ჯვარი ქრისტიანთა ცხოვრების სიმბოლოა, ჯვარი რწმენის სათავეა, მეტიც, იგი იცავს და იფარავს მას, ვინც რწმენით მიუახლოვდება.
თინათინი (35 წლის): - ურწმუნოებამ და ჯვრის უარყოფამ ისე გაიდგა ფესვი ჩვენი მშობლების თაობაში, რომ ხშირად სახლის დედოკარზე ნალები იყო მიმაგრებული - თავს ავი თვალისგან "იცავდნენ". მე წყნეთელი ვარ, სადაც მართლმადიდებლობა და მონოფიზიტობა ერთმანეთში ისე იყო არეული, გაუთვითცნობიერებელი ხალხი მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავდა. შავგულიძეების ოჯახი მტკიცედ იცავდა წინაპართა რჯულს და შესასვლელში ჯვარი ჰქონდათ გაკრული. ამის გამო მეზობლებთან ხშირად მოსდიოდათ კამათი. პატარა ვიყავი, როცა იმ ოჯახის დიასახლისისა და დედაჩემის კამათს შევესწარი. დეიდა ეკატერინე დედაჩემს უხსნიდა, რა იყო ჯვარი საქართველოსათვის და რატომ იყო მარხვა და პირჯვრის ხშირად გადაწერა საჭირო. მისი სიტყვები ამეკვიატა და ძილის წინ სულ ამაზე ვფიქრობდი. სტუდენტობის დროს მარხვა გადავწყვიტე, მაგრამ ვერ შევძელი. თავს ვიმართლებდი, რა ვქნა, ახალი წელია და სხვები რომ ჭამენ, მე რა დავაშავე-მეთქი. სინდისი მქენჯნიდა და დიდი მარხვის დაცვა გადავწყვიტე. დიდი წვალებით გავედი ბოლოში, ნებისყოფამ რამდენჯერმე მიმტყუნა და კინაღამ დავარღვიე. მოძღვარი უკვე მყავდა და მამხნევებდა. აღდგომის ღამეს ვეზიარე. შინ რომ მივედი, შუქი ჩავაქრე და დასაწოლად მოვემზადე. კედელს ჩემდა უნებურად შევხედე და საოცარი რამ დავინახე - განათებული ჯვარი იყო გამოსახული. მის წინ დავეცი და უფალს მადლობა შევწირე, რომ მე, უღირსს, ასეთი მადლი მომაგო ჩემი უმნიშვნელო ღვაწლისათვის.
გურამი (53 წლის): - გაჭირვებამ ამ რამდენიმე წლის წინ თურქეთში წამიყვანა. ვიყიდე თეთრეული, ათასნაირი ხარახურა და ტრაპიზონს მივაშურე. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ თურქეთში ასეთ რამეებს გასავალი ჰქონდა. ვიფიქრე, გავყიდი, ფულს დავაგროვებ და ცოტა ხანს, სანამ სამუშაოს ვიშოვი, თავს ვირჩენ-მეთქი. იქ ერთი თურქი შემომიჩნდა, - ჩემთან წამოდი, ყველაფერს დავათვალიერებ, რაც მომეწონება, დავიტოვებ, დანარჩენს სარფიანად გაგაყიდინებო. ღამის გასათევი არ მქონდა და დავეთანხმე, თუმცა ცოტათი კი მეშინოდა. პატარა, ღარიბულ სახლ-კარს მივადექით. ხნიერი მამაკაცი და ქალი გამომეგებნენ და ისე მიმიპატიჟეს, იმერეთში მეგონა თავი. ეზო შევათვალიერე, ჩვენებური ნალია მომხვდა თვალში. საქართველოს ისტორია კარგად ვიცოდი და ისიც, რომ აქ უძველესი საქართველო იყო, მაგრამ ამის თქმას როგორ გავბედავდი. უხმოდ შევყევი სახლში. სუფრა გამიშალეს და დიასახლისმა მანიშნა, ხელ-პირს დაგაბანინებო. ცხელოდა და მაისური მქონდა შეხსნილი. გულზე ჯვარი მეკიდა, მაგრამ მისი გამოჩენის მეშინოდა და დამალული მქონდა. ნენემ (როგორც შემდეგ ვეძახდი) თვალი მოჰკრა და მანიშნა, - რა არისო. ვაჩვენე. დააკვირდა. მერე ხელი მომკიდა და სუფრასთან მიმიყვანა, მჭადზე დამახედა - ჯვარი იყო გამოსახული. ყველანი აცრემლებულები ვიდექით... ლაზები იყვნენ, უძველესი ქრისტიანები, სამშობლო და რჯულდაკარგული ქართველები. იმ ოჯახში დიდხანს ვიცხოვრე, ისე მივლიდნენ ნენე და ბაბა, როგორც ღვიძლ შვილს. ახლაც ვმეგობრობ მათ შვილთან, რომელსაც არაქრისტიანული სახელი მუსტაფა ჰქვია, მაგრამ ახლა კარგად იცის, ვინ იყვნენ მისი წინაპრები.
მარინე (53 წლის): - ჩემი მამამთილი ცნობილი მეცნიერი იყო, ისტორიკოსი, თავის მიწა-წყალზე უზომოდ შეყვარებული კაცი. განათლება იტალიასა და საფრანგეთში მიეღო, იქიდან კი ერთ-ერთ არაბულ ქვეყანაში გაჰყოლია უმდიდრეს კაცს, რომელსაც ისე შეჰყვარებია, უთქვამს, უშვილო ვარ და მთელ ქონებას შენ დაგიტოვებ მემკვიდრეობითო. მხოლოდ 5 წელი გაძლო იმ ფუფუნებაში ფეხშიშველა გაზრდილმა კაცმა. მუშაობდა, სწავლობდა, არაფერი აკლდა, მაგრამ... სულ გალობა მესმოდა და ყოველი გუმბათის თავზე ჯვარი მელანდებოდაო, - უთქვამს დაბრუნებულს. აქ, გურიაში, მის დედ-მამას ერთი ფიცრული ედგა, მაგრამ მიატოვა ის სასახლე და შინ დაბრუნდა. თვალცრემლიან მამობილს უთქვამს, - ვერ დაგიშლი, რადგან ქართველი ხარ, ქართველი კი უსამშობლოდ მოკვდებაო. აქ ჩამოსულს ბოლშევიკებმა დედ-მამის ნახვა არ აცალეს და ათი წლით ციხეში უკრეს თავი. დიდხანს იცოცხლა. ერთადერთი საყვედური დასცდებოდა ხოლმე - უჯვრო და უღმერთო ქვეყნიდან ჩამოვედი და აქაც უჯვრობა და უღმერთობა დამხვდაო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი