მომიტევოს უფალმა და მომიტევეთ თქვენც, თუ რამე ისე ვერ ვთქვი, როგორც უნდა მეთქვა. ამ წერილის მოწერა მაშინ გადავწყვიტე, როცა ძალიან, ძალიან მომეწურა გული, ცრემლი მომადგა და მომინდა, ჩემი განცდები ფურცლისთვის მაინც გამენდო...
დიდი ხანი არ არის, რაც ეკლესიაში მოვედი. მას მერე ვნანობ და ვგლოვობ იმ წლებს, როცა უღმერთოდ ვცხოვრობდი.
ღმერთის არსებობის ყოველთვის მწამდა, მაგრამ ზედაპირულად, გაუაზრებლად. მერე მამა გაბრიელის შესახებ შევიტყვე, მისი საფლავი მოვინახულე, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გავეცანი და...
ღმერთო, მადლობელი ვარ ამისთვის!
გულით მინდოდა, სამთავროს მონასტრის მრევლი გავმხდარიყავი და ჩემი მოძღვარი მამა გაბრიელის ნაცნობი (მასთან ნასაუბრები მაინც) ყოფილიყო. ასეც მოხდა. დიდება შენდა, ღმერთო, დიდება!
მამა ლაზარე, ღმერთს ვთხოვ, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მოგცეთ თქვენი მრევლის საიმედოდ...
იოლი არ აღმოჩნდა უფლის გზით სიარული ჩემისთანა უვიცისთვის. მიჭირს. ზოგჯერ - რაიმე მიზეზით, უფრო მეტად კი უმიზეზოდ ვაცდენ წირვა-ლოცვას, მაგრამ ვიცი, ღმერთის შემწეობით და მამა ლაზარეს ლოცვით მყარად დავდგები ფეხზე. უფალს ასე ვევედრები: "რაკი იმ გზას დავადექი, რომელსაც შენამდე მოვყავარ, უკან აღარ დავიხევ. შემეწიე, უფალო, ძალა მომეცი, რომ მხნედ ვიარო და როცა წავიფორხილებ, ხელი შემაშველე, რომ უფსკრულში არ გადავიჩეხო"... და მუდამ ვგრძნობ მაცხოვრის შემწეობას, ღვთისმშობლის მფარველობას.
ღმერთო, ყველას შეეწიე, ვისაც შენამდე მოსვლა უნდა, გული და გონება გაუნათე მათ, ვინც ჯერ კიდევ ბნელშია!
ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ბევრი კეთილი საქმე გეკეთებინოთ (აკეთებთ კიდევაც!) ერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით მოუთმენლად ბევრი ელის ჟურნალის ყოველ ახალ ნომერს).
სიყვარულით ბელა
რამდენიმე წლის წინ შემთხვევით შევედი ეკლესიაში, პირველივე ხატთან სანთელი ავანთე, პირჯვარი გადავისახე და ის-ის იყო, გამოსვლას ვაპირებდი, რომ ვიღაცის სითბოთი აღსავსე ხმამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. უცებ კვერთხით ხელში ამბიონზე მდგომი, ღვთიური ნათლით გაბრწყინებული თეთრწვერა კაცი დავინახე, რომლის თვალები სიკეთეს, სითბოს, სიყვარულს ასხივებდა. საოცარი განცდა დამეუფლა. უსაზღვროდ მომინდა იქ ყოფნა და იმ კაცის მოსმენა.
სვეტს მიყრდნობილი გაფაციცებული ვუსმენდი. აღარაფერი მახსოვდა. მისი თითოეული სიტყვა სულის სიღრმემდე მწვდებოდა და ცოდვებში მამხელდა. მეგონა, მხოლოდ ჩემთვის ქადაგებდა. მეორე კვირასაც იმისთვის წავედი ეკლესიაში, რომ მისი ქადაგება მომესმინა.
ის კაცი ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი აღმოჩნდა...
წირვაზე მისული, რომ შევიტყობ, მეუფე მობრძანდება, სასოებით, სიყვარულით, სიხარულით ვივსები. როდესაც მლოცავს და თავზე ხელს მადებს, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულება. იმ ხელის სითბო და მადლი დიდხანს მომყვება...
მეუფე გრიგოლის ლოცვით და თაოსნობით არაერთი მადლიანი საქმე გაკეთდა ჩვენს ქალაქში. დაუღალავად ზრუნავს მრევლისთვის, ჩვენი ქალაქისა და სრულიად საქართველოსთვის. რამდენიმე ხნის წინ კი ახალგაზრდებმა მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით ფეხით მოვილოცეთ ფოთისა და ხობის ეპარქიაში არსებული ყველა სიწმინდე. ამ ექსპედიციამ თითოეულ ჩვენგანში მოახდინა სულიერი გარდატეხა, კიდევ უფრო შეგვაყვარა უფალი და დაგვაახლოვა წმინდა სამოციქულო ეკლესიას.
წრფელი მადლობა, მეუფეო, იმ ლამაზი დღეებისთვის, ახალგაზრდებს რომ გვაჩუქე! ღმერთმა დაგლოცოთ, დაგიფაროთ და გაგაძლიეროთ, უფლის შემწეობა და მეოხება არ მოგკლებოდეთ, დედა ღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი.
დიდი სიყვარულით და
პატივისცემით სალომე
პატივისცემით სალომე
ამ წერილის ავტორი ოცი წლის ჩვეულებრივი ბიჭია, ვისაც ტკივილმა და განსაცდელმა სინანული ასწავლა და ჭეშმარიტების გზა აპოვნინა. უცვლელად გთავაზობთ ტექსტს.
დედა მარიამი
სალამი, ოჯახო
დედ-მამა, როგორ ხართ? ხომ კარგად? თქვენი დარდი მაქვს. რატომღაც მგონია, ძალიან ნერვიულობთ და ეს აზრი უფრო მამძიმებს, ვიდრე იმაზე ფიქრი, რომ ციხეში ვარ. მინდა იცოდეთ, რომ ნორმალურად ვარ. არაფერი მიჭირს. კამერაში ოცი კაცი ვცხოვრობთ. ერთი ხუთი კაცი ვმარხულობთ. ამ პირობებში მარხვაზე ყოფნა, ცოტა არ იყოს, ჭირს, მაგრამ მარხვის დარღვევას არც ერთი არ ვაპირებთ. თქვენკენ რა ხდება? ბავშვი სკოლაში ხომ არ ზარმაცობს? ძალიან მენატრება. გუშინდელი დღესავით მახსოვს, გაკვეთილებს რომ სწავლობდა. ეკლესიაში ატარეთ, მამი, და ხშირად აზიარეთ.
გუშინ ძმაკაცმა მონათვლა მთხოვა, მაგარი კარგი ბიჭია. თუ გამაყოლეს ზონის პალასას, უეჭველად მოვნათლავ იქ. თუ ჩემი საქმე კეთილად დამთავრდა, ხომ კარგი, თუ არადა იქაც წავალ, არ დავიკარგები.
აფრიკას ჰგავს აქაუროა. ყველა ცხოველი ერთ შენობაში შემოყარეს და ამათ წამებას დასასრული არ უჩანს, მაგრამ ვიცი, ღმერთი ყველას შეგვიწყალებს - ტანჯულსაც და მტანჯველსაც. უფალი მოგვიტევებს ჩვენს განვლილ ცხოვრებას, უნებლიე თუ ნებსით ცოდვებს.
გკოცნით და გეფერებით ყველას. ძალიან მენატრებით და ბევრს ვფიქრობ თქვენზე. ჩემი მეორე და მესამე დედა მანანა და თამარი მომიკითხეთ დიდი სიყვარულით, რომ დავბრუნდები, მერე მე ვიცი, მანამდე კი ცოტას ვიფიქრებ, ვილოცებ და დავიძინებ. დავიღალე ძალიან... აქ დღისა და ღამის გარჩევა ძნელია.
დედიკო, იცი რა მაცოცხლებს აქ? - სამების ზარების ხმა. თითქოს ცხადლივ ვხედავ, როგორ მიიჩქარიან მორწმუნენი ტაძრისაკენ. მე კი... დიდი ხანია წმინდა ზიარება მენატრება. ესეც სასჯელია ალბათ ჩემი ცოდვებისთვის.
აქედან რომ გამოვალ, აბანოთუბანში "განვიბანები", აქაურ ზინზლს ჩამოვირეცხავ და მერე ჩემს საყვარელ ტაძარში მივეახლები წმინდა ხატებს. თქვენ მხოლოდ ამის შემდეგ გნახავთ.
ღმერთმა გადმოგვხედოს და შეგვიწყალოს ჩვენ ცოდვილნი, რამეთუ მართლა არ ვიცით, რას ჩავდივართ!!!
ბაჩი