ჩვენს გაუსაძლის ყოფაში სულიერად ძალიან უჭირს ერს, თქვენი ღვაწლი კი ყოველდღიური ჟანგბადია. თქვენი შრომა და გარჯა ჩვენი თავგზააბნეული ერის მაჯისცემაა.
უმორჩილესად გთხოვთ, სწორად გაიგოთ გულისტკივილი და საწუხარი უბრალო ქართველი დედისა. ვითომ გამოვიღვიძეთ, მაგრამ ირგვლივ ისეთი საღათას ძილია, ერთად აკინძული იმდენი შეცდომა და ვერგაცნობიერებაა მოვლენილი განსაცდელებისა, სულ თან დამაქვს "ერის წყლული მაჩნდეს წყლულად" სულმნათი ილიასი.
უღრმესი მადლობა, რომ თქვენი დახმარებით იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მივედი და შვება და საოცარი უფლისმიერი მადლი ვიგრძენი მამა გიორგისა და მამა კონსტანტინესთან ურთიერთობაში. ბერი ფილარეტიც საოცრად თბილია. სახელებიც არ ვიცი ყველასი... მომიტევონ, შეიძლება ისე ვერ გამოვთქვი ჩემი მადლიერება იმ სიყვარულისთვის, იქ რომ იგრძნობა.
4 აგვისტოს თბილისის ზღვაზე ჩემი გიორგი (ორ თვეში 16-ის ხდებოდა) ჩემს თვალწინ გაიყვანა უფალმა. თუმცა ჩემს განცდებზე საუბარი საჭიროდ არ მიმაჩნია, მით უმეტეს - ჯერ არ ვარ ასე გაძლიერებული. თანაც პირადი განსაცდელი რა მოსატანია, როცა ერი ამ დღეშია. მეც ხომ მისი ნაწილი ვარ (წარმოშობით მესხეთ-ჯავახეთიდან გახლავართ). სანამ შვილი დამეღუპებოდა, უხილავი ბრძოლები მქონდა, საშინლად ცუდად ვიყავი. იესო, მიშველე, რა ვქნა-მეთქი, ვევედრებოდი და ასეთი ფრაზები მომივიდა გონებაში:
"ჭირთ თმენა, გვერდში დადგომა
და სიყვარული ღვთისაო
კვლავ გადაგვარჩენს და გვიხსნის,
კურთხევა მოდის ცისაო!"
უფალს ვუყვარვართ და უმაღლესი განგებულებით გვცდის. და მაინც, იოანე ღვთისმეტყველში მისვლამ და ჯვარცმის შეხედვამ მათქმევინა: "მადლობა, უფალო, ყველაფრისთვის!" ეს თქვენი დამსახურებაა. დიდი სიყვარულით გეფერებით ყველას და მუხლს ვიდრეკ თქვენი კონსულტანტის მამა თეოდორეს წინაშე იმ ღვთიური მადლისთვის, მისგან რომ მოედინება. კიდევ ერთხელ გმადლობთ ყველაფრისთვის.
ნინო ბერიძე
ჩვენი პატრიარქი
მთელი ქართველი ერის სახელით ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ინტრონიზაციის 29-ე წლისთავს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. სწორედ თქვენისთანა წმინდა მამა სჭირდება დღეს სულიერ საზრდოს მოკლებულ ქართველს. თქვენი სახით სივრცით პატარა, მაგრამ სულიერი აღმავლობის გზაზე დამდგარ (რა თქმა უნდა, თქვენი წყალობით) ივერიას დიდი მფარველი ჰყავს. 1977 წლიდან ქვეყანაში სარწმუნოების აღმასვლა დაიწყო. თქვენ დაუბრუნეთ ადამიანებს ხალისი სიცოცხლისა და მათ გულებში გააღვივეთ ღადარი სარწმუნოებისა. მოსე წინასწარმეტყველს შეგადარებდით, რადგან გამოგვიყვანეთ ურწმუნოების უდაბნოდან და გვიხსენით დაღუპვისაგან, ხოლო მაშინდელი საქართველო ჰგავდა იოანე საბანისძის დროინდელ საქართველოს - ჩაბნელებული იყო ქვეყანა "და ირწეოდა ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა". უწმინდესმა ბრძანა: "სამების ტაძარი არის ერის ავტოპორტრეტი". არა მარტო ერისა, თქვენი ავტოპორტრეტიცაა, უწმინდესო. ამ ტაძრით ხომ კვალს დატოვებთ როგორც ერთ-ერთი წარმატებული პატრიარქი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მართლმადიდებლურ ისტორიაში.
მადლობელი ვარ უფლისა, რომ მომეცა საშუალება თქვენი ხილვისა, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ვესწრები ხოლმე თქვენს მიერ აღვლენილ წირვა-ლოცვას.
გიორგი (გალაკტიონ) გიორგაძე, თბილისი,
გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
ძვირფასო "კარიბჭევ",
დიდი ხანია მინდოდა მომეწერა, მაგრამ თავი ღირსად არ მიმაჩნდა, ჩემს ნაწერს ამ მადლიანი ჟურნალის ფურცლებზე დაედო ბინა...
ურწმუნო არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ნამდვილ მორწმუნედ ქცევაში ყოველთვის რაღაც მიშლიდა ხელს. ძიებამ ერთ წვიმიან დღეს ბათუმის საკათედრო ტაძარში მიმიყვანა... რაღაც სასწაულის წყალობით ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როცა იქ წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები და საქართველოს პატრიარქი ბრძანდებოდნენ. ტაძარი მრევლით იყო სავსე. ასობით ადამიანს სურდა, მიახლებოდა ამ უდიდეს სიწმინდეს... სანამ იქამდე მივაღწევდი, მისი გაბრძანების დროც დადგა. უფალს შევთხოვე - ოღონდ მე, ასეთი უღირსი, მასთან მისვლის ღირსი გამხადე, ცხოვრების წესსაც შევიცვლი და აღმსარებელიც გავხდები-მეთქი. სწორედ იმ წამს, თითქოს ხალხის ამოდენა ნაკადს ვიღაცამ უბრძანაო, გზა გაიხსნა... მე აღმოვჩნდი უკანასკნელი, ვინც მასთან მისვლა შეძლო... ტაძრიდან გამოსვლისას პატრიარქის კურთხევაც მივიღე...
წვიმდა. მუხლებამდე წყალში მივაბიჯებდი, მაგრამ სიხარულით სავსე ვერაფერს ვგრძნობდი.
მას შემდეგ სამი წელიწადი გავიდა, ღვთის შეწევნითა და ადამიანური სისუსტით აღსავსე სამი წელიწადი. მაშინ სრულყოფილად ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობდი, რამოდენა ბედნიერება მხვდა წილად - უფალმა ღირს მყო, იმ მოციქულის მეოხებით მივახლებოდი ჭეშმარიტებას, რომელმაც ჩემი სამშობლო ქრისტეს გზას აზიარა. მადლობა უფალს იმ დიდი მადლისა და წყალობისთვის, ჩვენს მიმართ რომ იჩენს. მადლობა თქვენს რედაქციას. ღმერთმა გაგაძლიეროთ ამ სიკეთისთვის. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით გადავუხადო მადლობა კახაბერ კენკიშვილს, რომლის თითოეული სტრიქონიდან იმოდენა სიყვარული გამოსჭვივის, ყველაზე გულქვასაც გრძნობით აანთებს.
დაბოლოს, მინდა, უდიდესი მადლიერებით მოვიხსენიო ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაგომრის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა მოსე ჩხარტიშვილი. ღმერთმა გაგაძლიეროთ, გაგახაროთ და მრევლი გიმრავლოთ, ჩვენო ძვირფასო მამაო, ჩვენო მშობელო სულიერი ცხოვრებისთვის!
უღრმესი მადლობა, საკვირაო სახარების განმარტებებს რომ გვიბეჭდავთ. იქნებ მოახერხოთ და თვის კალენდართან ერთად თითოეულ დღეს საკითხავი სამოციქულოსა და სახარების მუხლები მიგვანიშნოთ. მეც მადლობელი დაგრჩებით და ჩემთან ერთად - მრავალი მორწმუნეც.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის. რომ არა თქვენი ჟურნალი, ბევრი რამ დღემდე უცნობი დარჩებოდა ჩემთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ!
გულწრფელი სიყვარულით
თქვენი ერთგული მკითხველი მაია,
ოზურგეთი
თქვენი ერთგული მკითხველი მაია,
ოზურგეთი