ყოველთვის მწამდა და მიყვარდა ღმერთი, მაგრამ არ მეგონა, თუ ეკლესიაში მოსვლის შემდეგ მის ამხელა სიყვარულსა და სითბოს ვიგრძნობდი. თავდაპირველად ქვედა ბეთლემში დავდიოდი. გალობას დაიწყებდნენ თუ არა, ცრემლი თავისთავად მომდიოდა. ვმალავდი სახეს, რომ არავის დავენახე.
ბედნიერება და სიხარული ვაზისუბანსაც ეწვია: აგვიშენეს ცხრათა ყრმათა კოლაელთა ტაძარი. სახლთან ახლოს იყო და იქ დავიწყე სიარული. მაგრამ მოძღვრის არჩევა ძალიან მიჭირდა. გულმა მამა გურამისაკენ გამიწია... დიდ ხუთშაბათს აღსარება ჩავაბარე და მამა გურამის კურთხევით ვეზიარე. იმ დღეს ჩემზე ბედნიერი ადამიანი ამქვეყნად არ მეგულებოდა.
ორი წლის შემდეგ საცხოვრებლად დმანისში გადავედი. გამიჭირდა მამა გურამთან განშორება, მაგრამ დმანისში მეუფე ზენონი დამხვდა. იქ, წმინდა გიორგის პატარა ეკლესიაში, ყოველ შაბათ-კვირას ვესწრები წირვა-ლოცვას და ქადაგებას. ჩემი ახალი მოძღვარი მამა არჩილი გახდა.
ახლახან "კარიბჭემ" დიდი სიხარული მაჩუქა - მის გარეკანზე ჩემი უსაყვარლესი მამა გურამის ფოტო დამხვდა.
ღმერთმა დაგლოცოთ, უფლის შემწეობა და მეოხება არ მოგკლებოდეთ, დმანისის ღვთისმშობელი ყოფილიყოს თქვენი მფარველი.
დიდი სიყვარულით
ელისაბედი
ელისაბედი
აფხაზეთიდან დევნილი ვარ, წვალებით გამოვიარე ჭუბერის გზა, მაგრამ ვმადლობ უფალს, რადგან სწორედ ამ ტკივილიანმა გზამ მიმიყვანა ტაძარში, უფალმა ამ განსაცდელით მრავალი ჩვენგანი დაუბრუნა ეკლესიის წიაღს. მახსოვს ჩვენი პატრიარქის ნათქვამი: "აფხაზეთის ქართველები ურწმუნოები წამოვიდნენ და უკან მორწმუნეები დაბრუნდებიანო". ეს ჩემთვის დიდი იმედი იყო. მწამს, აფხაზეთში დავბრუნდებით.
ვნატრობდი, პატრიარქი პირადად მენახა და მუხლმოყრილს შენდობა მეთხოვა - ჩვენ ხომ ეროვნული მოძრაობის დროს უფლის შეგონება დავარღვიეთ: "არ განიკითხოთ ჩემი რჩეულიო". ეს ნატვრა ნაწილობრივ შემისრულდა 2006 წლის 10 ნოემბერს, ურბნისობას, როდესაც უწმინდესი ურბნისში ჩამობრძანდა. მის დანახვაზე ცრემლი მომერია, მისვლა კი ვერ გავბედე, თუმცა ვცდილობდი, მის ახლოს ვმდგარიყავი. მეჩვენებოდა, რომ უწმინდესი მიმიხვდა... ბედნიერი გახლდით.
ამჟამად ხაშურის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლი ვარ. მაისში 10 წელი შესრულდება, რაც ეკლესიურად ვცხოვრობ. თქვენთან სათხოვარი მაქვს, თუმცა ბევრს ვერ შემოგბედავთ: ჩემი პირველი მოძღვარი, დეკანოზი თეოდორე (გოგოლაძე), წმინდა სამების ტაძარში მოღვაწეობს. დიდი სურვილი მაქვს, თქვენს ჟურნალში მისი ინტერვიუ წავიკითხო. ჩვენ, ხაშურის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლი, მონატრებულნი ვართ მის ქადაგებას (თუმცა ჩვენი ახლანდელი მოძღვრები, დეკანოზი რომანოზი (ტონია) და დეკანოზი არჩილიც (ლურსმანაშვილი), არაჩვეულებრივი მოქადაგენი არიან).
ძალიან გთხოვთ, ჟურნალის დამატებაში ჩადოთ ქართველ წმინდანთა დაუჯდომლები. მგონია, მათ დაუჯდომლებს რომ არ ვკითხულობ, ამით ქართველი წმინდანების წინაშე დიდ დანაშაულს ვჩადი.
მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლე ვუსურვო ჩვენს პატრიარქს.
მარიამი
რა გზაა ის, რომელსაც ეკლესიისაკენ არ მივყავართ? რა გზაა ის, რომელსაც უფლისაკენ არ მივყავართ? გზა ბევრია. ზუსტად იმდენი, რამდენიც ადამიანია ამქვეყნად. შეიძლება ამ გზაზე ბევრი რამ მოხდეს. მაგალითად, შეიძლება ზოგჯერ აგერიოს მიმართულება და რჩეულ გზას გადაუხვიო, შეიძლება მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში დაადგე სწორ გზას, შეიძლება თავიდანვე მშვიდობა მოიპოვო და ბოლომდე გამარჯვებულმა იარო. დიახ, ესეც შეიძლება. ყველაფერია შესაძლებელი. ყოველ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გზა, რომელსაც ტაძრისაკენ არ მივყავართ, მცდარია და რომ გზა, რომელსაც უფლისაკენ არ მივყავართ, დამღუპველია. ამიტომ ყოველდღე, ყოველ წუთს უნდა გვახსოვდეს მრწამსი, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სიყვარული, უმანკოება, მოწყალება, სიმშვიდე, მოწყალება, მარხულობა და სასოებაა წამალი ამა ქვეყნისა და რომ სწორედ ეს შვიდი სათნოება დაგვეხმარება ღირსეულად ვიცხოვროთ.
იცით, კიდევ ვისი დახმარებაა საჭირო სულიერი მშვიდობის მოსაპოვებლად? - მოძღვრის. მოძღვარი უფლისაკენ მიმავალ გზაზე გვხვდება და ჩვენ - დედაეკლესიის შვილებს, მრევლს სწორი არჩევანის გაკეთებაში გვეხმარება.
ჩვენი სახლებიდან ამაღლების სახელობის ტაძრამდე (საბურთალოს სასაფლაო) მრავალი გზა მიდის (ზუსტად იმდენი, რამდენი ადამიანიც დადის ამ ეკლესიაში). ტაძარში ოთხი მღვდელი მსახურობს. ამ წერილში ერთ-ერთი მათგანის შესახებ გიამბობთ. 27 თებერვალს მამა კონსტანტინეს (ლეკიშვილი) დაბადების დღეა. წელს 3 წელი შესრულდება, რაც მღვდლად აკურთხეს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი - ნინო, გიორგი და ნატალია. თუმცა, რატომ სამი? მას ბევრი შვილი ჰყავს, რომელთა რიცხვი იზრდება. და ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ძალიან ყურადღებიანია, არა. არსებობს, საბედნიეროდ, მრავალი სხვა მიზეზი, რის გამოც მისი ნახვა თუნდაც ერთხელ დაუვიწყარი ხდება. წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ენით აღუწერელი ხდება ის ურთიერთობა, რომელსაც მამა კონსტანტინესა და მის მრევლს შორის ვხედავთ. ჩვენთვის მისი ნახვა ყოველთვის დიდი სიხარულია. მის სულიერ სიძლიერეს და სიმშვიდეს ყველა გრძნობს. ყოველი მისი დარიგება და რჩევა ჩვენთვის საჭირო გაკვეთილია.
უფლის მადლით, მამა კონსტანტინე, დეკანოზ დავითთან, დეკანოზ მიქაელთან, დეკანოზ გიორგისთან ერთად, ამაღლების სახელობის ტაძრის მრევლს წინააღმდეგობების გადალახვასა და სწორ გზაზე სიარულში გვეხმარება. გვეხმარება და გვასწავლის. მამაზეციერმა თავის ძეს ყველაფერი მისცა. ასევე მოძღვარმა - მამამ თავის შვილს, მემკვიდრეს ყველაფერი უნდა მისცეს, რაც გააჩნია, იქნება ეს ცოდნა თუ სულიერება. ჩვენს შემთხვევაში, მადლობა უფალს, ეს მართლაც ასეა. მამა კონსტანტინე ნათელი მომავლის რწმენას გვიღვივებს, გვასწავლის უფლის, დედაეკლესიის და ქვეყნის სიყვარულს.
მამა კონსტანტინე, გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ, უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახს.
დიდი მადლობა "კარიბჭის" რედაქციას, რომ საშუალება მოგვცა ეს წერილი გამოგვექვეყნებინა. დიდ პატივისცემას გამოვხატავთ რედაქციისადმი და კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ თქვენი საქმიანობისათვის. ჩვენ გვჭირდება "კარიბჭე".
დიდება უფალს!
ამაღლების სახელობის
ტაძრის მრევლი
ტაძრის მრევლი