ანგელოზი ხალხში მოსაფერებელ-საალერსო სიტყვა, სიწმინდის, სათნოების, სილამაზის განსახიერებაა. სილამაზეში, უპირველესად, სახეზე დაფენილი ნათელი მოიაზრება, რომელიც უთუოდ სულის ანარეკლია.
ჩვილ ბავშვსაც ანგელოზს ადარებენ და როცა იცინის, ამბობენ, ანგელოზია და ანგელოზებს უცინისო. ამდენად, ხალხს უყვარს ანგელოზები და მათზე უამრავი ლექსი თუ სიმღერა შეუთხზავს.
თამარი (60 წლის): - ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ლექსი: "დავწვები, დამეძინება, სიზმარი დამესიზმრება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი ზედ თავთან დამესვენება". მერე წავიკითხე, რომ ეს ლექსი აკაკისთვისაც უსწავლებიათ. დედას უთქვამს, ეს ხალხურია, ახლა კი ნამდვილ ანგელოზებს შესთხოვე ჯანმრთელობა და ნიჭიერებაო. მთავარანგელოზი მართლაც ცხრაა, მაგრამ ჩვენ უფრო ხშირად მიქაელისა და გაბრიელის სახელები გვესმის. სწორედ გაბრიელმა ახარა მომავალ დედა ღვთისმშობელს, რომ ქვეყანას მისი წიაღიდან მოევლინებოდა მხსნელი. ასე დამკვიდრდა ხარების დღესასწაული. ნათლობის დროს მცველი გვევლინება და სიკვდილამდე ჩვენთან ერთად ივლის, კარგსაც ჩვენთან ერთად ეგებება და ავსაც. ერთხელ წავიკითხე, როცა დანაშაულს ვჩადით, მფარველი ანგელოზი ტირისო და ავტირდი ამხელა ქალი. არადა ალბათ რამდენჯერ მიწყენინებია მისთვის... განსაკუთრებით ბილწსიტყვაობა სწყინს თურმე და ამის შემდეგ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ თავისი თუ სხვისი დედის მაგინებლებს. ჩემდა სამარცხვინოდ, ვერ ვბედავ მათ მხილებას, თუმცა ვიცი, რისთვის არიან განწირულები. ახლა, როცა შემთხვევა მომეცა, ჟურნალის მეშვეობით, ყველას ვთხოვ, ნუ გავანაწყენებთ მზრუნველ მფარველ ანგელოზს, რადგან უმისოდ ეშმაკის ხლართებში გავეხვევით.
მათე (45 წლის): - ანგელოზები ჩვენი მეოხნი არიან და გარდაცვალებას გვიადვილებენ. თუკი ადამიანი სწორად იცხოვრებს, ზიარების მადლს შეიცნობს, საკუთარ თავს ჩაუღრმავდება და შეცდომებს მოინანიებს, მას ანგელოსთან შეხვედრისა არ უნდა ეშინოდეს. მფარველ ანგელოზს უნდა გავუფრთხილდეთ და ჩვენი ქცევითა და ღვთისმოშიშებით ვასიამოვნოთ, მას ხომ ვუყვარვართ და ყოველი განსაცდელისაგან გვიფარავს. ანგელოზებრივი ცხოვრება, მართალია, ერში მყოფებს გვიჭირს, მაგრამ შეუძლებელი არ არის, ჩვენი წინაპრებიც და ახლანდელი ბერებიც ხომ ცხოვრობენ ასე? სული ტკბილია და უნდა ვეცადოთ კეთილთა ბაძვა. ანგელოზები ყველაზე ახლოს დგანან უფალთან, ქერუბიმები და სერაფიმები ჩვენზე ზრუნავენ და თუკი არ გადავუხვევთ მართლმადიდებლური ცხოვრების გზას, ისინი ჩვენზე ილოცებენ.
დავითი (25 წლის): - დედა ადრე გარდამეცვალა, მამამ მეორე ოჯახი შექმნა, არ ვიცი, რატომ აიცრუა ჩემზე გული. მართალია, მაშინ პატარა ვიყავი და დედ-მამის ურთიერთობა არ მახსოვს, მაგრამ მეუბნებიან, დედაშენი მოსიყვარულე და ქმარ-შვილს გადაყოლილი ქალი იყოო. ბებია მზრდიდა. მას, მიუხედავად იმისა, რომ შვილი მოუკვდა და სიძეც ყურადღებას არ აქცევდა, არასოდეს შეუწყვეტია ლოცვა. უფალს და ღვთისმშობელს ჩემს თავს ავედრებდა. ჩვენი სახლის შესასვლელში მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ეკიდა და პირველ რიგში მასთან მივიდოდა და რაღაცას ელაპარაკებოდა. ხანდახან ცრემლი მოერეოდა და ვხვდებოდი, რომ ან დედაჩემს იხსენებდა, ან ჩემს თავს აბარებდა, ჩვენ ხომ არავინ გვყავდა. ერთხელ ვკითხე, ალბათ გაუცნობიერებლად - ბებო, ღმერთს ხომ შეეძლო, დედა დაეფარა და არ მოეკლა. შენ კი ასე გიყვარს ყველა-მეთქი. მკაცრად მითხრა: - შვილი ღვთისმშობელსაც მოუკლესო...
მარიამი (30 წლის): - მფარველი ანგელოზის თანადგომას ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი გრძნობს. ხაზს ვუსვამ მართლმადიდებელს, რადგან ჩემი აზრით, ვინც განუდგება ქრისტეს, იგი განუდგება მფარველ ანგელოზს და ზურგს აქცევს მას. როცა ლოცვაში არ გაქვს ასეთი სიტყვები: "წმინდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა...", აბა, რომელ რწმენასა და ჭეშმარიტებაზე შეიძლება ლაპარაკი?! ან თუნდაც "მოკითხვა მთავარანგელოზისა მიერ ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა" ლოცვას არ იტყვი, ხარ კი ქრისტიანი?! მრავალ სარწმუნოებას ვიცნობ, ისე, თეორიულად, მაგრამ ვერც ერთ მათგანში ჭეშმარიტების მარცვალი ვერ დავინახე, რაც მეტად ვიხედებოდი სხვათა "სარწმუნოებაში", მით მეტად ვრწმუნდებოდი მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაში.
ნიკოლოზი (26 წლის): - მართალია, დიდ მორწმუნედ არ მივიჩნევ თავს და არც ბევრი რამ მესმის ჩვენს სარწმუნოებაში, - ზოგჯერ ისეთ უვიცობას ვამჟღავნებ, რომ საკუთარი თავისა მიკვირს, - მაგრამ ის კი ვიცი, რომ ნათლობის შემდეგ მფარველი ანგელოზი გვიდგინდება და გვიცავს, გაჭირვების ჟამს გვამხნევებს. განსაკუთრებული სიყვარულით მიყვარს მთავარანგელოზი მიქაელი - იგი ჩემთვის უშიშარი რაინდია, რომელიც არა მარტო თითოეულ ჩვენგანს, არამედ სრულიად საქართველოს მფარველობს. რა თქმა უნდა, ცხრავე მთავარანგელოზი ჩვენი მეოხია და ვიცი, რომელი გაჭირვებისა და განსაცდელის დროს რომელს მივმართო. ჩვენ მათი მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით და არ გვაქვს უფლება, ვაწყენინოთ. უნებურად თუ ვაწყენინებთ? - ვფიქრობ, ბილწსიტყვაობა და საკუთარი დედის გინება უნებური დანაშაული არ არის და თუ ეს მაინც გვემართება, სული დაბინძურებული გვაქვს და მფარველი ანგელოზი წასულია ჩვენგან. უმისოდ კი ახალშობილზე უფრო უმწეონი ვართ...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი