უფალი ყველას შემწეა და როცა არაღვთიური სასოწარკვეთა შემოგვიტევს, უფალს ვევედროთ, გაგვათავისუფლოს ამ ვნებისაგან, რადგან სასოწარკვეთას ადამიანი უფლის უარყოფამდე მიჰყავს.
მანანა (54 წლის): - ხალისიანი გოგონა ვიყავი. სიყვარულით გავთხოვდი, შვილებიც ლამაზები და ჭკვიანები მყავდა. მე და ჩემს მეუღლესაც ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მერე სამსახურში დააწინაურეს, ფულიც იშოვა და... დაიწყო ჯოჯოხეთი. ის დრო მენატრებოდა, როცა პურის ფული მიჭირდა. კი ვხვდებოდი, რომ სიმდიდრე ყოველთვის არ იყო ბედნიერება, მაგრამ რას უნდა გავმხდარიყავი! ხანდახან გაქცევით ვშველოდი თავს - დედ-მამასთან სოფელში წავიდოდი შვილებიანად, მერე ისევ ვბრუნდებოდი იმედით, რომ რაღაც შეიცვლებოდა. საშველი არ ჩანდა. ნელ-ნელა სიხარული გაქრა, არც შვილების წარმატებები მიხაროდა. ექიმები თავს დამახვია ქმარმა - ეტყობა, ვერ ხვდებოდა, როგორ მიმწარებდა სიცოცხლეს... ოჯახში უფლისმიერი სიხარული და სასოება ვერ დავამკვიდრე, დაბრკოლებებს ვერ მოვერიე. ეშმაკის ნებას მინდობილს ექიმებიც ვერაფერს მშველოდნენ. ვიცოდი, ჩემი ღვთისმოსავი მეზობელი ჩემზე ლოცულობდა, მაგრამ ესეც არაფრად მიმაჩნდა. ხანდახან შემომაპარებდა ხოლმე, - ჩემს მოძღვართან მიგიყვან და გაზიარებს, უდიდესი ძალა აქვს და შენი სენიც უკან დაიხევსო, მაგრამ არაფრის გაგონება არ მსურდა, თავის მოკვლის სურვილიც მეძალებოდა, თუმცა მახსოვდა, რომ ეს დიდი ცოდვა იყო და თან შვილები მეცოდებოდა. მერე იეღოველებმა მომაკითხეს, მაგრამ მათი ვერაფერი გავიგე და სახლიდან გავყარე. ასე ტანჯვა-წამებაში ჩაიარა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულმა. ვერ ვიგრძენი მისი მადლი და მივხვდი, როგორ ჩავეფალი ლაფში. თითქოს წყვდიადიდან გამოანათა უფალმა და როგორც იქნა, მივაღწიე ეკლესიას. მესმოდა გალობა და თითქოს უფლისაკენ ხელგაშლილი მივდიოდი. ეს ჩემს წარმოსახვაში იყო, მაგრამ ეს იყო უფლისმიერი წარმოსახვა. გულში ჩამიკრა და გამათბო. სული დამშვიდდა, რადგან მოვიდა იმედი, თუმცა ბრძოლა ვიგრძენი, სულიერმა ძვრამ შემაქანა. ასე იყო დიდხანს, მაგრამ რაც უფრო მივეკედლე უფალს და ღვთისმშობელს, მით უფრო მომიახლოვდა გათავისუფლების იმედი. მერე ვტიროდი და სადღაც ამოკითხულ სიტყვებს ვიმეორებდი - ასეთი ტანჯვის გზა უნდა გამევლო, უფალო, რომ შენამდე მოვსულიყავი? არადა რა ახლოს ვიდექი წარწყმედასთან!..
