი და როგორ დავაბრუნებდი. ასე ნელ-ნელა შემომეცალნენ ერთგული თანამშრომლები და პირფერებისა და მლიქვნელების ამარა დავრჩი, რომლებმაც კვანტი დამიდეს კიდეც.
ოჯახშიც მრისხანე ვიყავი და პირველი ოჯახიც ამიტომ დამენგრა. ერთხელ უფროსი ბიჭი მესტუმრა. მეორე ცოლთან ორი შვილი მყავს და და-ძმასთან დაიჩივლა, მამა რომ მყოლოდა, ასე არ დავიჩაგრებოდიო. მეორე ოთახიდან ვუსმენდი მათ დიალოგს და გავიგონე, როგორ უთხრა ჩემმა გოგონამ, - მაგაზე არ იდარდო, ბედნიერი ხარ, რომ ეგ არ გიწამლავს სიცოცხლესო. ის ღამე თეთრად გავათენე, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი და ისევ ყვირილით და თვალებანთებული ვლაპარაკობდი. თუმცა ის ნათქვამი რომ გამახსენდებოდა, ყველაფერს ვნანობდი და უკეთესი მინდოდა გავმხდარიყავი. ის ჩემი მდივანიც უფრო ხშირად მახსენდებოდა. მერე გავიგე, ობოლი ყოფილა... სულთან ჭიდილმა ეკლესიაში მიმიყვანა. მარტო ეგ არ იყო ჩემი ცოდვა, მაგრამ ყველაფერი მაინც აქედან მოდიოდა.
ალექსანდრე (50 წლის): - მრისხანება ერთი ადამიანის თვისება არ არის, იგი გამოვლინდება ყველა დროში და ყველა ადამიანში და რაც მთავარია, სხვადასხვანაირად - ზოგი შვილებთან, ოჯახში მრისხანებს, ზოგი - სამსახურში. თუ უფლის გზას შევუდგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ მრისხანება არ გამოგვადგება. უფალი არასოდეს მრისხანებდა, სათქმელს ამბობდა, მაგრამ სიყვარულით. თუ სიყვარული არ გაქვს, ადვილად დაგიმონებს აგრესია.
სხვებზე ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან ეს განკითხვაა, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ერთი შემთხვევა. ახალგაზრდობაში ვრეპეტიტორობდი და ზოგჯერ ბინაზე მიწევდა მისვლა. ერთმა ნაცნობმა მოსწავლის მისამართი მომცა და მეც დათქმულ დროს მივედი. კარი ახალგაზრდა, სათნო ქალბატონმა გამიღო, ბავშვებიც ძალიან კარგები იყვნენ - და-ძმა. მეცადინეობას შევუდექით და ისე შემომაღამდა, ვერც გავიგე. კარზე კაკუნი გაისმა. ბავშვებს ფერი შეეცვალათ, დაიძაბნენ. ქალმა, ეტყობა, კარი იმაზე გვიან გააღო, ვიდრე უნდა გაეღო და ჯერ გინება მომესმა, მერე კარი ისე მიჯახუნდა, ფანჯრებმა ზრიალი დაიწყო. ქალი ბოდიშობდა, ქმარი კი ყვირილს აგრძელებდა - რამდენჯერ გითხარი, ზარს რომ დავრეკავ, იმწუთას გააღე-მეთქი და ა.შ. ეტყობოდა, ეს ყოველდღიური რიტუალი იყო. მალე ოჯახის უფროსი დაწყნარებულ-დამშვიდებული შემოვიდა, გამეცნო და ბავშვების შესახებ გამიბა ლაპარაკი. მშვენიერი ვაჟკაცი იყო, მაგრამ ისე ვიყავი დაზაფრული, ენას ვერ ვატრიალებდი პირში.
თეონა (37 წლის): - ზოგჯერ ერთმანეთში გვერევა სიმკაცრე და მრისხანება. ისე, სიმკაცრეც მოზომილი სჯობს. მრისხანების ცოდვის საპირისპირო სათნოება სიმშვიდეა და სწორედ სიმშვიდე მახსენდება ამწუთას.
ძალზე ახლო მეზობლები მყავდა - დიდებული ოჯახი. შეძლებულებიც იყვნენ იმ დროისთვის და შვილებიც კარგად დაზარდეს. უფროსმა ბიჭმა ადრევე შეირთო ცოლი და ხუთი შვილი გაუჩნდა. მთელი ოჯახი ეკლესიური იყო, მაგრამ ბავშვების მამა რაღაც შარში გაეხვია და დაიჭირეს. მეზობლები ვიშვიშებდნენ და იყო ერთი მითქმა-მოთქმა, ზოგი ამტყუნებდა, - ჭკუა სად ჰქონდა ხუთი შვილის მამას, ასეთი რამ რომ მოუვიდაო, ზოგს მისი მორწმუნეობა აეჭვებდა - ღრმად მორწმუნე რომ ყოფილიყო, ამას როგორ გააკეთებდაო... საკვირველი ის იყო, რომ მისი ცოლი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ქალი, არაფერს იმჩნევდა, ოღონდ ეგ იყო, ეკლესიაში სიარულს მოუხშირა, დაამწკრივებდა ბავშვებს და ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე წაიყვანდა. მოგეხსენებათ, რას ნიშნავს ოჯახისთვის ასეთი მდგომარეობა - პატიმარს როგორი პატრონობა სჭირდება, ისიც იცით ალბათ და ლალიმაც კერვა ისწავლა. მთელი დღე მუშაობდა - ექიმია, საღამოს კი, როცა ბავშვებს მიხედავდა და საოჯახო საქმეებსაც მოილევდა, იჯდა და კერავდა. ისე გაითქვა სახელი, კლიენტები არ ასვენებდნენ. ყველაფერ ამას ისეთი სიმშვიდით აკეთებდა, ახლა ხალხი იმაზე ალაპარაკდა, ეტყობა, არ ანაღვლებს ქმრის მდგომარეობაო. მე მასთან ახლოს ვარ და ვიცოდი, რის ფასად უჯდებოდა ყოველივე. როცა ქმარი ციხიდან გამოვიდა, ბავშვები კარგა მოზრდილები იყვნენ, უფროსი უნივერსიტეტში სწავლობდა. ერთი რამ მაკვირვებდა - არასოდეს ხმას არ აუწევდა, შენიშვნასაც ისე წყნარად და მშვიდად მისცემდა, ბავშვები ხვდებოდნენ, რომ მსგავსი რამ არ უნდა ჩაედინათ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი