შემოდგომის ერთ დღეს მეზობელმა მითხრა, - ახალი მეზობელი გვყავს, მეუფეო.
მაშინ ამ სიტყვის (მეუფე) მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი.
ტაძარში ახალი მისული ვიყავი. არაფერი ვიცოდი, ეპისკოპოსს მხოლოდ ტაძარში, წირვისას ვცნობდი, როდესაც ეზოში გამობრძანდებოდა, მორჩილისგანაც კი ვერ ვარჩევდი. ყოველთვის თავმდაბლად, დიდი სიყვარულით გვესალმებოდა ბავშვებს. გვიკვირდა, უცნობებს რატომ გვესალმებაო და ეჭვიანად, დაყოვნებით ვპასუხობდით. თუ ჩვენთან ახლოს გაჩერდებოდა, საუბარს ვწყვეტდით...
მაშინ მოძღვარი არ მყავდა. პირველად იმ წელს შევინახე დიდი მარხვა და რატომღაც გადავწყვიტე, ჩემი მოძღვარი აუცილებლად მეუფე ყოფილიყო.
ერთ საღამოს მეუფემ გაიარა და რატომღაც არ მოგვესალმა. ვიფიქრეთ, ალბათ მობეზრდა ჩვენი უზრდელობაო. მორიდებით გავაჩერე მეუფე და ვკითხე, აღსარებას თუ იბარებთ-მეთქი. მე აღსარებას არ ვიბარებ, მაგრამ ტაძარში არიან მოძღვრებიო... დამარიგა - როდის, როგორ უნდა მივსულიყავი მოძღვართან. დიდი მადლობა, მეუფეო-მეთქი. გაეღიმა - ასე ნუ მომმართავ, ღმერთი კი არა ვარო. არადა ვიცოდი, ყველა ასე მიმართავდა ეპისკოპოსს.
ტაძარში მისულ მე და ჩემს მეგობარს იმედი გაგვიცრუვდა. აღმოჩნდა, რომ ველაპარაკეთ არა მეუფეს, არამედ ვინმე მორჩილ გიორგის (ახლა უკვე მღვდელია). თავი ძლივს შევიკავე ტირილისგან.
გაიარა რამდენიმე წელმა... ახლა მყავს მოძღვარი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვბედავ მეუფესთან მისვლას (ახლა მეზობლები აღარ ვართ. მეუფე საეპისკოპოსო რეზიდენციაში გადაბრძანდა, მაგრამ საკათედრო ტაძარში ხშირად ვხვდები). შეიძლება იმიტომ, რომ მის მიმართ უდიდეს მოწიწებას იჩენენ, როცა ტაძარში არ არის, მის სახელს ფრთხილად, დიდი სიყვარულით ახსენებენ, მე ვეღარ ვბედავ გაკადნიერებას და მისვლას, მის შეწუხებას, თუნდაც მადლობის გადახდას.
მადლობა, მეუფეო, ჩვენი ეპარქიის სულიერი აღორძინებისათვის. თქვენი დიდი დამსახურებაა ის, რომ უამრავი ადამიანის ცხოვრების წესი გახდა ეკლესია, რომ ჩვენთვის მეორე სახლი ჩვენი ტაძარია და კვირადღე - დღესასწაული. უღრმესი მადლობა, მეუფეო, აღდგენილი და ახალაშენებული ტაძრებისთვის, მადლობა იმისათვის, რომ თქვენი ლოცვით არაერთხელ მივიღეთ საღმრთო მადლი, დიდი მადლობა თქვენი სამწყსოს მიმართ ქრისტესმიერი სიყვარულისთვის.
გისურვებთ დღეგრძელობას, უფლის შეწევნას.
ამინ!
მხევალი ღვთისა