ციცინო (60 წლის): - ტკბილი ოჯახი გვქონდა, სიყვარულით ვზრდიდით სამ გოგონას. მატერიალურადაც არ გვიჭირდა, მშობლების დანატოვარს არაფერს ვაკლებდით, პირიქით, ბევრი რამ შევმატე ოჯახს... შუათანა გოგონას მისმა თანაკლასელმა დაადგა თვალი. ის ბიჭი არც გარეგნობით მომწონდა და არც ოჯახიშვილობით, მაგრამ ვატყობდი, ჩემს შვილს უყვარდა და ეს მაგიჟებდა - გარეთ არ ვუშვებდი. მაინც მოახერხა და გაიპარა. დავედევნეთ და დავაბრუნეთ. ჩემი სახლი ბერნარდა ალბას სახლს დაემსგავსა და არც მე ჩამოვრჩებოდი იმ ქალბატონს სისასტიკეში. ერთ დღეს გამომიცხადა, - აღარ მიყვარს და არც გავყვები, ახლა სხვა ვინმე გავიცანი ტელეფონით, შეხვედრა მთხოვა და თუ მომეწონება, შენც დაისვენებ და მეცო. სიხარულით დავთანხმდი... კარგად გამოიპრანჭა და წავიდა. მთელი დღე გზას გავყურებდი, შიშმა შემიპყრო, იქვე ხატების კუთხე მქონდა, მაგრამ ვერც სალოცავად მივდიოდი. ამასობაში დაღამდა, მეუღლეც დაბრუნდა და ქვეყანა შევყარეთ. რას ვიპოვიდით... ასე გამეპარა მეორედ... ჩემი განვლილი გზა, ოჯახი, შვილების გაზრდა - ყველაფერი, რაც განვიცადე, რაც მიხაროდა და მწყინდა, არარაობად იქცა, სიცოცხლე არ მინდოდა.. ასე გაგრძელდა დიდხანს... მნახველებს ოთახში არ ვუშვებდი. ერთი მეზობელი მყავს, უფრო სწორად, სულიერი და, ერთ მრევლში ვართ. მთხოვა, ერთ სიტყვას გეტყვი და მომისმინეო. დიდხანს მესაუბრა, ხან ვუსმენდი, ხან არა. მერე ვთხოვე, მონასტერში წავალ, აღვიკვეცები-მეთქი. მიპასუხა, - მე შენი მოძღვარი არ ვარ და ვერაფერს გირჩევ. მოძღვარს ჰკითხე, თავს ნუ იღუპავ, იქნებ სულიერი სიმშვიდე დაგიბრუნდეს, შვილსაც ნუ ჩააგდებ განსაცდელში და სიხარულს ნუ წაართმევო. მეორე დილას ვილოცე, დავმშვიდდი... ჩემს შვილს ბედნიერი ოჯახი აქვს და შესანიშნავი ქმარ-შვილი ჰყავს, ჩემი სიძულვილი კი გზას უღობავდა ბედნიერებისაკენ. ადამიანი ნებისმიერ განსაცდელს სასოებით უნდა შეხვდე, უნდა მიხვდე, რომ უფალს შენთვის სიკეთე სურს.
გიორგი (58 წლის): - სასოება და იმედი ყოველთვის გვიან მტოვებდა ხოლმე. საქართველოს იმ უმძიმეს წლებშიც არ დამიყრია ფარ-ხმალი. ეტყობა, ასაკმაც მიწია და გაჭირვებამაც. წელებზე ფეხს ვიდგამდი, მაგრამ ოჯახს ვერ ვარჩენდი და სმას მივეძალე. ამასობაში შვილი წამივიდა ხელიდან - აჰყვა ყოჩებს და ციხეში ამოყო თავი. მაშინ დამრია მწუხარებამ ხელი, ვაანალიზებდი ჩემს ცხოვრებას და ვერაფერს ვპოულობდი ისეთს, რისთვისაც ეს სასჯელი მერგო. გვიან მივხვდი - ჩემი ამპარტავნობის შედეგი იყო. ჩემი მეუღლე გამუდმებით ლოცვა-ვედრებაში იყო. ერთხელ მოვკარი ყური - ჩემი ურჯულობის ბრალია ყველაფერი და მე მაპატიე შვილიო, - ამბობდა. თავი ვერ შევიკავე და ვკითხე, რა ურჯულოებაზე დარდობ-მეთქი. ყველანი ცოდვილები ვართ და ამიტომაც მოგვევლინება განსაცდელი. ყოველ წუთს ჩავდივართ ცოდვას ფიქრით, გულისთქმით და ამით უფალმა გამოცდა მოგვიწყო, გამოსაფხიზლებელი დრო მოგვცაო. მივხვდი, ჩემი ოპტიმიზმი ერისკაცის ოპტიმიზმი იყო და არა უფლის მსასოებლისა. ვერ გეტყვით, უცებ გამოვფხიზლდი-მეთქი, მაგრამ ერთმა შემთხვევამ კი მომიყვანა გონს: ჩემს მეზობელს შვილი გარდაეცვალა. დასაფლავებაზე მივედი. მისმა სულიერმა სიმშვიდემ გამაოცა. ერთი კვირის თავზე სადღაც მიიჩქაროდა. სად მიბრძანდებით, ქალბატონო ნინო-მეთქი, ვკითხე. ეკლესიაში, იქ ჩემნაირი დედები ვიკრიბებით და ვლოცულობთ, ჩემს შვილს დედის ლოცვა დიდად წაადგებაო. გული გამიჩერდა... მე, ცოცხალი შვილის მამა, ვგლოვობდი, ის კი იმედით მიისწრაფოდა მიცვალებული შვილის საშველად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი