უფალი იშვა ჩვენსავით, ადამიანივით. რაზე მიგვანიშნა? იმაზე, რომ თავადაც გაიარა ის გზა, რასაც გავდივართ დედის მუცლიდან ყოველდღიურობამდე.
ყოველი ახალი სიცოცხლე დიდი სიხარულის წყარო უნდა იყოს, ის, რაც დაგვიდგინა უფალმა, პირნათლად უნდა შევასრულოთ, პირნათლად მოვიხადოთ ჩვენი ვალი, ჩვენ, ადამიანებმა, დედებმა და მამებმა - არასასურველი არ უნდა იყოს ახალი სიცოცხლე. უფალი იშვა ღვთისმშობლის სხეულიდან და ჩვენსავით იცხოვრა. მეტიც, ჯვარზე გაეკრა...
ნათელა (49 წლის): - უფლის შობა უდიდესი მაგალითია ღვთიური სიყვარულისა, ჩვენ კი... თუმცა რაღა ჩვენ, თავად ვარ უდიდესი ცოდვილი, შვილთა მკვლელი. ძალიან ახალგაზრდა გავთხოვდი. გვიჭირდა. პირველი შვილი რომ გავაჩინე, გოგონა, ისე გამიჭირდა მისი გაზრდა, ვთქვი, მორჩა, მეტი შვილი აღარ მინდა-მეთქი და მივყევი შვილთა კვლას. როცა გავიგებდი, რომ ჩემში ახალი სიცოცხლე ჩაისახა, სიცოცხლე არ მინდოდა, შვილი მამძიმებდა, სულს მიფორიაქებდა, შიში მთანგავდა. მერე, როცა ექიმმა მითხრა, შენთვის აბორტი აღარ შეიძლებაო, მეორე შვილიც გავაჩინე, მაგრამ უნდოდ, თითქოს მოძალადე იყო, კარგა ხანს მე, დედას, ხელში ვერ ამყავდა, თითქოს არც მიყვარდა. მხოლოდ გოგონაზე ვფიქრობდი - ამ ვაჟბატონის გამო ყურადღება მოაკლდება-მეთქი. ახლა რომ გამახსენდება ყოველივე, სირცხვილით ვიწვი. ქმარმაც შემამჩნია და მისაყვედურა, შენ ეს ბავშვი არ გიყვარს და იქნებ, სანამ გონს მოხვალ, დედაჩემთან გაგვეგზავნა სოფელშიო. ჭკუაში დამიჯდა, მაგრამ მერე გონს მოვედი, ალბათ უფლის ნება იყო... ერთხელ მძიმედ ავად გახდა, სიცხისაგან იწვოდა, ვხედავდი, როგორ ილეოდა მისი პატარა სხეული და როგორ უსიყვარულოდ მიდიოდა ამ ქვეყნიდან უდანაშაულო "დამნაშავე". ღამეები არ მეძინა, ექთანსა და ექიმს თავზე ვადექი, - არაფერი შეეშალოთ-მეთქი. ვიგრძენი, როგორ მოვიდა სიყვარული, როგორ ამევსო გული...
ახალგაზრდები, ხშირად სიზარმაცის და იმის გამოც, რომ საკუთარი ვალი ვერ გაუაზრებიათ, უარს ამბობენ დედობის სიხარულზე.
ალექსანდრე (45 წლის): - მე დედისერთა ვარ. ეს განაჩენია, რადგან ადამიანმა უნდა იცოდე დედმამიშვილის სიყვარული. ოთხი შვილი მყავს, მაგრამ როცა რაიმე გამიჭირდება, ახლობელს ვეძებ, ჩემს სისხლსა და ხორცს, რათა გული ამოვისკვნა, სათქმელი ვუთხრა მთავარ მესაიდუმლეს და ამით გავთავისუფლდე. ერთხელ, კარგა მოზრდილმა, დედაჩემს საყვედური ვკადრე - ყველას ჰყავს და-ძმა და მე რატომ გამწირეთ მარტოობისთვის-მეთქი. სევდიანად შემომხედა და მივხვდი, რაღაც დიდი საიდუმლო იმალებოდა ამ სევდის მიღმა. სიკვდილის წინ გამომიტყდა - უშვილო ვიყავი, შვილო, და გიშვილე, ამა და ამ გვარის ქალი არ შეირთო, შენს შვილებსაც ანდერძად დაუდე, რადგან მათი სისხლი და ხორცი ხარ, გაჭირვებულები იყვნენ და გაგაშვილესო. დიდხანს დავდიოდი გაოგნებული, მე არაფერი მაკლდა, ჩემი და-ძმა კი სიღატაკით იტანჯებოდა. დედაჩემიც რამდენჯერმე შორიდან შევათვალიერე, მასაც ის სევდა ჩასდგომოდა თვალებში, ჩემს გამზრდელს რომ ჰქონდა. ვერ ვაპატიე, ვერც და-ძმები შევითვისე და გავაგრძელე მარტოობისთვის განწირული კაცის გზა. მერე ცოლი შევირთე და შვილებიც გაგვიჩნდა. ჩემი ცოლი, სათნო და მოსიყვარულე ადამიანი, ჩუმად და უსიტყვოდ იტანს ამდენ ჯაფას, ისიც დედისერთაა და ამის გამო გულდაწყვეტილი. მეოთხეზე რომ იყო ფეხმძიმედ, ვუთხარი, თუ გინდა, ნუ გააჩენ, ცოდვა ხარ-მეთქი. ცოდვა მაშინ ვიქნები, შვილი სასიკვდილოდ რომ გავიმეტო, თუ სხვები გავაჩინე, ამას რა დანაშაული მიუძღვისო. შემრცხვა. ჩემს შვილებს ჩემნაირი ბავშვობა არ აქვთ, ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ ერთმანეთი ჰყავთ და უყვართ და გული სიხარულით მევსება.
