რატომ მივედი ეკლესიაში
მინდა გიამბოთ, თუ რატომ მივედი ეკლესიაში. იქნებ ესეც გახდეს საგულისხმო მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაუდგამს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
ეკლესიაში განა მარტო იმიტომ დავდივართ, რომ პატივს ვცემთ წინაპრების დანატოვარს. მიზეზი ბევრად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს სიცოცხლეს ისეთი სენი სჭირს, რომლისგან მხოლოდ ეკლესია გვიხსნის. სიცოცხლის დასაწყისში ადამიანი მზრუნველ და მოსიყვარულე ფერადოვან გარემოცვაში ცხოვრობს. ასაკის მატებასთან ერთად ფერებიც ხუნდება, ახლობლების სიკვდილით იწვნევს სიკვდილის სიმწარეს და სიახლოვეს, სიცოცხლე ხალისს ჰკარგავს, მას ბედნიერება წარსულში დარჩა, სიკვდილის დრო მოსულია. ის ყოველთვის თან სდევდა, მაგრამ ვერ ამჩნევდა, ახლა კი პირისპირ უხდება მასთან შეხვედრა. გულს იმითღა იხარებს, რომ სიცოცხლე მის შვილთაშვილებში გრძელდება. მაგრამ ამ სიხარულს ჩრდილავს წუხილი - მათაც იგივე ელოდებათ, სიკვდილი გარდაუვალია. აი ესაა, რაცა გვჭირს, ჩვენს სიცოცხლეს სიკვდილი სჭირს, რომლისგანაც გამოგვიხსნის ჩვენი ეკლესია იესო ქრისტეს წყალობით. ეს არის უმთავრესი მიზეზი, რისთვისაც უნდა მივიდეთ ეკლესიაში.
ჩვენი თაობა უფლის ნებას არ ასრულებს, გამხეცებულები ვხოცავთ ერთმანეთს, ვატყუებთ, ვძარცვავთ ადამიანებსაც და ჩვენს გაღატაკებულ სამშობლოსაც. თვითონვე ვიმძიმებთ და გაუსაძლისს ვხდით ცხოვრებას. ამის მიუხედავად ღმერთს ჩვენი დასჯა კი არ სურს, არამედ გამოხსნა და მოგვიწოდებს: "მოვედით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო, ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ" (მათე 11,28). კიდევ იმისთვისაა საჭირო ეკლესიაში მისვლა, რომ შევასრულოთ უმთავრესი მცნება - "გიყვარდეს ღმერთი შენი..." ხოლო თუ ვინმე გიყვარს, მის სახლშიც უნდა გიყვარდეს მისვლა, მისი წერილების კითხვაც, და მისი ერთგულებაც უნდა შეგეძლოს...
კიდევ იმიტომ უნდა მივიდეთ იქ, რომ ყოველ კვირას მღვდელი ასრულებს უდიდეს საიდუმლოს, რომ გვაზიაროს უფლის სისხლსა და ხორცს, რათა გავხდეთ მისი ნაწილი, ეს არის ჩვენი გამოხსნის საიდუმლო, სიცოცხლის აზრი...
კიდევ იმიტომ... რომ დღეთა შორის ყველაზე დიდებული მაინც მეშვიდეა, ეს არის ზეიმის დღე, წირვის, ზიარების, ბრწყინვალე აღდგომის დღე. შვიდი დღიდან ექვსი ჩვენ მოგვცა უფალმა, მხოლოდ ერთი დაიტოვა თავისთვის. ჩვენ კი ეს დღეც გვენანება, არ გვემეტება შემოქმედისთვის.
ეკლესია არის ზნეობის სკოლა. ლამისაა წალეკოს დედამიწა უზნეობამ. ჩვენი სამშობლო ორი ათეული საუკუნე ეზიარებოდა მის სიბრძნეს და სწავლებას, ახლა აღდგენილია ის ჩატეხილი ხიდი და ჩვენს მოლოდინშია.
ზაური
ვინც ეძებს და ცდილობს, იგი აუცილებლად პოულობს და, შესაბამისად, სწავლობს, ხოლო სადაც სწავლაა, იქ კითხვებიც ჩნდება, რომლებიც ჭეშმარიტ ახსნასა და განმარტებას მოითხოვს.
სულიერი ცხოვრება სიზუსტის მოყვარული ღვთაებრივი მცნებაა, რომელსაც ერთი ჭეშმარიტი პასუხი აქვს - ცხონება.
მე არ ვიცოდი, რა იყო ცხონება, ლოცვა, მარხვა - რადგან კომუნისტური რეჟიმის დროს აღვიზარდე. დედაჩემი მორწმუნე იყო. ჩაგვკიდებდა ექვს ობოლს ხელს და მივყავდით ჩვენი სოფლის ტაძრის ნანგრევებზე სალოცავად - რა თქმა უნდა, ფარულად.
დედაჩემს როცა საკურთხის გაკეთება უნდოდა, გვეტყოდა, - დღეს არ გამაბრაზოთ, კარგ საჭმელს ვაკეთებო. შევციცინებდი დედას და ვეკითხებოდი, რას ნიშნავდა "კარგი საჭმელი".
დედაჩემი აკეთებდა და რიგრიგობით ალაგებდა სუფრაზე კერძებს. როცა ყველაფერს მორჩებოდა, აანთებდა სანთლებს და ბავშვებსაც ჩამოგვირიგებდა სანთელ-საკმეველს. ჩვენც მაგიდის ირგვლივ დავდიოდით, დედაჩემი ლოცვას წარმოთქვამდა და ჩვენც გვამეორებინებდა - ღმერთო, მიჰგვარე ჩვენს მკვდრებსო.
ერთ დღეს სოფელში საიდანღაც მღვდელი მოსულა და ჩუმად მოენათლა ჩემი და-ძმა. მე ნათესავთან ვიყავი სტუმრად და სამწუხაროდ, მოუნათლავი დავრჩი.
გავიზარდე, გავთხოვდი. ერთ დღეს დედამთილმა მითხრა (ისიც უაღრესად კეთილშობილი ქალი იყო), - მოინათლე, თორემ შენი გაკეთებული საკურთხი არ მომივაო. მოვინათლე და დღეს მეც მივყვები წინაპართა კვალს, დავდივარ ტაძარში, ვაკეთებ საჭიროებისამებრ საკურთხს და ვიხსენიებ გარდაცვლილ წინაპართ.
მერვე წელია, რაც ჩვენს სოფელში შემოვიდა "ნათელი ქრისტესი" ადგილობრივი ქველმოქმედის ედემ ბოცვაძის წყალობით. მან ააგო ტაძარი და გვასწავლა გზა. ღვთიური მადლითა და წყალობით აღსავსე მამა დავითმა (თოლორაია) უმძიმესი და უტკბესი ტვირთი იდო თავს, რათა ჭეშმარიტი რწმენა გაეღვიძებინა სოფელში.
2 აგვისტოს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღესასწაულზე (რომლის სახელზეა აშენებული ჩვენი ტაძარი), წირვა აღავლინა ხონისა და სამტრედიის მთავარეპისკოპოსმა საბამ (გიგიბერია). სადღესასწაულო წირვაზე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა დეკანოზი დავითი.
მრევლის სახელით ვულოცავთ და ვუსურვებთ ამ ჯილდოს ღირსეულად ტარებას. წმინდა მამათა განმარტებით, ქრისტიანობა შუქურას ჰგავს. ეკლესია შუქურაა, ქრისტე შუქურაა. მე კვლავ მღელვარე ზღვაში ვარ, მაგრამ უკვე შუქურას ვხედავ. იქამდე გრძელი და ძნელი გზაა. ახლა ვიცი, რომ რწმენის გარეშე შეუძლებელია შუქურამდე მიცურვა.
მეუფე ნაუმს უთქვამს, ჩვენმა ხალხმა ტყუილად როდი შეარქვა კაცის ცხოვრებას წუთისოფელი, რომელიც ერთი ოთახის ორ კარს შორისაა მოქცეული, ერთიდან შედიხარ, მეორიდან გადიხარ. კაცად კაცადმან ეს მცირე მანძილი ტალახიანი ფეხებით არ უნდა გაიარო, რომ ცუდი ნაკვალევი არ დატოვოო.
ვისწრაფოთ და ვიღვაწოთ, მთელი ძალით მივაღწიოთ ზეციურ ჩინებულების საზომს, სანამ ჯერ კიდევ არის ჟამი მუშაკობისა... უწმინდესისა და უნეტარესის სიტყვებით: მრავალი განსაცდელი გვინახავს ამ 2000 წლის მანძილზე. ერთი უძლეველი ძალა მუდამ იცავდა ქართველ ერს, ეს იყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. ეს იყო, არის და იქნება სულიერი საყრდენი, რომელიც ამთლიანებს ქართველ ერს. ის ჰგავს აბობოქრებულ ზღვაში მიმავალ საიდუმლო ხომალდს და ბედნიერია ის, ვინც არის ამ ეკლესიის წევრი - ამ ხომალდის მგზავრი.
თამარ თავაძე,
პედაგოგი
პედაგოგი