"კარიბჭის" რედაქციას
დიდი ხანია მინდოდა მომეწერა თქვენთვის, მაგრამ ვერ ვახერხებდი. შეიძლება, ახლა უფალმა ინება და, ალბათ, არც შემთხვევითია - დღეს ჩემი შვილი ერთი წლის გახდა.
უფლისა ბავშვობიდან მწამდა, მაგრამ მისი საიდუმლოებები არ ვიცოდი. მათ გაცნობაში დამეხმარა ზაზა ბერიძე, ახლა - ბერი ზენონი, მოძღვარიც მან შემირჩია - ქუთაისის ხარების ტაძრის დეკანოზი ბესარიონი (ხვისტანი). ბედნიერი ვარ, რომ მისი სულიერი შვილი გავხდი.
მე და ჩემს მეუღლეს დიდხანს არ გვყავდა შვილი, მეთორმეტე წელსღა შეგვეძინა. უფლისთვის შეუძლებელი არაფერია - მან ხომ ასი წლის აბრაამს და სარას მისცა ძე... ჩვენს ვაჟს ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელი დავარქვით.
მინდა მივმართო ყველა ქალს, ვისაც შვილი არ ჰყავს: ნუ წარიკვეთთ სასოს - ეს სულმოკლეობაა, სულმოკლე კი ვერ მივა უფალთან. ვთხოვ ყველა დედას, ვისზეც დამოკიდებულია შვილის აღზრდა და პიროვნებად ჩამოყალიბება: თუ ბავშვი ღვთის სიტყვით გაიზრდება, თუ სახარება იქნება მისი დედაენა, ის აუცილებლად კარგი ადამიანი დადგება. ღვთის სიტყვას აბობოქრებული ზღვა დაუწყნარებია, კეთროვნები და ბრმები განუკურნავს, მკვდრები აღუდგენია და თქვენი შვილის გულს არ შეეხება?! და თუ მოხდა ისე, რომ ბავშვი არ გაჩნდა, ესეც უსისხლო შესაწირავად ჩათვალეთ ღვთის წინაშე - უფალმა ხომ ჩვენთვის გაწირა თავისი საყვარელი ძე.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. უფალს ებარებოდეთ!
მადლობა ჩვენს მოძღვარს, მამა დავითს
თითოეული ადამიანისთვის რთულია ამქვეყნიური ცხოვრება, მრავალი განსაცდელის წინაშე გვაყენებს უფალი, ჩვენ კი ყოველივეს სხვადასხვანაირად აღვიქვამთ.სწორედ ასეთი განსაცდელის დროს დაუშვა უფალმა ჩვენს სოფელ მანავში ერთ-ერთი ქველმოქმედის ხელით წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის აშენება. ბევრს გვჭირდებოდა სულის გადარჩენა, რათა ამ გაჭირვების ჟამს ადვილად გავმკლავებოდით ცდუნებებს. მამა დავითის მამობრივმა, სიყვარულითა და ღვთის შიშით გაჯერებულმა საუბარმა და რწმენამ შეძლო გაემრთელებინა ის გაწყვეტილი უხილავი ძაფი, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს. მან გვასწავლა გზა უფლის სიყვარულისა, რწმენისა, სათნოებისა და მოთმინებისა.
მამა დავითმა გვასწავლა, რომ მხოლოდ უფალს შეუძლია მიანიჭოს ადამიანს ბედნიერება, რომ ის არასოდეს მიგვატოვებს, თუკი ჩვენი გული მისდამი სიყვარულითა და სათნოებით იქნება აღვსილი.
მადლობა უფალს, მადლობა ეკლესიის აღმშენებელს, მადლობა ჩვენს საყვარელ მოძღვარს მამა დავით ბურდულს - არაჩვეულებრივ პიროვნებას, რომელთან საუბრის შემდეგაც თითქოს ყოველგვარი საზრუნავისგან თავისუფლდები. მისი თბილი რჩევა-დარიგება თითოეულ მის სულიერ შვილს ტკივილსა და ტვირთს უმსუბუქებს, ყველასთვის სამაგალითოა მისი ღვთის სათნო საქმიანობა. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ერს მამა დავითის მსგავსი სასულიერო პირები!
საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავის წმინდა ნიკოლოზის
სახელობის ტაძრის მრევლის სახელით
ნანა ჩობალაური, ზურა ფეიქრიშვილი
სახელობის ტაძრის მრევლის სახელით
ნანა ჩობალაური, ზურა ფეიქრიშვილი
ქრისტეს სახელით
საყვარელო უფლის შვილებო! მაცხოვარი იმისთვის მოევლინა ამ ქვეყანას, რომ ადამიანის ცოდვები ეტვირთა, ამისათვის მრავალი ტანჯვა-წამება გაიარა და ბოლოს გოლგოთაზე თავისივე ხელით ატანილ ჯვარზე აცვეს... ასე იყო ქართველი ერიც. ქრისტიანობის მიღების დღიდანვე მან ერთხელაც არ უღალატა თავის სარწმუნოებას. მრავალჯერ შემოსევია მტერი, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არ მიატოვა თავისი წილხვედრი ქვეყანა... ხოლო როდესაც ურწმუნოება გავრცელდა, უფალმა ჩვენმა განსაცდელი მოუვლინა ქართველ ერს და საქართველომ დაკარგა დალოცვილი მიწები: სამაჩაბლო და აფხაზეთი. ამით უფალმა დიდი წყალობა გამოიჩინა ქართველი ერისადმი - კი არ დაივიწყა, პირიქით, ეშმაკის ხელიდან იხსნა იგი. განსაცდელში ჩავარდნილმა ადამიანებმა კვლავ ეკლესიაში შედგეს ფეხი, სადაც მათ უფალი ელოდა.ძმებო და დებო, ქრისტეს სახელით ავიღოთ ჯვარი და ავიტანოთ გოლგოთაზე, სადაც უფალია.
პატივისცემით ლევან ვერულავა,
თბილისი
თბილისი