მარხვაში გონება განსაკუთრებით იწყებს ზნეობრივ აზროვნებას, ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ ცხოვრების წესს, უპირისპირდება საკუთარ თავს... ისეთი შეგრძნება მქონდა ცოდვებით და ათასი უზნეობით დამძიმებულს, რომ მეგონა, სადაცაა, ფეხქვეშ მიწა გამომეცლება-მეთქი. თითქოს ზღვის პირას მიმოვდიოდი, ზღვა მიზიდავდა, ხმელეთთან განშორება მაშინებდა... დიდხანს მაწუხებდა ასეთი განწყობილება.
ახლა ვიცი, რომ ჩვენი ცხოვრება აღელვებულ ზღვასავითაა, ხან ვიძირებით ამ ზღვაში და ხელმოსაჭიდი არაფერი გვაქვს, აგორებული ტალღები კი გვეჯახებიან... ტალღები არის ის ცოდვიანი გარემო, რომლის ზეგავლენის ქვეშაც ვექცევით ურწმუნოების გამო. ჩვენი ხსნა მხოლოდ რწმენას შეუძლია. გადარჩენისთვის საჭიროა შინაგანი გულისხმით, მთელი ძალით ვუხმოთ უფალს, მსგავსად პეტრე მოციქულისა, რომელმაც, როდესაც ზღვაში იძირებოდა, იყვირა: "უფალო, მიხსენი მე!"
ჩვენი სამშობლოც დაუძლურებულია, დაჩეხილია, დაქუცმაცებულნი ვართ პარტიებად, სექტებად... ჩვენ ერთი მთავარი "პარტია" უნდა გვქონდეს - მართლმადიდებლობა. აქ უნდა გავერთიანდეთ და შევთხოვოთ უფალს - "უფალო, გვიხსენი ჩვენ".
ზურაბი
ჩემი უღირსობის გამო თავისკენ რომ მივებრუნებინე, უფალმა არაერთი განსაცდელი მომივლინა.
ერთ ზაფხულს დასასვენებლად ბათუმში წავედი. მთელი ზამთრის მანძილზე სითბოს მონატრებული ისე ხარბად და დაუფიქრებლად მივეფიცხე მზეს, რომ ვერც შევნიშნე, როგორ მეწვებოდა ფეხებზე კანი. მწველი მზისაგან წითელი ლაქები გამიჩნდა. სასწრაფოდ შინ წავედი. კანის ისეთი წვა და ტკივილი დამეწყო, ცრემლები ვერ შევიკავე. ის ღამე ძლივს გავათენე. მეორე დილით კი წამოდგომა და გავლა ვეღარ შევძელი... კაპილარები დამწვოდა. დედაჩემმა "გამომიგლოვა" - იფიქრა, შვილი დამიინვალიდდაო. კანი ისეთი გავარვარებული, მოწითალო-მელნისფერი მქონდა და ისე მტკიოდა, სასწრაფოს გამოძახებაც კი დაგვჭირდა. ექიმი გაოცებული იჩეჩავდა მხრებს. რა მალამო აღარ წამისვეს!..
პეტრეპავლობის დღესასწაული ახლოვდებოდა. ეკლესიაში წასვლა გადავწყვიტე. დედაჩემი გაოცდა. "ფორთხვით რომ მომიხდეს წასვლა, მაინც წავალ-მეთქი", - ვთქვი. 12 ივლისს, დილით, დედაჩემის და მეგობრის ხელებზე დაყრდნობილი გავედი გარეთ. ტკივილისგან სიმწრის ცრემლები მცვიოდა. წირვას დავესწარი. ამ ხნის მანძილზე ორჯერ მომიწია გარეთ ჩამოსაჯდომად გასვლა. ხატები მოვილოცე. რატომღაც წმინდა ნიკოლოზის ხატთან მეტხანს შევჩერდი. მთელი გულით შევევედრე გამოჯანმრთელებას. ხატიდან ცოცხალი, თითქოსდა ფოტოდან მომზირალი სახე მიყურებდა დაჟინებით, ყურადღებით, ცოცხალი თვალებით... ეკლესიიდან ჩემით, დამოუკიდებლად წამოვედი, ტკივილი გამქრალიყო. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი სწრაფადვე შემეწია. დღემდე ვმადლობ უფალს და დიდ წმინდანს ამის გამო.
მეორე წელს, როცა იმავე ტაძარში, იმავე ხატთან მივედი სამადლობლად, ჩვეულებრივი, მართლმადიდებლური კანონიკით შესრულებული ხატი ვიხილე. მივხვდი, რომ გაჭირვების ჟამს ცოცხალი ადამიანი მიმზერდა ხატიდან, ეს ნამდვილად დიდებული წმინდანი იყო და არა მხოლოდ ხატი! დიდება და მადლობა უფალს! ილოცეთ და ის შეისმენს თქვენსას!
თამარ რ., თბილისი
მთელი მრევლის სახელით ვულოცავ თემქის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, მამა მიქაელ გალდავას დაბადების დღეს. ღმერთმა განაგრძოს თქვენი ცხოვრება კეთილმოღვაწეობით, სიმშვიდით, ჯანმრთელობით, მრავალჟამიერ ყოფილიყოს თქვენი ლოცვა თქვენს სამწყსოზე.
წრფელი და უღრმესი მადლობა ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციას იმ დიდი შრომისათვის, რომელსაც თქვენ ეწევით ჩვენი სულიერი განათლებისათვის.
დიდი სიყვარულით და პატივისცემით
ელისო ცანავა
ელისო ცანავა