მაკა (53 წლის): - ჩემს სტუდენტობაში უნივერსიტეტში გამოდიოდა ალმანახი "პირველი სხივი", სადაც დამწყები მწერლების ნაწარმოებები იბეჭდებოდა. აქედან ერთი ლექსი მთელმა ჩვენმა კურსმა, განსაკუთრებით გოგონებმა, ზეპირად ვიცოდით, ახლა არც ავტორი მახსოვს და არც ლექსი, მაგრამ ერთი სტროფი დამამახსოვრდა: "ელბაქიძეზე გოგონა მორბის და დედის კალთას სცილდება ანცად, ნეტავი დედა გავხდები როდის, როდის მეწვევა ამგვარი განცდა". ყველა ქალში დევს დედობის სურვილი, ყველა გოგონა ოცნებობს ამაზე, მაგრამ როცა სერიოზულ სიძნელეს წააწყდებიან, ანუ მიხვდებიან, რომ ცხოვრება, მით უფრო დედობა, თამაში არ არის, უკან იხევენ. არადა ყოველი "ახალი" შვილი ახალი სიხარულია, სიყვარული და სინათლე. ზოგიერთი ფიქრობს, რომ შვილის გაზრდა მხოლოდ ინგლისურზე სიარული და "მაკდონალდსში" წაყვანაა, არადა, ეს ყველაზე "მცირე საჩუქარია" შენი ნაშიერისთვის. შვილს დედამ უნდა შეაყვაროს სამშობლო, მისი ტკივილი შეაგრძნობინოს... ეს ოდითგანვე ქართველი დედის მისია იყო. ჩემმა შვილიშვილმა ერთხელ სიამაყით მითხრა, - ბებო, იცი, როკი რა კარგად მესმისო. ვკითხე, - ქართული ხალხური სიმღერები თუ გესმის-მეთქი, მაგრამ ვერაფერი მიპასუხა. ამაში ალბათ ჩვენ, ყველანი დამნაშავე ვართ. შვილის სული შენს ხელშია და შენ უნდა მოზილო მისგან "პური ჩვენი არსობისა". ეს ძნელია, მაგრამ უნდა შეძლო.
გიორგი (28 წლის): - ადამიანის ამქვეყნად გაჩენა ზეიმი უნდა იყოს. ის ფაქტი, რომ უფალი განკაცდა, არ გვაძლევს იმის ფიქრის უფლებასაც კი, რომ რომელიმე ჩვენგანმა უარი თქვას შვილზე. როცა ღმერთი შვილს გაძლევს ანუ განაყოფიერებს, ამაზე დიდი ჯილდო რა უნდა იყოს? მე რამდენი შვილის ყოლას ვაპირებ? - ალბათ იმდენის, რამდენსაც უფალი მომცემს. სიძნელე? - ჩვენი წინაპრები ამ პრინციპით ცხოვრობდნენ - ღმერთი თავის გაჩენილს კიდეც დაარჩენსო. ადამიანს, ღვთის გაჩენილს, უამრავი სიძნელე შეხვდება, გაჭირვებულსაც ბევრს ნახავს და ამის გამო უარი უნდა ვთქვათ სიცოცხლის გაგრძელებაზე? შვილი ჩვენი სხეულის ნაწილია, ჩვენი სიცოცხლის გაგრძელებაა და იგი კეთილი ფიქრების, სულის თანაზიარიც უნდა გავხადოთ. დღეს ხშირად გავიგონებთ, რომ შვილს მშობლებთან კონფლიქტი აქვს. ეს იმის ბრალია, რომ არ ვცნობთ ღვთითკურთხეულ კავშირს. დედ-მამის შეურაცხყოფით საკუთარ არსებობას უარვყოფთ, უარს ვამბობთ არა მხოლოდ წარსულზე, არამედ მომავალზეც.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი