გაიღვიძეო, გამუდმებით მოგვიწოდებს უფალი, მაგრამ ჩვენ, ცოდვილნი, მაძღარი და უზრუნველი ცხოვრების მოყვარულნი, დროდადრო თუ წამოვწევთ თავს, მოცალეობის ჟამს თუ დავესწრებით წირვა-ლოცვას...
როგორ შეიძლება, სულიერ ძილს მივეცეთ, როცა მღვიძარებაა ჩვენი გადარჩენის გზა?!
დავითი, 60 წლის: მორწმუნე მუდამ გაფაციცებული უნდა იყოს, რათა არაფერი შეეშალოს. სხვის გაჭირვებას ყურს უნდა ვუგდებდეთ, ვცდილობდეთ, მოყვასს ჭირი შევუმსუბუქოთ. როცა საკუთარ თავს ან სხვას მოდუნებას, სულიერი სიფხიზლის უქონლობას ვატყობ, გული მტკივა. ერთი მეგობარი მყავს. შესანიშნავი კაცია, ამქვეყნიური მადლით სავსე, მაგრამ ეკლესიისკენ არც კი იხედება. როცა ამაზე ჩამოვარდება სიტყვა, ამბობს, ღმერთი როგორ არ მწამს, მღვდელმსახურთა დიდი კრძალვაც მაქვს, მაგრამ წირვა-ლოცვაზე დგომას და ზიარება-აღსარებას, ასე მგონია, ვერ შევძლებო. კაცი როგორ ვერ უნდა ხვდებოდეს, სად არის ცხოვრების აზრი?
ამას წინათ პატრიარქის რამდენიმე წლის წინანდელი მიმართვა წავიკითხე. ყველას გვთხოვს, ვუპატრონოთ პატიმრებს, დავეხმაროთ გაჭირვებულებსა და ქვრივ-ობლებს. ახსოვს ეს ვინმეს? რამდენი გაჭირვებულია ჩვენს ირგვლივ... არ მინდა, განკითხვის ცოდვაში ჩავვარდე, მაგრამ ნუთუ მდიდრებს არ აწუხებთ უსასოოდ დარჩენილი მოხუცებისა და პატარების ბედი? შეიძლება, ამოდენა ქონების პატრონი მშვიდად უყურებდე, როგორ იყინება მშიერ-მწყურვალი შენი თვისტომი?
ბავშვობაში "თინას ლეკურს" რომ მიკითხავდნენ, ლამის გული დამფლეთოდა.... მეგონა, ეს ყველაფერი მწერალმა მოიგონა, დაწმუნებული ვიყავი, ქართველი ასე არასგზით არ მოიქცეოდა, არადა, როგორც ჩანს, სიმდიდრე ყველასთვის ერთნაირი მახეა... კი ვიტყვი ხოლმე, ამდენი და ამდენი რომ მომცა, ასე და ასე ვიზამდი-მეთქი, მაგრამ ადამიანი ადამიანია და ალბათ ჩემს სინდისსაც მიეძინებოდა სიმდიდრის კალთებქვეშ.
თამარი, 59 წლის: მღვიძარება დღეს ალბათ ისეა საჭირო, როგორც არასდროს. საიდან რომელი დემონი მოგეპარება, ვერ გაიგებ. პირადად მე ერთ ცოდვას დავაღწევ თავს და მეორე შემომიტევს. არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ ამ დროს ძალიან მეხმარება, - რა თქმა უნდა, ეკლესიასთან ერთად, - წინაპართა მაგალითი. ცოტა ხნის წინ სასოწარკვეთილებამ და ურწმუნოებამ დამრია ხელი. ადრე თუ ეკლესიისკენ სიხარულით მივისწრაფოდი, მერე და მერე ჩემს თავს შევატყვე, რომ მეზარებოდა წასვლა, შინ საქმიანობა მერჩივნა. სახლში კი საქმეს რა გამოლევს... ჰოდა, ბოლოს სულაც დავანებე თავი ტაძარში სიარულს. გულგრილად ჩავუვლიდი ხოლმე ეკლესიას. ვატყობდი, როგორ მომაკლდა სათნოება. ავი აზრებიც მომეძალა. მივხვდი, როგორ ჩამეძინა ღრმა ძილით და როგორ მოიმუშაკა ჩემი სული ბოროტმა. ცხონებული ბაბუაჩემი იტყოდა ხოლმე კომუნისტებზე: რაღა ჩვენი წყევლა უნდათ მაგ ღვთის პირიდან გადავარდნილებს, თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ; იქ რომ მივლენ, მაშინ მიხვდებიან თავიანთ ცოდვას, მაგრამ რაღა დროსო... გამოვფხიზლდი და უმალვე ეკლესიას მივაშურე. უფალს არ სურს ჩვენი დაკარგვა, ჩვენ თვითონ გავურბივართ მას.
სოსო, 40 წლის: ურჯულოებასა და უსინდისობას შორის ერთი ნაბიჯია. ამაზე ხშირად მიდავია მეგობრებთან. ჩვენ თუ ეკლესიაში არ დავდივართ, როგორ, სხვებზე ნაკლები კაცები ვართო?! სინდის-ნამუსი, მოკრძალება, სათნოება ეკლესიურ ცხოვრებასთან ერთად მოდის. ეკლესია გაფხიზლებს, სულს გიღვიძებს, სინდისს. სხვაზე რა ვთქვა, ჩემივე ცხოვრებიდან მოგიყვანთ ერთ მაგალითს: ახალგაზრდა დავქორწინდი, მშობლებს არ დავუჯერე და ჩემი გავიტანე, თუმცა არ მესმოდა, რა იყო ოჯახი. ბევრჯერ ვატკინე გული ჩემს მეუღლეს, რომელიც თვითონაც ბავშვი იყო. მალე დავშორდით კიდეც და მთელი ხუთი წელიწადი არც კი მიკითხავს ჩემი ცოლ-შვილის ამბავი. უმშვენიერესი გოგონა გვყავდა, მაგრამ ჩემს სულში მისი ადგილი არ აღმოჩნდა, ვერც კი ვგრძნობდი, რომ მამა ვიყავი. ბავშვს ათასი რამ სჭირდება, - მეუღლის მშობლები აგვარებდნენ ყველაფერს. ვმუშაობდი და ხელფასიც არ მქონდა ურიგო, მაგრამ შინ თითქმის არაფერი მიმქონდა, ჩემს მოხუც მშობლებს კი თავისთვის რა ჰქონდათ, ჩემი შვილისთვის რა უნდა მიეტანათ... ვერც აქეთ მოჰყავდათ სირცხვილით. ერთხელ ნაბახუსევზე შინიდან ისეთ გუნებაზე გამოვედი, არავის დანახვა არ მინდოდა. ერთი პატარა გოგონა დედას ჩამორჩა, ჩემთან მოვიდა, თვალები შემომანათა და დამწუხრებულმა მკითხა: მოწყენილი ხარ? თითქოს თვალი ამეხილა... ჩემი გოგონა გამახსენდა. იმავე საღამოს დავურეკე ჩემს ცოლყოფილს და პატიება ვთხოვე. მაშინვე არ გაუცია პასუხი, მაგრამ ნელ-ნელა მივედით იმ დასკვნამდე, რომ შვილისთვისაც და ერთმანეთისთვისაც საჭირო ვიყავით. ახლა სამი შვილი გვყავს და ჩემი ჩაძინებული სინდისიც თანდათან იღვიძებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი